„ფაქტორინგი“ ვაჭრობის სექტორში მთელ მსოფლიოში აპრობირებული პროდუქტია. „ნეტგაზეთთან“ საუბარში „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე განმარტავს, რომ საქართველოს საბანკო ბაზარზე ეს პროდუქტი „ვითიბი ჯგუფმა“ 2013 წლის ივნისში შემოიტანა:
„ფაქტორინგი ფინანსური ინსტრუმენტია. მის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ პროდუქტის გამყიდველი აძლევს გადავადებული გადახდის საშუალებას მყიდველს. თვითონ კი ბანკისგან იღებს ფულად სახსრებს საქონლის მიწოდებისთანავე.“
არჩილ კონცელიძე ამბობს, რომ „ფაქტორინგი“ საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაზარდოს გაყიდვების მოცულობა: “მოხდეს ხარჯების ოპტიმიზაცია, დაჩქარდეს ფულადი სახსრების ბრუნვადობა, გაიზარდოს ახალი მყიდველების რაოდენობა, შემცირდეს დებიტორული დავალიანება კრედიტორული დავალიანების გაზრდის გარეშე.“
„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ „ფაქტორინგზე“ ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა მზარდია და პირველი მემორანდუმი ღვინის კომპანია „ქინძმარაულის მარანთან“ უკვე გაფორმდა.
„ქინძმარაულის მარანის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ტალახაძე ამბობს, რომ „ფაქტორინგი“, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს რუსეთთან ვაჭრობას:
„რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გაყიდულ პროდუქტზე მივიღებთ თანხებს ბევრად უფრო ადრე, ვიდრე პროდუქტის რეალიზაცია მოხდება. შევძლებთ საბრუნავი სახსრების უფრო ადრე გამოყენებას. ჩვენმა კონტრაგენტმა უკვე აიღო აქციზური მარკები, რომელიც უნდა გამოგვიგზავნონ. შემდეგ გაიგზავნება პროდუქცია. „ვითიბი ფაქტორინგთან“ გავაფორმებთ ხელშეკრულებას. „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ მოგვცემს რეალიზაციის თანხას, რასაც გამოაკლდება „ფაქტორინგის“ პროცენტი. „ვითიბი ფაქტორინგი“ კი ჩვენი დისტრიბუტორებისაგან გაყიდული თანხას ამოიღებს.“
რა მოცულობის გარიგებას დადებს „ქინძმარაულის მარანი“ „ვითიბი ფაქტორინგთან“ და როგორი იქნება მომსახურების პროცენტი, ირაკლი ტალახაძე პროგნოზს ვერ აკეთებს:
„პირველი ექვსი თვის განმავლობაში გამოჩნდება, როგორია რუსეთის ბაზარი და რამხელა რეალური მოთხოვნაა.
მოლოდინები ზოგ შემთხვევაში გადაჭარბებულია. ზოგ შემთხვევაში კი, ცოტა უფრო შემცირებული. იმედი გვაქვს, რომ პირველი წლის განმავლობაში რუსეთის ბაზარზე 800 ათასიდან ერთ მილიონ ბოთლამდე გადავტვირთავთ.“
„ვითიბი ფაქტორინგთან“ მემორანდუმის გაფორმებას გეგმავს „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“. კომპანიის გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ პროდუქტზე განაცხადი „ვითიბი ბანკ ჯორჯიაში“ ჯერ კიდევ ორი წლის წინ გააკეთეს:
„ორი წლის წინ ბანკში ამ სერვისზე უარი გვითხრეს. ახლა, რადგან რუსეთის ბაზარი გაიხსნა, ამ პროდუქტზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. „ფაქტორინგის“ შემთხვევაში რისკები მაქსიმალურად დაცულია. მთელი მსოფლიო მუშაობს ამ მეთოდით. მყიდველსა და მწარმოებელს შორის ურთიერთობები უფრო ცივილურია.“
ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ რუსეთის ბაზარზე ლარსის გავლით, პროდუქციის პირველი პარტია უკვე გადაზიდა:
„ჩვენი ღვინო უკვე განბაჟებულია. პირველი მანქანა „ძველი კახეთი“ რუსეთში შევიდა და განბაჟდა. ამ კვირაში ჩვენ მივიღებთ ცალკე ათ მანქანაზე განკუთვნილ აქციზურ მარკებს. გვაყვს სამი კონტრაქტორი, რომელიც ჩვენს პროდუქციას რუსეთის ბაზარზე გაიტანს. ჩვენი პროგნოზით, ერთ კალენდარულ თვეში რუსეთის ბაზარზე 250 ათას ბოთლ ღვინოს გადავტვირთავთ.“
„ვითიბი ფაქტორინგის“ წარმომადგენელი არტიომ შარიბჟანოვი განმარტავს, რომ მისი კომპანია საქართველოში „ფაქტორინგს“ იმ კომპანიებს მიჰყიდის, რომლებიც მინერალური წყლების, ალოჰოლური სასმელების, ფეროშენადნობების, კონცენტარატების და სპილენძის მადნების ენერგოსექტროში და სასოფლო- სამეურნეო სფეროში არიან წარმოდგენილი:
„ფაქტორინგი მოიცავს დაფინანსებას, რისკების დაფარვას. ეს მექანიზმი ასე მუშაობს: დაინტერესებული კომპანია მიმართავს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ და გადასცემს ინფორმაციას საკუთარ მომხმარებელზე რუსეთში. „ვითიბი ფაქტორინგი აანალიზებს მომხმარებლის ფინანსურ მდგომარეობას და საკუთარ თავზე იღებს რისკებს. დადებითი პასუხის სემთხვევაში ხელშეკრულება ფორმდება „ვითიბი ბანკ ჯორჯიასთან“. კომპანიას გააქვს პროდუქტი რუსეთის ბაზარზე. ის გადახდის გადავადებით იღებს დაფინანასებას ბანკისგან. მომხმარებელი რუსეთში ახორციელებს ანგარიშსწორებას მიწოდებული პროდუქციისთვის. მომხმარებლის დეფოლტის შემთხვევაში „ვითიბი ფაქტორინგი“ აუნაზღაურებს „ვითიბი ჯორჯიას“ ზარალს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტირებულმა პროდუქციამ რუსეთის ბაზარზე ხელახალი სერთიფიცირება ვერ გაიარა, რისკის ანაზღაურება მწარმოებელ კოპანიას მოუწევს“.
„კახეთის ტრადიციული მეღვინეობის“ გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ თუ ქართული მწარმოებელი რუსეთის ბაზარზე უხარისხო პროდუქტს შეიტანს, შესაბამისად, მას რისკის ანაზღაურება მოუწევს. თუმცა ჩხაიძე ამბობს, რომ ქართული ღვინის ხარისხი ადგილობრივ ბაზარზე მკაცრად გაკონტროლდება.
ქართველი მეწარმეები ამბობენ, რომ „ფაქტორინგით“ სარგებლობა მათ უკრაინის ბაზარზე სურთ, რადგან ამ ქვეყანაში ღვინის რეალიზაციის მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალია. „ვითიბი ფაქტორინგის“ წარმომადგენელი არტიომ შარიბჟანოვი განმარტავს, რომ უკრაინის ბაზარზე საქართველოსთვის „ფაქტორინგის“ დანერგვა მსჯელობის საგანია და ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ვითიბი ფაქტორინგი“ რუსეთის ფაქტორინგის ბაზრის ლიდერია. კომპანია რუსეთის ყველა მსხვილ ქალაქში საქმიანობს და მისმა ბრუნვამ 8 მილიარდი აშშ დოლარი შედგინა. „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს.