“ქართული ოცნება”, რომლის იდენტობაც და რეიტინგიც დიდწილად ბიძინა ივანიშვილის, როგორც უანგარო ქველმოქმედისა და ფილანთროპის იმიჯზე დგას, საკონსტიტუციო სასამართლოში ამტკიცებს, რომ “ფულს ყოველთვის მოჰყვება ინტერესი”.

შესაბამისად, მისი ლოგიკით ორგანიზაცია, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას იღებს დონორისგან, აპრიორი დამფინანსებლის ინტერესების გამტარია და არა საკუთარი.

აქ ჩნდება შეკითხვა, თუ მმართველი გუნდის ამ ლოგიკას ჭეშმარიტებად მივიჩნევთ, ეს ხომ არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ქველმოქმედების იდეასაც და, შესაბამისად, იმ ფულადი დახმარებების უანგარობასაც, რაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა დროს გაუწევია.

რას ეფუძნება „ოცნების“ მტკიცება

საქართველოს პარლამენტში დამტკიცებული რუსული კანონის გასამართლებლად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რომ ეს არის ამერიკული კანონის – უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის („ფარა“) – მსგავსი.

სინამდვილეში ეს ასე არაა.

„ოცნების“ მიერ მიღებულ კანონსა და „ფარას“ შორის არსებითი განსხვავება ისაა, რომ ამერიკაში აგენტად რეგისტრირებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ის გარემოება, რომ ორგანიზაციამ დაფინანსების ნაწილი უცხოეთიდან მიიღო. იურიდიულ ან ფიზიკურს პირს „ფარაში“ რეგისტრაცია მოეთხოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის უცხოური აქტორისაგან, ფულთან ერთად, მითითებებსაც იღებს. ანუ „ფარას“ მიზნებისთვის აგენტი უცხოური ძალის ინტერესებს რეალურად უნდა წარმოადგენდეს  და ეს ნათელი უნდა იყოს, მაგალითად,  უნდა ჰქონდეს გაფორმებული კონტრაქტი ამ უცხოურ აქტორთან.

„ჩვენი კანონი ეხება მხოლოდ მათ, ვინც რეალურად ხელს აწერს კონტრაქტს, რომ უცხოური აქტორის ინტერესებს წარმოადგენს. მაგალითად, ასეთ კონტრაქტში უნდა ეწეროს: მე, ესა და ეს, ვაპირებ ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლების ინტერესების ლობირებას. მაგალითად, მაქვს კონტრაქტი საქართველოს საელჩოსთან, რომ მათ აშშ-ში გარკვეული მიზნების მიღწევაში მივეხმარები”, – ეუბნება ნეტგაზეთს ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ტომ მალინოვსკი.

იმის საილუსტრაციოდ, რომ „ფარა“ და რუსული კანონი პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისაგან, მას მოჰყავს სიკვდილით დასჯის მაგალითი. აშშ-ის ზოგიერთ შტატში დღემდე მოქმედებს სიკვდილით დასჯა, რასაც ადგილზე არაერთი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ჯგუფი აპროტესტებს. მალინოვსკის თანახმად, ეს ჯგუფები ხშირად იღებენ დაფინანსებას ევროპული ფონდებიდან.

„ევროკავშირი, მოგეხსენებათ, სიკვდილით დასჯას ეწინააღმდეგება და ამერიკულ ორგანიზაციებს აძლევს გრანტს, რათა მათ სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ იმუშაონ. ასეთი ორგანიზაციები აგენტებად არ რეგისტრირდებიან. საქართველოში მიღებული კანონი უფრო რუსეთში მიღებულს ჰგავს. ამერიკაში რეგისტრაცია გიწევს მარტო მაშინ, თუ კონკრეტულად უცხოურ აქტორთან გაქვს კონტრაქტი [მისი ინტერესების ლობირება/წარმომადგენლობაზე]“, – ამბობს ყოფილი კონგრესმენი.

„ფარასგან“ განსხვავებით, რუსული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ირაცხება ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის ფინანსური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

რუსულ კანონს არ აინტერესებს, არასამთავრობო ორგანიზაცია მართლა უცხოური აქტორის ლობისტია თუ უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს, მაგალითად, იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებებს და ამ საქმის კეთებაში იღებს მათ შორის საერთაშორისო დონორის ფინანსურ მხარდაჭერას. უცხოური დაფინანსების მიღება რუსული კანონისთვის უკვე ავტომატური საფუძველია, რომ ორგანიზაცია ვიღაცის ინტერესების გამტარებლად შერაცხოს.

სწორედ აქ სჭირდება რუსულ კანონს პრინციპი „ფულს ყოველთვის მიჰყვება ინტერესი“, რათა გამოტოვოს ის ნაწილი, რასაც „ფარა“, მაგალითად, კონტრაქტების შემოწმების საშუალებით ადგენს და თქვას, რომ რადგან დაფინანსება მიიღე, ავტომატურად მისი ინტერესების გამტარებელიც ხარ.

„თავის დროზე დისერტაცია მაქვს ამ თემაზე დაცული გერმანიაში. ყველა სახელმძღვანელოში და სამეცნიერო ნაშრომში წერია, რომ სადაც არის ფული დაკავშირებული სოციალურ პროცესებთან, პოლიტიკასთან თუ არა პოლიტიკასთან, ნებისმიერ შემთხვევაში ფულს მიჰყვება გავლენა და ინტერესები. ეს წერია ელემენტარულ სახელმძღვანელოებში“, – აცხადებდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ ეს „ტყუილი და ცინიკური შეფასებაა“.

„ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ ლექსიკაში, არა მხოლოდ ქართულში, არამედ სხვა ენებშიც, არის ასეთი სიტყვა „უანგარო“, „უანგარობა“… როდესაც ვინმე რაიმეს აკეთებს ისე, რომ არ დებს თავისი პირადი სარგებლის მიღების სურვილს, აი, ამას ჰქვია უანგარობა. ასეთი რამ არსებობს. სახელმძღვანელოებში წერიაო, ასეთი რამ მე სახელმძღვანელოში არ მინახავს, თუმცა, ალბათ, თავის სახელმძღვანელოში უწერიათ…

მაგალითად, მე ჩემს მეზობელს ვეხმარები რაღაცაში იმისათვის, რომ იგი უკეთ იყოს. ამ დროს რა შეიძლება იყოს ჩემი ინტერესი? ეს შეიძლება იყოს სრულიად უანგარო, ანუ მე მისგან კონკრეტული სარგებელი არ მინდა, მაგრამ სარგებელს მაინც მივიღებ. მე რომ დავეხმარე, ის რომ უკეთ გახდა, მისი ცხოვრება რომ გაუმჯობესდა, ამით ხომ მეც გამიადვილდა ცხოვრება?! როცა მე მეყოლება არა გაჭირვებული მეზობელი, არამედ დალხინებული მეზობელი?!“, – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

გამორიცხავს თუ არა „ოცნება“ ქველმოქმედებას

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის თქმით, თუ „ქართული ოცნების“ მტკიცებას დასაშვებად მივიჩნევთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ „ბიძინა ივანიშვილის ე.წ. ქველმოქმედება ანგარებით მოქმედება იყო“.

ივანიშვილის, როგორც მეცენატის სახელს არაერთი ქველმოქმედება უკავშირდება, მათ შორის წლების განმავლობაში ხელფასს უხდიდა  კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ინვესტიციები აქვს ჩადებული რაგბის განვითარებაში და ა.შ. ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ“ 30 მილიონი გადასცა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს.

თუ მმართველი გუნდის ლოგიკას გავყვებით და მივიჩნევთ, რომ ფულს ინტერესი და გავლენა ყოველთვის მიჰყვება, მაშინ სწორი იქნება დაშვება, რომ ადამიანებს, რომელთაც სხვადასხვა დროს ივანიშვილისგან ფულადი დახმარება მიუღიათ, შესაძლოა, მისი ინტერესების გამტარებლებად ჩაითვალონ?! – ეს კითხვა უკვე „ქართული ოცნების“ წევრსა და ასევე გამოცდილ კონსტიტუციონალისტს, თენგიზ შარმანაშვილს დავუსვით.

ის ფიქრობს, რომ ეს ადამიანები ივანიშვილის ინტერესების გამტარებლებად მაშინ ჩაითვლებოდნენ, თუ მმართველი პარტიის დამფუძნებელი დახმარებას პირობითობით გასცემდა.

„ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეგიძლიათ ნახოთ, რომ ფულს ყოველთვის მოჰყვება ინტერესი. კარგად რომ ვიქცევით მე და თქვენ და ამისთვის უფალი სამოთხეს გვპირდება, ეს ინტერესი გვაქვს…  ერთია, როდესაც მე მოვდივარ და გეხმარებით, მეორეა, თქვენ რომ გამოხატეთ ინტერესი, მაგალითად, დონორმა გამოვაცხადე კონკურსი რაღაც პროექტზე და თქვენ თქვენი ინტერესიდან გამომდინარე შემოგაქვთ განაცხადი. ამის [ქველმოქმედების და გრანტის] ერთმანეთთან დადარება არაფრით არ შეიძლება.

ივანიშვილს ასე რომ გაეკეთებინა, ვთქვათ, კულტურის სფეროს მუშაკებს ფულს გაძლევთ და რომელიმე დოკუმენტში ჩაედო პირობა, თქვენ უკუნითი უკუნისამდე ჩემი ერთგულები იქნებითო, ეს სხვა თემაა… ჩემი ინტერესი, როცა გავცემ დახმარებას, არის, რომ რაღაც სფერო გადავარჩინო, მაგრამ მეორე მხარე ვალდებული არაა, რადგან ეს ხელშეკრულების საფუძველზე კი არ მოხდა. მე გავაკეთე ეს ცალმხრივად“, – ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.

აღსანიშნავია, რომ “ერთგულების” პირობას არც სხვა დონორები ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან.

დონორთან ხელშეკრულების გაფორმება რომ მისი მითითებების შესრულების ვალდებულების აღებას არ ნიშნავს, ამაზე საუბრობს ნეტგაზეთთან „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ (წარსულში „ღია საზოგადოების ფონდი“) დირექტორის მოადგილე ხატია ჯინჯიხაძე.

„ღია საზოგადოების ფონდი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილანთროპიული ორგანიზაციაა, რომელიც ჯორჯ სოროსმა დააფუძნა.  ფონდი ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ლობირებს. ფონდს ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთი პროექტისთვის გაუწევია დონორობა საქართველოშიც, 2011-2012 წლებში ამ ფონდთან თანამშრომლობდა ირაკლი კობახიძეც და სხვა, მმართველ გუნდთან დაკავშირებული არაერთი ადამიანი.

ხატია ჯინჯიხაძე ამბობს, რომ დონორსა და ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გაფორმება ურთიერთობების მოსაგვარებლად  აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტია, რომლითაც აღებული პასუხისმგებლობის გაფორმება ხდება.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა, რომელიც თან ახლავს დონორის დაფინანსებას, მხოლოდ გამოყოფილი ფინანსების სწორად, მიზნობრივად და გამჭვირვალედ დახარჯვას გულისხმობს.

დონორებისგან თანხის მიღება რომ აპრიორი ვიღაცის ინტერესების გატარებას არ ნიშნავს, პირადი მაგალითით ახსნა მოსამართლე მანანა კობახიძემ, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონზე განხილვისას პარლამენტის ინტერესების დამცველები საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ.

მანანა კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ არავინ ჩარეულა იმაში, რას დაწერდა იგი თავის ნაშრომში და პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ დონორები  ფინანსურ მხარდაჭერას უწევდნენ, ემიჯნებოდნენ იმას, რაც ტექსტში ეწერებოდა.

„კვლევა პირადად ჩემთვისაც დაუფინანსებია GIZ-ს (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება), როდესაც ვმუშაობდი კონსტიტუციის 42-ე მუხლში. მაგრამ ყოველთვის ვუთითებდით, რომ კვლევაში  გამოხატული მოსაზრებები არ გამოხატავს  GIZ-ის პოზიციებსო. იმ წიგნში ჩვენ რას დავწერდით, სრულად თავისუფალი ვიყავით”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

ხატია ჯინჯიხაძე კითხვას სვამს, რა გავლენა შეიძლება მიჰყვებოდეს დაფინანსებას, რომლითაც, მაგალითად, საქართველოში პალიატიური ზრუნვის პირველი ბავშვთა ჰოსპისი გაიხსნა?!

„რაც შეეხება გავლენას და ინტერესებს, რა გავლენა შეიძლება მოჰყვებოდეს,  1990-იან წლებში ჩვენი ფონდი რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, მაგალითად, ყინწვისის ანგელოზის ფრესკის აღდგენას და რესტავრაციას აფინანსებდა?! ან რა გავლენა შეიძლება მოჰყვებოდეს პალიატიური ზრუნვის პირველი ბავშვთა ჰოსპისის გახსნას?!

დონორი ამას აკეთებს მაშინ, როდესაც სახელმწიფოს არ აქვს ამის საშუალება. 1990-იან წლებში საქართველოს არ ჰქონდა საშუალება, რომ თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაეცვა ისე, როგორც საჭიროა“, – ამბობს ხატია ჯინჯიხაძე და დასძენს, რომ სამოქალაქო საზოგადოების დახმარება ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც სახელმწიფო იღებს ევროპელი თუ ამერიკელი დონორებისგან.

როგორც ხატია ჯინჯიხაძე ამბობს, დონორისთვის დაფინანსების გაცემის საფუძველი ღირებულებითი თანხვედრაა.

„ისეთ ჯგუფებთან, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ, ძალადობას ემხრობიან და ა.შ.  არც გვითანამშრომლია და არც ვაპირებთ.  რა თქმა უნდა, ღირებულებითი თანხვედრა არის მთავარი და საფუძველი, მაგრამ ამის იქით დონორს და ბენეფიციარს შორის რაიმე ვალდებულებები, გარდა ამ ღირებულებითი თანხვედრისა, რეალურად არ არსებობს. არსებობს მხოლოდ პასუხისმგებლობა, რომ დონორისგან მიღებული ფული დაიხარჯოს კეთილსინდისიერად“, – აცხადებს ხატია ჯინჯიხაძე და ნეტგაზეთის მაგალითზე ხსნის დონორისა და ბენეფიციარის ურთიერთობას.

წლების განმავლობაში სწორედ ღია საზოგადოების ფონდი იყო ერთ-ერთი დონორი, რომელიც ნეტგაზეთს აფინანსებდა. ამ დაფინანსებას კი არასოდეს მოჰყოლია მითითება, რის შესახებ (ან რაზე არ) დაეწერა მედიასაშუალებას.

„ჩვენი იდეა კი არ იყო, რომ ახალი  მედიასაშუალება შეგვექმნა, არამედ ნეტგაზეთის გუნდს გაუჩნდა ეს იდეა და მოგვმართა ასეთი პროექტით, რომ ხომ არ დაგვაინტერესებდა. რა თქმა უნდა, დაგვაინტერესა, რადგან მაშინ ციფრული მედია ახალი ხილი იყო, არ ვიყავით განებივრებული ამ სივრცეში სანდო ინფორმაციით. ნეტგაზეთს შემდეგ მოჰყვა ბევრი მსგავსი ციფრული მედია, რომელიც დღეს გვაძლევს ძალიან მრავალფეროვან არჩევანს“, – ამბობს ხატია ჯინჯიხაძე.

როგორც ხატია ჯინჯიხაძე ამბობს, საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილების იქით დონორის ინტერესი ვერ წავიდოდა. დონორის ინტერესი კი ის იყო, რაც მის დასახელებაშიც ეწერა: “ღია და გახსნილი საზოგადოება”.

„ჩვენი საზოგადოება დიდწილად არის ევროპული, ევროპულ ფასეულობებზე ორიენტირებული, რაც მათ შორის მოიცავს სიტყვის თავისუფლებას, დამოუკიდებელ მედიას და ადამიანების სურვილს, რომ არ იყვნენ მხოლოდ სამთავრობო წყაროებზე დამოკიდებულები და ჰქონდეთ ჰორიზონტი იმისათვის, რომ შეძლონ თანხების სხვადასხვა წყაროდან მოპოვება. მე არ ვიტყოდი, რომ ეს იყო ჩვენი, როგორც დონორის რაიმე განსაკუთრებულ ინტერესი, გარდა იმისა, რომ ღია საზოგადოების ფონდი გვერქვა წლების განმავლობაში და ღია საზოგადოება ამ ყველაფერს მოიცავს. მე ვიტყოდი, რომ  ჩვენი ინტერესი აქ იყო იგივე საზოგადოების ინტერესი“, – ამბობს ხატია ჯინჯიხაძე.

ხატია ჯინჯიხაძის თქმით, დონორების დაფინანსება განსხვავდება კერძო პირების ქველმოქმედებისგანაც. მისი თქმით, კერძო პირები, რომლებიც ქველმოქმედებას ეწევიან, ხშირად პოლიტიკური ამბიციების მქონე პირებად გვევლინებიან, განსხვავებით დონორებისგან, რომელთაც მსგავსი ამბიციები არ აქვთ.

ამასთან, ხატია ჯინჯიხაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ქველმოქმედებას და ფილანთროპიას შორის განსხვავებაც. მისი თქმით, დონორები ერთსაც აკეთებენ და მეორესაც, თუმცა  ფილანთროპიის მთელი არსი ისაა, რომ ის განგრძობითი ხასიათისაა და ორიენტირებულია, რომ დონორმა ისეთ ორგანიზაციებთან იმუშაონ, რომლებიც შემდგომ გაძლიერდებიან, განვითარდებიან და თავიანთ ცოდნას და საქმიანობას ადამიანების უფრო ფართო წრეს მოახმარენ.

„ფილანთროპია არის უფრო შორს მიმავალი, უფრო შედეგიანი და მეტი ეფექტის მომტანი. ამას ჩვენ ვხედავთ კიდეც საქართველოში. ათწლეულების განმავლობაში კერძო დონორებმა თუ სხვადასხვა ქვეყნის განვითარების სააგენტოებმა რაც გააკეთეს საქართველოში, ძალიან გამოადგა ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებას, ისევე როგორც სახელმწიფოს“, – აცხადებს ხატია ჯინჯიხაძე.