ეკონომიკა

ფერმერებს მიწას უფასოდ აღარ მოუხნავენ

29 ნოემბერი, 2013 •
ფერმერებს მიწას უფასოდ აღარ მოუხნავენ

“მცირე ფერმერთა დახმარების პროექტი გაგრძელდება, მაგრამ არა იმ ფორმატით, როგორც იყო 2013 წელს. მიწას აღარ მოვუხნავთ, რადგან ჩვენ გვაქვს დღეს გაცილებით უკეთესი სასტარტო პირობები იმიტომ, რომ სრული ინფორმაცია მოვაგროვეთ იმ ადამიანებზე, ვინც არიან მიწათმფლობელები”, – უთხრა “ნეტგაზეთს” სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.   

 

მან არ დააკონკრეტა, რა იგულისხმა უკეთეს სასტარტო პირობებში. ფიფია ამბობს, რომ სამინისტრო დახმარების პროგრამის სხვადასხვა ფორმატზე მუშაობს და როცა გადაწყვეტილებას მიიღებენ, საზოგადოებასაც გააცნობენ. 2014 წელს დაგეგმილი ფერმერების დახმარების პროექტის დეტალების შესახებ არც მინისტრი და არც  სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მარიამ გელაშვილი საუბრობს.

 

გელაშვილის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ მიერ, 2013 წლის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტით“, მთლიანობაში, 710 385 ბენეფიციარმა 195 545 543 ლარის ღირებულების სასოფლო–სამეურნეო ბარათი (კომბინირებული და ნომინალური) მიიღო. მოიხნა 207 322 ჰექტარი მიწის ფართობი.


პროექტის ფარგლებში მომწოდებლების და მექანიზაციის კომპანიების მიერ, ჯამში, განაღდებულია 190 117 359 ლარის ღირებულების სასოფლო–სამეურნეო ბარათი, საიდანაც 166 058 846 ლარი მოდის ნომინალურ, ხოლო 24 058 513 ლარი – ხვნისა და მიწის გაფხვიერების სასოფლო–სამეურნეო ბარათებზე.


საგაზაფხულო პროექტის ფარგლებში, ნომინალური ბარათებით, მცირემიწიანმა ფერმერებმა უსასყიდლოდ მიიღეს:


საქონლის კატეგორია

%

ლარი

სასუქი

43.52%

72,268,810

პესტიციდი

19.94%

33,112,134

სათესლე მასალა

4.06%

6,741,989

სასოფლო ინვენტარი

32.34%

53,703,431

ვეტ. პრეპარატები

0.14%

232,482

ჯამი

100%

166,058,846

   

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახლა იწყებენ პროგრამის შედეგების მონიტორინგს, რომლის შედეგებიც მოსახლეობისთვისაც გახდება ხელმისწავდომი.

 

ჯერჯერობით არაფერი იციან მომავალ წელს დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მცირემიწიანმა ფერმერებმა. მათ იმედი აქვთ, რომ მთავრობა მიწებს ისევ მოუხნავს.

 

გორის რაიონის სოფელ ხელთუბანის მკვიდრ ნუკრი მარკოზაშვილს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში კუთვნილი მიწის ნაკვეთი მოუხნა:   


„სახნავი მიწა ცოტა გვაქვს, დაახლოებით 30 მეასედი. დაგვიმუშავა სახელმწიფომ. დავთესეთ ნიორი და პომიდორი. კმაყოფილი ვართ. ეს დიდი შეღავათია გლეხისთვის. მოსავალი კარგი მივიღეთ. ყოველ წელს თუ იქნება ეს პროგრამა, კარგია.“


ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბრის მკვიდრმა როზეტა ოდიშარიამ  „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში მიწის დამუშავება ვერ შეძლო, რადგან კუთვნილი სავარგული ვერ დაიკანონა:

 

„მიწის ნაკვეთი ვერ დავამუშავე. 1 ჰექტარი და 200 გვაქვს ჩვენი ოჯახის მიწა. ეს მიწა დაკანონებელია. თუმცა გვაქვს თხილნარი და სახელმწიფომ 400 ლარის ვაუჩერი მოგვცა. ვიყიდეთ სასუქი და მავთულხლართი. თუმცა სასუქი თხილს ვერ მოვახმარეთ, რადგან ვაუჩერის მიღება დაგვიანდა.“

 

როზეტა ოდიშარია ამბობს, რომ მთავრობის ვაუჩერით ბევრმა ისარგებლა:

 

„აუცილებელია, რომ ეს გაგრძელდეს, გლეხებმა ამოისუნთქეს. იმდენი მოსავალი აქვს ზოგ ოჯახს, რომ ბაზარზეც გაიტანეს.“

 

დედოფლისწყაროში მცხოვრები ვალერი ნატროშვილი ამბობს, რომ სამი წლის წინ უსახსრობის გამო მიტოვებული მიწის ნაკვეთი „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში დაამუშავა :

 

„40 მეასედი მაქვს ჩემი კუთვნილი მიწა და სახელმწიფომ სრულად დამიმუშავა. მიწის დამუშავება, მოხვნა და დადისკვა ახალი ტექნოლოგიებით მოხდა. მზესუმზირა დავთესე და კარგი მოსავალი მივიღე, დაახლოებით 600 კგ. თუ ეს პროექტი გაგრძელდება, კარგი იქნება, რადგან 2–3 წლის განმავლობაში უსახსრობის გამო მიწის დახვნას ვერ ვახერხებდი.“

 

ის ფერმერები, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ნაკლოვანებების მიუხედავად, პროგრამის მუშაობით კმაყოფილები არიან, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს არც სახელმწიფოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები და არც დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც პროგრამის ეფექტურობას გაზომავდა.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა თანხას გამოყოფს 2014 წელს ხელისუფლება მცირემიწიან ფერმერთა დახმარების ახალი პროექტისთვის. 2014 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი, არსებული პროექტით, 49 მილიონი ლარით იზრდება და 290 მლნ ლარს უტოლდება. 2013 წელს უწყების ბიუჯეტი 241 მლნ ლარი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი