ეკონომიკა

“არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” პროვაიდერმა კლინიკებმა უჩივლეს

21 იანვარი, 2013 • • 2317
“არქიმედეს გლობალ ჯორჯიას”  პროვაიდერმა კლინიკებმა უჩივლეს

სადაზღვევო კომპანია
სადაზღვევო კომპანია

ჯოენის კლინიკის ოპერატორმა  „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“  მომართვებს კლინიკა უკვე ერთი თვეა აღარ ემსახურება: 

 

„სამწუხაროდ, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ მომართვებს აღარ ვიღებთ. შეწყვეტილია მათი მომსახურება დაახლოებით ერთი თვეა. ახლა ამ სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი არ ვართ და ხელშეკრულება შეჩერებული გვაქვს.“

 

ჯოენის კლინიკაში „არქიმედეს გლობალ ჯორჯიასთან“ ხელშეკრულების შეჩერების მიზეზებზე არ საუბრობენ. თუმცა „ნეტგაზეთი“  ამ კლინიკის რამდენიმე პაციენტის მშობელს გაესაუბრა, რომელთაც განაცხადეს, რომ „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ დაზღვევის ქონის მიუხედავად, მათ მომსახურების საფასური სრულად გადაახდევინეს და განუმარტეს, რომ სადაზღვევო კომპანია მომსახურების ფულს არ რიცხავს და ამიტომაც “არქიმედეს” მიმართვებით პაციენტებს არ ემსახურებიან.

 

 „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი საგანელიძე ამბობს, რომ ჯოენის კლინიკასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს: „მე არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯოენის კლინიკა აღარ გვემსახურება. არავისთან პრობლემა არ მაქვს, ყველასთან ვთანამშრომლობთ. ვემსახურებით ყველას ჩვეულებრივად.  რამოდენიმე პროვაიდერმა თუ შეიტანა მედიაციის სამსახურში ჩვენ წინააღმდეგ საჩივარი, ეს ბუნებრივი პროცესია. არაფერი პრობლემატური ამაში არ არის. საჩივრები შეაქვთ და გამოაქვთ.“

 

გიორგი საგანელიძის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამების მომსახურებას საფრთხე არ ემუქრება.

  

სამედიცინო მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელი სოფიო ლებანიძე „არქიმედეს გლობალ ჯორჯიასთან“ პროვაიდერების პრეტენზიებს ადასტურებს: „მე არ მინდა დავარღვიო საკანონმდებლო ნორმა, რომელიც რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივასთან არის დაკავშირებული. ვერ დავასახელებ იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებმაც ოფიციალურად მიმართეს მედიაციის სამსახურს სასარჩელო წესით. საკითხი ეხება ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობას სადაზღვევი კომპანიის მხრიდან.    ვადასტურებ, მედიაციის სამსახურში არსებობს რამდენიმე მომართვა, როდესაც სამედიცინო დაწესებულება უჩივის „არქიმედეს გლობალს ჯორჯიას“ ფინანსური ვალდებულებების გაუსტუმრებლობის გამო.“

 

სოფიო ლებანიძის განმარტებით, მედიაციის სამსახური, კანონმდებლობის მიხედვით, არის პირველი რიგის ინსტანციის ორგანო სადაზღვევო კომპნიებს, პროვაიდერებს და დაზღვეულებს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში: „რამდენიმე სარჩელი შეთანხმებით დასრულდა. მოსარჩელე და მომჩივანმა მხარემ შეთანხმების ოქმს მოაწერეს ხელი. რიგ შემთხვევაში კი დავის მხარები ვერ მორიგდნენ და მედიაციის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება რეკომენდაციის ფორმით.“  

 

„არქიმედეს გლობალს ჯორჯიას“ , ჯანდაცვის სამინისტროს სოცუზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, 243 607 მოქალაქე ჰყავს დაზღვეული. კომპანია ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს.

 

2012 წლის 1 სექტემბრიდან კომპანიის სადაზღვევო პოლისი ყველა თბილისელ პენსიონერს, 5 წლამდე ასაკის ბავშვებს და სტუდენტებს გადაეცათ.

 

სახელმწიფოს მიერ 2012 წლის გაზაფხულზე გამოცხადებული ტენდერი „არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“ მოიგო და მას თითო პოლისში სახელმწიფო 15,75 ლარს უხდის.

 

ინფრმაცია პირველად „არქიმედეს გლობალს ჯორჯიას“ პროვაიდერებთან არსებული  პრობლემების შესახებ 2012 წლის ოქტომბერში გავრცელდა. მაშინ  „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა ნიკა რამიშვილმა  სამედიცინო დაწესებულებები დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ფიანანსური პრობლემები არ ჰქონდა:

 

„კომპანია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და სადაზღვევო პირობების შესაბამისად მოსახლეობის მომსახურებას განაგრძობს. დაზღვეულ მოქალაქეებს ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებლობა აქვთ, დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე (2 45 11 11), რომელიც ასევე უწყვეტად აგრძელებს ფუნქციონირებას.“

 

2012 წლის 11 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე სადაზღვევო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ რამიშვილმა გამაცხადა, რომ 1 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით კომპანია უკვე მოემსახურა 3231 ადამიანს. სადაზღვევო მომსახურების ანაზღაურებამ 4 მილიონ 980 436 ლარი შეადგინა.

 

2013 წლის იანვრამდე სახელმწიფო პროგრამების მომსახურების სტატისტიკა, როგორც „არქიმედეს გლობალს ჯორჯიაში“ განმარტავენ, დამუშავების პროცესშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი