ეკონომიკა

ქართულ თაფლს და კალმახს ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისთვის ამზადებენ

26 ნოემბერი, 2013 • 3340
ქართულ თაფლს და კალმახს ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისთვის ამზადებენ

ვილნიუსის სამიტამდე ორი დღით ადრე ევროკავშირის წარმომადგენლობამ სასტუმრო “ამბასადორში” ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ზონასთან მიახლოების ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის და კვების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სემინარი გამართა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ფერმერთა ასოციაციის მენეჯერები ესწრებოდნენ.

საქართველოში ევროკავშირის დელაგაციის ხელმძღვანელის მოადგილის, ბორის იაროშევიჩის განცხადებით, 2014 წლის შემოდგომაზე ხელი მოეწერება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას, ამოქმედდება ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირთან, ხოლო 2015 წლიდან  ძალაში შევა რეგულაციები, რომელიც ევროკავშირის დახმარებით სოფლის მეურნეობის სამინისტროში მზადდება:

“ევროკავშირის ბაზარი არის კარგი შესაძლებლობა ქართველი მეწარმეებისათვის. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს ბიზნესწრეებს. საიდანღაც ხომ უნდა დავიწყოთ. ვფიქრობ, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ხილ–ბოსტნეული, თაფლი და კალმახი უნდა გავიდეს. ხორცის და რძის პროდუქტების გატანა უფრო რთულია. სრულად უნდა კონტროლდებოდეს პროცესი “ფერმიდან ჩანგლამდე”. რაც შეეხება თაფლს, კალმახს და ხილ–ბოსტნეულს, მალე გახდება ცნობილი დეტალური გეგმა, თუ როგორ ვიმუშავებთ.”

ევროკავშირის გრძელვადიანი ექსპერტი სურსათის უვნებლობის საკითხებში მატი ლამპიც ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის ბაზარზე პირველ ეტაპზე თაფლის გატანის პერსპექტივა უფრო მაღალია: “საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე შედის ღვინო, წყალი და თხილი. ქვეყანაში არის კარგი თაფლი და მისი გატანა იქნება უფრო მარტივი, ვიდრე სხვა პროდუქტების. ევროკავშირის ბაზარზე ასევე თევზზე არის დიდი მოთხოვნა, აქედან გამომდინარე ქართულ კალმახს და ზღვის თევზს აქვს პერსპექტივა.”

ევროკავშირის გრძელვადიანი ექსპერტი სურსათის უვნებლობის საკითხებში მატი ლამპი საქართველოს სურსათის უვნებლობის სამსახურს შესაბამის რეკომენდაციებს აწვდის. სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსის მოადგილე თენგიზ კალანდაძე ამბობს, რომ უწყებამ თაფლის და თევზის სეგმენტის ევროსტანდარტებთან მიახლოების მიზნით ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა:

“თაფლის მწარმოებლები ერთ გაერთანებაში გავაწევრიანეთ. ვუტარებთ ლექცია–სემინარებს და ვაცნობთ ევროკავშირის ბაზრის ერთიან სტანდარტებს. მოვახერხეთ ამ გაერთიანების ყველა წევრის ინსპექტირება, საქართველოს კანონის შესაბამისად. ჩვენი ინსპექტორები ავიდნენ მთებში, სადაც განლაგებული იყო სკები და დავიწყეთ შემოწმება პირველადი წარმოებიდან. თაფლის მწარმოებლებს ვუხსნით, რომ ევროკავშირის ბაზარზე მათი შესვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთან მეწარმე თუ გაყიდის 2 ტონიდან 10 ტონამდე თაფლს, ეს კარგი ბიზნესი ჰგონია. 10 ტონა თაფლი მეწარმემ ერთ კვირაში უნდა გაყიდოს, თუ ევროკავშირის ბაზარზე შევა. ევროკავშირის ბაზარი არის ყველაზე დიდი, ძვირი და დაცული ბაზარი მსოფლიოში.”

სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსის მოადგილე თენგიზ კალანდაძე ამბობს, რომ ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე უფრო მარტივად შევა, თუ ქვეყანაში შესაბამისი ლაბორატორია იფუნქციონირებს:

“ხუთი დღის წინ მოვახდინეთ თაფლის ნიმუშების აღება, დალუქვა და მისი გაგზავნა ლატვიის ლაბორატორია “ბიოლში”. საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია,  რომელიც ჩაატარებს კვლევებს ევროსტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. ეს არის პრეპარატების ნარჩენების და ჰორმონების კვლევა. სინჯების შემოწმებისათვის ლაბორატორიას 80 ათასი ლარი უნდა გადავურიცხოთ. პასუხს ორ კვირაში ველოდებით ლაბორატორიიდან. საჭიროა სწორი ანალიზი და ამ შედეგების დადება ევროკავშირის წინაშე.”  

თენგიზ კალანდაძის ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის სააგენტომ საკალმახე მეურნეობების ინსპექტირება დაასრულა:

“პირველ რიგში, ჩვენ დავიწყეთ დიდი საკალმახეების ინსპექტირება, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ ექსპორტისთვის. თითქმის არც ერთი საკალმახე ექსპორტისთვის მზად არ არის. საკალმახეებს აქვთ აუზები, ისინი ცოცხლად მოიპოვებენ კალმახს. შემდეგ პროდუქტი მობილური აუზებით გადაადგილდება ღია ბაზრებზე და იყიდება. საკალმახე მეურნეობებს არ აქვთ კალმახის დასამუშავებელი ოთახები, გასაყინი მაცივრები და დასაფასოებელი მოწყობილობები, რათა მისცენ კალმახს სასაქონლო სახე.”

თენგიზ კალანდაძის ინფორმაციით, ევროკავშირის მოთხოვნებით თევზისთვის სასაქონლო სახის მისაცემად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევები: “საკალმახეებში წყლის ლაბორატორიული კვლევები უნდა იყოს ჩატარებული. თევზის ლაბორატორიული კვლევები უნდა ჩატარდეს ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებით პრეპარატების ნარჩენებზე, ჰორმონებზე. როცა ვახდენთ საკალმახეების ინსპექტირებას, მათ რეკომენდაციებს ვაძლევთ, თუ როგორ უნდა მოაწესრიგონ საწარმო. ეს არის სურვილის დონეზე, ვინაიდან ჯერ ქართული კალმახი ევრორეგულაციებს ვერ აკმაყოფილებს.”

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი  ხუან-ხოსე ეჩანოვე ამბობს, რომ საქართველომ ევრორეგულაციბი ეტაპობრივად უნდა დააკმაყოფილოს. მისი თქმით, ბიზნესკომპანიები შიშობენ, რომ თუ ვერ უპასუხებენ ევროსტანდარტს, მათი წარმოება დაიხურება:

“ეს ასე არ მოხდება, რადგან ბიზნესის სურსათის უვნებლობის კონტროლი იქნება პროგნოზირებადი. მთლიანი პროცედურა იქნება ნათელი და გამჭვირვალე. აღარ მოხდება კლიენტის შეცდომაში შეყვანა. მატყუარა ბიზნესისაგან კლიენტი იქნება დაცული”.

სტატისტიკის თანახმად, 2012 წელს საქართველოში 347 500 სკა არის აღნუსხული. რაც შეეხება თაფლის წარმოებას, რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: აჭარა– 0,6 ათასი ტონა, იმერეთი –0,2 ათასი ტონა, სამეგრელო–ზემო სვანეთი 1,2 ათასი ტონა, კახეთი–0,5 ათსი ტონა, ქვემო ქართლი 0,2  ათასი ტონა, სამცხე–ჯავახეთი 0,3 ათასი ტონა, 1,1 ტონა კი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

რაც შეეხება თევზჭერას, სტატისტიკის სამსახურის საინფორმაციო ბიულეტენში თევზს საქართველოში 201 სუბიექტი აწარმოებს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი