ეკონომიკა

როგორ ითვლიან “ახალ ინვესტიციებს” აჭარაში

8 ნოემბერი, 2013 • • 1386
როგორ ითვლიან “ახალ ინვესტიციებს” აჭარაში

აქედან, 37,3 მილიონი ტურიზმზე მოდის, 33,5 კი – მშენებლობის სფეროზე. “სხვა დარგებში” ინვესტიცია 9,0 მილიონია. როგორ ითვლიან ინვესტიციებს აჭარის ფინანსთა სამინისტროში და არსებობს თუ არა რეალური ზრდა ამ სეგმენტში?

 

“2013 წლის პირველ ნახევარში აჭარის ტერიტორიაზე მშენებლობისა და ტურიზმის დარგში კერძო ინვესტიციების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო რიგი მსხვილი პროექტების აქტიურ ფაზაში შესვლით”, – აცხადებს ბესიკ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე.

 

საჯარო მოხელე განმარტავს რას ნიშნავს “აქტიური ფაზა”: “სასტუმრო კომპლექსებში კაპიტალური ინვესტიციების ზრდა გულისხმობს იმას, რომ მშენებლობები, რომლებიც იყო დაკონსერვებული, ხელშეკრულებების გადახედვის შემდეგ გაგრძელდა. მაგალითად, ავიღოთ “ტამ ჯეოს” შემთხვევა. მასთან გაფორმებულ ხელშეკრულების პირობებს და ვადებს გადავხედეთ და მშენებლობაც გაგრძელდა. იგივე შეიძლება ითქვას “მარი ჯგუფზეც”.

 

მინისტრის მოადგილე ინვესტიციების ზრდად მიიჩნევს იმ სასტუმრო-კომპლექსების მშენებლობას, რომელთა მშენებლობაც ბათუმში წლების წინ დაიწყო.

 

“მშენებლობა განაახლა “ტურ ინვესტმა”; როგორც ვხედავთ, “ჰილტონის” მშენებლობა ძალიან სწრაფი ტემპით მიდის, შენდება “მარი ჯგუფის” პროექტი “მარინა კოლიზეუმი”; ასევე გრძელდება “მერსინ ტურიზმის”, “სისტემ ინშაათის”, “ჯი ემ ჯის”, “ჰესტოკ ბათუმის” პროექტების მშენებლობა. “ქარაფი” აგრძელებს სასტუმროს მშენებლობას ციხისძირში. ძირითადად, ესენია მსხვილი ინვესტიციები…”

 

რატომ მოხვდა 2013 წლის ინვესტიციების მონაცემებში წლების წინ დაწყებული პროექტები? – ბესიკ ბოლქვაძე ერთადერთ მიზეზს ასახელებს:

 

“ინვესტიციებში იმიტომ შევიყვანეთ, რომ რამდენიმე მათგანთან გაფორმებულ ხელშეკრულების ვადებს გადავხედეთ. თანაც, მნიშვნელობა არ აქვს ინვესტიცია ძველია თუ ახალი. დათვლა ტრადიციული მეთოდოლოგიით ხდება”.

 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ხელშეკრულების გადახედვას საინვესტიციო თანხის ზრდა არ გამოუწვევია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წელს ამ თანხის შემოსატანად სახელმწიფოს, იგივე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, არანაირი ძალისხმევა არ დასჭირვებია.

 

მარტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ “ბათუმელებთან” განაცხადა, რომ ის თურქეთში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ახალ ინვესტიციებთან დაკავშირებით. ამ განცხადებიდან რვა თვის შემდეგ მინისტრის მოადგილე ვერ ასახელებს თუნდაც ერთ ახალ ინვესტორს, რომელთან მოლაპარაკების პროცესიც დადებითად წარიმართა. ინვესტორების დაინტერესების მიზნით არჩილ ხაბაძე თურქეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრა.

 

“ინვესტორებს ვერ დაგისახელებთ, რადგან ეს არის პროცესი. ჯერ არის ინტერესთა გამოხატვა, შემდეგ კომუნიკაციები, რომ გავაჟღეროთ რომელიმე ინვესტორი, ასეთ დონეზე ჯერ არ შეგვიძლია ვინმეს დასახელება”, – ამბობს ბესიკ ბოლქვაძე.

 

კიდევ ერთი სფერო, სადაც ეკონომიკის სამინისტრო “ახალ ინვესტიციებს” ითვლის, მშენებლობაა.

 

“აქ იგულისხმება კერძო ბინათმშენებლობები, რომელსაც აწარმოებენ კომპანიები – “ორბი ჯგუფი”, “ბათუმის საზღვაო ნავსადგური”, “ჩემი სახლი” და “იალჩინ ჯგუფი”.

 

სხვა დარგებში კი იგულისხმება შერეული მშენებლობები: “მაგალითად, ავტოპარკინგი, ოფისები და სავაჭრო ობიექტები”.

 

ბესიკ ბოლქვაძის განმარტებით, ახალ ინვესტიციებში შედის მცირე ჰიდროსადგურების მშენებლობის კომპონენტიც, რომელიც ასევე წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროექტია.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციების შემცირება სასოფლო-სამეურნეო მიწების განკარგვასთან დაკავშირებით გამოცხადებულმა მორატორიუმმა შეაფერხა, რომელიც უცხოელ ინვესტორებზე მიწების გასხვისებას კრძალავდა:

 

“ამ მხრივ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს. სასათბურე პავილიონების და ციტრუსთან დაკავშირებულ მონაცემებს კი წლის ბოლოს დავითვლით”.

 

ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტის პაატა შეშელიძის განმარტებით, ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი უნდა განისაზღვროს არა ხელშეკრულების დადების თარიღით, არამედ დახარჯული ფულის მიხედვით.

 

“თუ ჯერ ხელშეკრულება დავდეთ, მაგრამ რეალურად არ არის ფული დახარჯული, ეს ინვესტიციად არ ჩაითვლება. ასევე უნდა ვნახოთ, იგივე პროექტები ხომ არ იყო განხილული წინა წლებში, როგორც განხორციელებული ინვესტიცია. თუ წინა წელსაც იყო კონკრეტული ინვესტიცია აღრიცხული, როგორც ზრდადი და ინვესტიცია რეალურად არ განხორციელებულა, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ის მონაცემები იყო მცდარი. ასევე საინტერესოა, რა თანხის ხარჯვაზე იყო საუბარი ადრე და ახალ მონაცემებში რაზეა საუბარი. ზუსტად ვერ გეტყვით რა მეთოდოლოგიით ითვლიან, მაგრამ თუ კონტრაქტი დადებულია სამ წელიწადზე, ცხადია საინვესტიციო თანხა ერთ წელში ვერ დაიხარჯება. აქედან გამომდინარე, ყველა დახარჯული თანხა ითვლება ინვესტიციად, მაგრამ არა ახალ ინვესტიციად. ახალ ინვესტიციად შეიძლება ჩავთვალოთ ახალი კონტრაქტი”.

 

მას შემდეგ, რაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მთავრობას 9 თვის ანგარიში წარუდგინა, “ბათუმელებმა” ამ უწყებიდან გამოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: 2013 წლის პირველი იანვრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში შემოსული ინვესტიციების მთლიანი ოდენობა, ცალკეული ინვესტიციების ოდენობისა და ქვეყნების მითითებით ინვესტორების ვინაობა – შპს, კერძო პირი.

 

მინისტრის ხელმოწერით გამოგზავნილ ოფიციალურ დოკუმენტში არც ერთ კითხვაზე არ არის პასუხი გაცემული და მხოლოდ ზოგადი ციფრებია მოყვანილი პირველი 6 თვიდან, მაგალითად, იმის შესახებ, რომ I და II კვარტალში სოფლის მეურნეობაში 0,4 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაფიქსირდა.

 

“ბათუმელებმა” სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მიზნით ფინანსთა სამინისტროს აჭარის მთავრობაში უჩივლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი