ეკონომიკა

2015 წლიდან საქართველო ჰიდროენერგეტიკული ბაზრის ახალ მოდელზე გადავა

14 ნოემბერი, 2013 • • 1102
2015 წლიდან საქართველო ჰიდროენერგეტიკული ბაზრის ახალ მოდელზე გადავა

დღეს, 14 ნოემბერს, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” USAID-ის მხარდაჭრით “ჰიდროგენერაციისა და ენერგეტიკის დაგეგმვის პროექტის” (HPEP) პრეზენტაცია შედგა.  

 

USAID-ის  პროექტის ერთ–ერთი ხელმძღვანელის გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, აღნიშნული პროექტის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს კერძო სექტორის განვითარებას, რათა მოხდეს “საქართველოს ჰიდროენერგეტიკული მოდელი 2015″–ის განვითარება:

 

“ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს დავეხმაროთ ელექტროენერგიით ვაჭრობაში, რათა ქვეყანამ განავითაროს თურქეთთან ენერგიით ტრანს–სასაზღვრო ვაჭრობა.”


USAID-ის  პროექტის ხელმძღვანელის როი ბალკნეტის განმარტებით, აღნიშნულ პროექტს “დელოიტ კონსალტინგი” განახორციელებს, რისი უფლებაც ამ კომპანიამ გამჭვირვალე ტენდერში გამარჯვების შედეგად მოიპოვა:

 

“ეს არის ჰიდროგენერაციის დაგეგმვის პროექტი ელექტროენერგიით ვაჭრობაში. საქართველოს უნდა ჰქონდეს მდგრადი და ეფექტური სისტემა. მცირე და საშუალო ჰესები საჭიროა მზარდი ეკონომიკისათვის. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ხელს შევუწყობთ კერძო ინვესტიციების ზრდას საქართველოს ენერგოსექტორში, რათა ქვეყანაში გაჩნდეს ენერგოგენერაციის ზრდის შესაძლებლობა.”

 

“საქართველოს ჰიდროენერგეტიკული მოდელი 2015″–ის შემუშავების პროცესში USAID-ი აქტიურად ითანამშრომლებს “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან” (ესკო), საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისასთან (სემეკი), ენერგეტიკის სამინისტროსთან და “დელოიტ კონსალტინგთან”. 

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის შეფასებით, აღნიშნული პროექტი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის და მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია: 


“საქართველო ენერგეტიკულად დამოკიდებული ქვეყანაა, 75% იმპორტირებული რესურსით ივსება. USAID-ი პირველ რიგში გვეხმარება, რომ საქართველო ენერგოდამოკიდებული არ იყოს. ამ პროცესში უცხოელი ივესტორები ჩერთვებიან, თუმცა მანამდე უნდა შეიქმნას დოკუმენტი, რომელშიც ენერგორესურსების შეფასების ახალი კრიტერიუმები იქნება. ამ პროცესში აუცილებელია ენერგეტიკის ექსპერტების ჩართულობა, რათა წარმატებული გახდეს ენერგოსექტორი და შემუშავდეს ხარისხიანი დოკუმენტი. პროექტის ფარგლებში მომზადდება საქართვლოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენების სქემა. დოკუმენტზე მუშაობას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება. ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს ენერგოსექტორში ინვესტიციების ხელშეწყობას და ვაჭრობის განვითარებას, რითაც ვიხელმძღვანელებთ რამდენიმე წლის განმავლობაში.”

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ მხარდაჭერილი “ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტის” (HIPP) ხელმძღვანელის ჯეიკ დელფიას ინფორმაციით, “საქართველოს ჰიდროენერგეტიკული მოდელი 2015″–ის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს სემეკთან. უახლოეს პერიოდში ხელი მოეწერება 6 თვიან სამოქმედო გეგმას ესკოსთან: 

 

“ახალი რეალობების და საჭიროებების გათვალისწინებით, ბაზრის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჰიდროენერგეტიკის დარგში კერძო სექტორის განვითარებას, ტრანს–სასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობას, საინვესტიციო რისკების შემცირების მექანიზმის დახვეწას”.

 

ჯეიკ დელფია იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობით, საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელი ეფექტური იქნება. მოდელზე მუშაობა 2014 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო მისი დანერგვა 2015 წლიდან 2017 წლამდე ეტაპობრივად მოხდება. 

 

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელი (GEMM 2015) USAID–ის პროექტის ფარგლებში ჰიდროენერგეტიკაში ინვესტირების ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელმა მაიკლ ჯეიკ დელფიმ მოამზადა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი