ეკონომიკა

ნაბუქო აღარ აშენდება – რა შეიცვლება საქართველოსთვის

19 ივლისი, 2013 • 3490
ნაბუქო აღარ აშენდება – რა შეიცვლება საქართველოსთვის

“საქართველო, სავარაუდოდ, არაფერს დაკარგავს – შეიძლება მოსაკრებელი ოდნავ შეიცვალოს, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება შემდეგი მიზეზების გამო: ერთი ის არის, რომ საქართველოზე თვითონ ნაბუქოს მილების აშენება არ იყო დაგეგმილი.  სამხრეთ კავკასიის მილსადენი, რომლეც უკვე გადის საქართველოზე, სხვა მილსადენს შეუერთდებოდა ნაბუქოსთან დასაკავშირბლად. გარდა ამისა, ნაბუქოზე არ ვიცოდით, სინამდვილეში აშენდებოდა თუ არა და, შესაბამისად, მიიღებდა თუ არა საქართველო სატრანზიტო თანხას.  ტაპის შემთხვევაში კი ეს ზუსტად ვიცით”, – აცხადებს “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში ვილსონის ცენტრის ენერგოსაკითხების მრჩეველი დოქტორი ალექსანდროს პეტერსენი.

 

ნაბუქოს პროექტის მიხედვით გათვალისწინებული იყო ბუნებრივი გაზის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან აღმოსავლეთ ევროპის (ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის) გავლით ავსტრიაში. 

 

“მისი პრობლემა ის იყო, რომ ის იყო ძალიან დიდი,  ჯდებოდა ძალიან ძვირი და არ ჰყავდა დიდი ინვესტორები”, – აცხადებს პეტერსენი. მისი თქმით, ამ პროექტის ღირებულება 7 მილიარდი ევრო იყო.

 

ტაპ-ის პროქტი ითვალისიწნებს შაჰ დენიზი 2-ის გაზის ტრანსპორტირებას იტალიაში საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით.

 

“ის უერთდება ტრანს-ანატოლიის მილსადენს, რომელიც აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის.  ანუ ტაპი, საბოლოო ჯამში, სამ მილსადენს გააერთიანებს და არ მოითხოვს ერთი მეგა-მილსადენის აშენებას, როგორიც ნაბუქო უნდა ყოფილიყო”, – ამბობს ვილსონის ცენტრის ენერგოსაკითხების მრჩეველი.

 

მისივე თქმით,  ნაბუქოს პროექტის ჩავარდნა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს:

 

“განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც გაზპრომს მონოპოლია აქვს და კრემლი ხშირად სწორედ ენერგორესურსებს იყენებს გავლენის მოსახდენად აღმოსავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანაზე. თუმცა ეს გავლენა დიდხანს ალბათ არ გაგრძელდება.  ტაპს, სავარაუდოდ, არაერთი განშტოება ექნება, რომლებიც პირდაპირ ამ ქვეყნებში ჩაიტანს გაზს და, შესაბამისად, შეამცირებს მათ რუსულ გაზზე დამოკიდებულებას.”

 

ტაპ-ის პროექტს დააფინანსებენ ნორვეგიული სტატოილი, პროექტ შაჰ დენიზ-2-ის კონსორციუმის წევრები – ბრითიშ პეტროლიუმი, აზერბაიჯანის სოკარი, ტოტალი და სხვები.

 

“რეგიონში მთავარი გეოპოლიტიკური ცვილილება, რომელმაც ტაპ-ის უპირატესობაზე იმოქმედა, ის არის, რომ რეგიონში აზერბაიჯანის და სახელმწიიფო კომპანია სოკარის პროფილი შეიცვალა.  სოკარი ამჟამად უმსხვილესი ინვესტორია თურქეთის ენერგოსივრცეში და  ძალიან აქტიურად აკეთბს ინვესტიციებს ევროპაშიც.  ანუ, ამით ის შეიცვალა, რომ თუ აქამდე რეგიონის ენერგ სივრცეში მთავარი მოთამაშეები რუსეთი და თურქეთი იყო, ახლა მათ აზერბაიჯანი დაემატა”, –  ალექსანდროს პეტერსენი.

ნაბუქოს პროექტი
ნაბუქოს პროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი