ნეტგაზეთი | მარჩილი – პირველი რესპუბლიკის ვალუტის დაუსრულებელი ამბავი მარჩილი – პირველი რესპუბლიკის ვალუტის დაუსრულებელი ამბავი – Netgazeti

მარჩილი – პირველი რესპუბლიკის ვალუტის დაუსრულებელი ამბავი

ისტორიის წიგნების იმ თავებში, რომლებიც საქართველოს პირველ რესპუბლიკას (1918-21 წწ.) ეხება, ვხვდებით ცნობებს იმჟამინდელი დროებითი ფულის, იგივე ბონის შესახებ, რომელიც სხვა დეტალებთან ერთად, თავისი დიზაინით იქცევს ყურადღებას. თუმცა ეს არასდროს ყოფილა რესპუბლიკის ეროვნული ვალუტა. ის მხოლოდ დროებითი ერთეული იყო.

მთავრობა ბონის ემისიის შეწყვეტას სრულფასოვანი ეროვნული ვალუტის შემოღებამდე გეგმავდა. საბოლოოდ, პროექტი საბჭოთა ანექსიამ შეაჩერა, თუმცა მაინც შემოგვრჩა მცირე ინფორმაცია და ვიზუალური მასალა იმაზე, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო რესპუბლიკის ვალუტამარჩილი, დამოუკიდებლობის შენარჩუნების შემთხვევაში.

ეროვნული ვალუტის პირველი ესკიზის შექმნამდე ფულის სისტემამ ქვეყანაში 2-წლიანი რთული გზა გაიარა. იყო ფინანსური პრობლემები, საბანკო სისტემა გამართვას საჭიროებდა, ყოველივე ამას კი პირველი მსოფლიო ომის თანმდევი რთული პროცესები ემატებოდა. ამ პირობებში, რუსეთის იმპერიის დაშლის შემდგომ, ამოქმედებულმა ამიერკავკასიის დროებითმა მთავრობამ თავისი დროებითი ფული გამოუშვა.

ამიერკავკასიის კომისარიატის დროებითი ფულის ნიშანი [დაცულია კერძო კოლექციაში]

ამიერკავკასიის კომისარიატის დროებითი ფულის ნიშანი [დაცულია კერძო კოლექციაში]

ეს იყო სამი სახელმწიფოს ერთი ფულიამიერკავკასიის, აზერბაიჯანისა და საქართველოსი. ფულის დამზადება ხდებოდა თბილისში. უწყება, სადაც ქართული ფული და სხვა ფასიანი ქაღალდები მზადდებოდა, მდებარეობდა დღევანდელი თავისუფლების მოედანზე. შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ნანატრი 26 მაისი მოვიდა და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

სწორედ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ დადგა საკითხი დამოუკიდებელი საფინანსო ინსტიტუციის, ეროვნული ბანკის, საფინანსო რეგულატორის შექმნისა“, – აღნიშნავსნეტგაზეთთანსაუბრისას ისტორიკოსი როლანდ სპანდერაშვილი

გიორგი ჟურული - დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა -მრეწველობის მინისტრი 1918-19 წლებში

გიორგი ჟურული – დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა -მრეწველობის მინისტრი 1918-19 წლებში

ეროვნულ არქივში შემონახულია დოკუმენტები, რომლებიც ფულის ნიშნებზე მუშაობის პროცესს ასახავს. ერთერთი კრება, რომელზეც გერბსა და ფულზე იმსჯელეს, 1928 წლის 24 ივლისს გამართულა, ისტორიკოსების, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის, მხატვრებისა და სხვათა მონაწილეობით. ჯავახიშვილს გერბზე თეთრი გიორგის გამოსახვის იდეა წამოუჭრია, ფულისა და ვალუტის შესახებ კი ცალკე კრების გამართვა ითხოვა. კრებას ფინანსთა და ვაჭრობამრეწველობის იმჟამინდელი მინისტრი თავმჯდომარეობდა.

თავმჯდომარე ცნობს სასურველად, საქართველოში სახმარებლად მიღებული იქნას თეთრი, .ი. ორ აბაზიანი, რომელიც თავის ღირებულებით უახლოვდება ფრანგულ ფრანკს და სხვა ევროპულ ფულებს. ამ თეთრს უნდა ჰქონდეს ასევე თავისი ნაწილადი, ანუ მეასედი, რომელსაც უნდა ეწოდოს რამე სახელი. ხოლო ლითონის ნაცვლად უნდა გამოიცეს ქაღალდის ფული, რადგან ლითონი მაშინვე გაჰქრება უცხო ქვეყნებში ჩვენი დაქვეითებული ვაჭრობამრეწველობის წყალობით“, – აღნიშნულია კრების ოქმში.

პირველი რესპუბლიკის გერბი - თეთრი გიორგი, რომელიც ბონებზეც იყო დატანილი

პირველი რესპუბლიკის გერბი – თეთრი გიორგი, რომელიც ბონებზეც იყო დატანილი

პროცესს რესურსების სიმწირე აფერხებდა. როლანდ სპანდერაშვილის თქმით, ქვეყანას არ გააჩნდა ოქროს რეზერვები, რის გამოც ცდილობდა, სახელმწიფო ქონება, მათ შორის, ტყის ფონდი, ჭიათურის მარგანეცი, ტყიბულის ნახშირი, ბორჯომის წყალი გამოეყენებინა. ცდილობდნენ საგარეო ვალის აღებასაც, რაც იმ წელს (1918) ვერ მოხერხდა.. კრიზისის გაღრმავების შემდეგ სახელმწიფომ შიდა ვალის აღების გადაწყვეტილება მიიღო.  

შიდა ვალის მიზნობრიობას 1919-20 წლის ბიუჯეტის შესავალში ფინანსთა სამინისტრო ასე ხსნის:

კრედიტის საქმე, რომელიც ამამოძრავებელი ძარღვია თანამედროვე  ვაჭრობა-მრეწველობისა, ძლიერ ცუდ გარემოებაში იმყოფება. საბანკო აპარატი, 1917 წლიდან დამბლა დაცემული, დღემდის ვერ გამოსწორდა. ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ბანკები, რომელნიც რუსეთის მთავრობის დროს მთელს პასივს აი ისეთ აქტიურ ოპერაციებში აბინავებდნენ, რომელთა ადვილად ვერ განაღდებოდა, ან ცენტრებში უგზავნიდნენ თავიანთ გამგეობას. 

რუსეთის ჩამოცილების შემდეგ უფულოდ დარჩნენ და არაც თუ აქტიურ ოპერაციებისათვის არ შერჩათ სახსარი, შესანახად შეტანილ ფულს უკან ვეღარ უბრუნებდნენ პატრონს. ასეთსავე მდგომარეობაში ჩავარდა სახელმწიფო ბანკიც, რომლის ნაღდი საშუალებანი ყოფილ რუსეთის მთავრობის მიერ, ან აქვე იყო დახარჯული, ან მოსკოვსა და პეტროგრადში იყო გადაგზავნილი. 

საქართველოს დამოუკიდებლად გამოცხადების დროს ბანკები გამოფიტული იყო და ნდობა დაკარგული. ამ უკანასკნელ გარემოებას ხელი შეუწყო იმანაც რომ რევოლუციის პირველ ხანებში ხშირად გაისმოდა ხმები იძულებითი სესხის შესახებ და რადგანაც ამ ზომის გატარება უმთავრესად ბანკების საშუალებით შეიძლება, შეძლებული ხალხი ბანკებს გაურბოდა და ფულს მალავდა; სახელმწიფოს აუარებელი ხარჯებით დატვირთულს, არ შეეძლო საბანკო აპარატის მარტო ოდენ საკუთარის საშუალებით აღდგენა. 

ხოლო ასეთ მდგომარეობის გამოსაკეთებლად საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ შარშან შემდეგი ღონისძიებანი იხმარა: ა) განსაკუთრებულს დადგენილებით აღიარა, რომ არავითარ იძულებით სესხს ადგილი აქ ექნება საქართველოში.  ბ) გამოაცხადა, რომ ყველას, ვინც საკრედიტო დაწესებულებაში ფულს მიაბარებს, უკანვე დაუბრკოლებლად დაუბრუნდება. ამას შედარებით კარგი შედეგი მოჰყვა”.

1918 წლის 24 დეკემბერს საქართველოს მაშინდელმა პარლამენტმა მიიღო კანონი „მოკლე ვადიანი 5% სახელმწიფოს ხაზინის ვალდებულების გამოცემისა“, რომელიც “ფულის ტრიალის გასაადვილებლად” კერძო და ფიზიკური პირებისაგან შიდა ვალის აღებას გულისხმობდა. მოქალაქეებისათვის აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო. შესაბამის კანონში ვკითხულობთ:

1) ფულის ტრიალის გასაადვილებლად და სახელმწიფოს არაჩვეულებრივი ხარჯის დასაკმაყოფილებლად მიეცეს რესპუბლიკის მთავრობას უფლება გამოსცეს  ორმოცდაათი მილიონი (50.000.000) მანეთის 5% მოკლე ვადიანი სახელმწიფოს ხაზინის ვალდებულებანი ერთი წლის ვადით. 

2) ვალდებულებანი უნდა იყოს უსახელო და დაყოფილი შემდეგ კუპიურებად: 5000, 1000, 500, 100 და 25 მანეთიანებად.  შენიშვნა: თუ მსურველი გამოჩნდა 5000 მანეთიანი და 1000 მანეთიანი ვალდებულებანი შეიძლება გადაკეთდეს სახელდებულ ვალდებულებად და ჩაიწეროს ტფილისის ხაზინის წიგნებში. 

3) აღნიშნულ ვალდებულებათა სარგებელი განთავისუფლებულ იქნეს სახელმწიფო გადასახადისაგან.

 თუმცა, როგორც ცნობილია, 50 მილიონი სრულად ვერ განაღდდა ხალხისგან ნაკლები ნდობის გამო

სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება მთავრობას მიანიშნებდა, რომ დროულად უნდა დაეწყო საკუთარი დროებითი ფულის ემისია. ამას უკვე აკეთებდნენ სომხეთი და აზერბაიჯანი. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ბონების გამოცემის დეკრეტი 1919 წლის 11 ივლისს მიიღო. მასში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ბონი მხოლოდ დროებითი ფულის ნიშანი იქნებოდა:

საქართველოს რესპუბლიკის ბონი გამოიცეს დროებით, ვიდრე შემოღებულ იქნებოდეს საქართველოს რესპუბლიკის საკუთარი ფული, რომლის საშუალებით ბონი გამოყიდულ უნდა იქნეს“, – ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებულშია წარმოდგენილი

ამავე დეკრეტის თანახმად, ქვეყნის საზღვრებში ქართული ბონის მიღება სავალდებულო იყო რუსეთის ფულის ნიშნებისა და ამიერკავკასიის კომისარიატის ბონის თანაბრად

საქართველოს რესპუბლიკის ბონი; 500-მანეთიანის ავერსი [დაცულია კერძო კოლექციაში]

საქართველოს რესპუბლიკის ბონი; 500-მანეთიანის ავერსი [დაცულია კერძო კოლექციაში]

თავდაპირველად, მიმოქცევაში გავიდა 8 განსხვავებული ნომინალის ბონი: 50 კაპიკი, 1, 3, 5, 10, 50, 100 და 500-მანეთიანები. ნომინალების შემდგომი შემომატება ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუარესების თანადროულად ხდებოდა: 1920 წელს, ინფლაციიდან გამომდინარე, ქართული ბონების რიგებს 1000-მანეთიანი შეუერთდა, 1921 წლის იანვარში, ქვეყნისათვის საკმაოდ მძიმე პერიოდში კი – 5 000-მანეთიანი

საქართველოს რესპუბლიკის ბონი - 5 000 მანეთი [დაცულია კერძო კოლექციაში]

საქართველოს რესპუბლიკის ბონი – 5 000 მანეთი [დაცულია კერძო კოლექციაში]

1920 წლის ივლისი ახალგაზრდა რესპუბლიკის საფინანსო სისტემაში უმნიშვნელოვანესი მოვლენით აღინიშნაგაიხსნა სახელმწიფო ბანკი. 1 თვით ადრე კი მუშაობა დაიწყეს დროებითი ფულის ნიშნის სრულფასოვანი ეროვნული ვალუტით ჩანაცვლებაზე. სწორედ ამ დროს შემოვიდა დღის წესრიგში მისი სავარაუდო სახელწოდებამარჩილი

ბევრი დოკუმენტი მარჩილზე არ მოიპოვება. ვიცით,რომ მისი დიზაინერი იყო ევგენი ლანსერე. 1920 წლის ივნისში ლანსერემ დაიწყო მუშაობა 25-მარჩილიანის ესკიზზე. ფიქრობდნენ, რომ ეს ქართული ფული მიმოქცევაში უნდა გასულიყო გერმანული მარკის ან სხვა ევროპული ვალუტის პარიტეტული კურსით. ამ პროექტიდან გვაქვს ყველაზე ცნობილი ესკიზი, რომელიც დღემდე შემოგვრჩა“, – აღნიშნავს როლანდ სპანდერაშვილი მარჩილზე საუბრისას.

მისი თქმით, ლანსერეს მიერ შექმნილი ესკიზი იმდენად ჩანასახოვანია, რომ ბოლომდე არც ჩანს, რისი თქმა უნდოდა ცნობილ მხატვარსა და დიზაინერს. აღნიშნული ესკიზი ხელოვნების მუზეუმმა შემოინახა. როლანდ სპანდერაშვილის აზრითნამუშევარი აქ შეინახეს, როგორც მხატვრის მემკვიდრეობა, რადგან ფულის სისტემას ხელოვნების მუზეუმის თემატიკასთან საერთო არაფერი აქვს

ეს საკითხი ბოლომდე გამოუკვლეველია და იმედია, მომავალში მეტი რამ გაჟღერდება, რადგან მნიშვნელოვანია, ყველაფერი ვიცოდეთ მის შესახებუშუალო ჩანაწერები კომისიისა, რომელიც მარჩილზე მუშაობდა, პირადად ჩემთვის, ჯერჯერობით, ხელმიუწვდომელია“, – აღნიშნავს ის

რატომ მარჩილი? სპეციალისტის თქმით, ეს ტერმინი მოხსენიებულია ძველ წყაროებში და სულხანსაბა ორბელიანიც ახსენებს მას, როგორც ერთეულის აღმნიშვნელ სიტყვას

25 მარჩილის ესკიზი

25 მარჩილის ესკიზი

საყურადღებოა, რომ მიუხედავად საქართველოს გასაბჭოებისამთელი 1921 წლის მანძილზე კომუნისტური რეჟიმი ბეჭდავდა და მიმოქცევაში უშვებდა იმ დროებით ფულს, რომელიც გამოდიოდა პირველი რესპუბლიკის დროს. თუმცა 1922 წლიდან შეიცვალა გარკვეული დეტალები: გერბის ადგილას ნამგალი და ურო გაჩნდა, ავერსზე კიდამოუკიდებელი საქართველოს დროშის ნაცვლად წითელი დროშა დაიტანეს.

ფულის ნიშნებზე არსებული ხელმოწერებიც, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარესა და ფინანსთა მინისტრს ეკუთვნოდათ, მხოლოდ 1921 წლის შემდეგ შეიცვალა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან