ეკონომიკა

უცხოეთში, ან გისოსებს მიღმა – ბიზნესის ბედი საქართველოში

30 სექტემბერი, 2012 • 2483
უცხოეთში, ან გისოსებს მიღმა – ბიზნესის ბედი საქართველოში

„ეს სია მიუთითებს იმაზე, რომ ამ წლების განმავლობაში იყო მცდელობა, ბიზნესი მოქცეულიყო პოლიტიკურ კონიუნქტურაში. ის ბიზნესი, რომელსაც აქვს დიდი ბრუნვა, გამოირჩევა სტაბილურობით, შემოსავლების მობილიზებით და, შესაბამისად, კონიუნქტუარშიც ზის. ამ ბიზნესმენებმა რაღაც დროის შემდეგ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს, ან კონკრეტულ სიტუაციაში ხელისუფლებისთვის ისინი აღარ იყვნენ საჭირო,“ – ამბობს „ბიზნეს ენდ პოლიტიკალ ინსაიდის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ლექვინაძე.

 

საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ სიაში არიან ბიზნესმენები: რონი ფუქსი, ზეევ ფრენკელი, ქიბარ ხალვაში, დავით ბეგიაშვილი, „მთაწმინდის პარკის“ პროექტების მენეჯერი გიორგი გეგელია, შპს „ელექტროსტანდარტის“ დირექტორი რუსლან გალოგრე, “მაგნატი“-ის მფლობელი ჯემალ ლეონიძე, „ელიტ ელექტრონიქსის“ მფლობელი ანზორ ქოქოლაძე, „აგარის შაქრის“ ქარხნის მფლობელი გოჩა ძასოხოვი, „ნიბა-ინვესტის“ მფლობელი ბაკურ კიღურაძე.

 

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე ამბობს, რომ „ამ სიაში მოხვედრილი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლების პროექტებს აფინანსებდნენ და ამის მიუხედავად, ისინი მაინც გაწირეს. როგორც ჩანს, ბიზნესების გადანაწილების პროცესი ხელისუფლებაში გავლენების გადანაწილებას უკავშირდება“.

 

„არტი ჯგუფის“ და ტელეკომპანიების – „რუსთავი 2“-ისა და „მზის“ წილის ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში აცხადებდა, რომ ხელისუფლებამ მისი კომპანიები უკანონოდ დააყადაღა და გააკოტრა მას შემდეგ, რაც მისი მეგობარი ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბა.

 

კომპანია, „არტი ჯგუფი“, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა, საქართველოში Procter&Gamble, Gillette, Uni, Dilmah-ისა და Sara Lee-ის პროდუქციის ექსკლუზიური შემომტანი იყო. კომპანია 2007 წლის 24 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ახსნა-განმარტების გარეშე დალუქა. მოგვიანებით კომპანია საბაჟო წესების დარღვევაში დაადანაშაულეს და სოლიდური ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

 

2007 წლის დეკემბერში „არტი ჯგუფის“ საწყობები დაიწვა და კომპანიისათვის მიყენებულმა ზარალმა 7 მილიონი დოლარი შეადგინა.
გერმანიაში ემიგრირებული ქართველი ბიზნესმენი ქიბარი ხალვაში, რომელიც საქართველოში არც ერთ აქტივს აღარ ფლობს, „არტი ჯგუფის“ ქონებაზე სასამართლო დავას საერთაშორისო სასამართლოში აგრძელებს.

 

„ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი მფლობელი ანზორ ქოქოლაძე ერთ-ერთი ბიზნესმენია, რომელიც 2012 წლის 26 მაისს პრეზიდენტმა შეიწყალა. ქოქოლაძე სასჯელს 22 თვე იხდიდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ანზორ ქოქოლაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას ედავებოდა:

 

„ქოქოლაძემ 2008-2009 წლებში, სხვადასხვა უკანონო გარიგების საფუძველზე, თაღლითურად აარიდა თავი სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას”.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ანზორ ქოქოლაძე ამბობს, რომ ის პატრიარქის თხოვნით შეიწყალეს. ბიზნესმენი ღიად აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა:

 

„ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ფორმატში ერთადერთი მაღაზია გავხსენი – თამარაშენის მაღაზია. ისედაც, ბიზნესი დაპირისპირებულ რეჟიმში არ უნდა იყოს ხელისუფლებასთან, მაგრამ ზედმეტად დაახლოებული ურთიერთობა, ან რაიმე უკანონო გარიგება ჩვენ არასოდეს გვქონია, ამას ვერავინ იტყვის.“

 

ქოქოლაძემ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 2011 წლის სექტემბერში შეიტანა “ელიტ ელექტრონიქსის” წილის დასაკუთრების ნაწილში. სარჩელი სასამართლოს წარმოებაში ჯერ არ მიუღია.

 

„აგარის შაქრის“ მფლობელმა გოჩა ძასოხოვმა საქართველო 2008 წლის აგვისტოში დატოვა. ძასოხოვი, რომელიც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციისა და საზოგადოება „დინამოს“ პრეზიდენტი იყო, პეკინის ოლიმპიადიდან საქართველოში აღარ დაბრუნდა. ამჟამად ის რუსეთში მოღვაწეობს. გოჩა ძასოხოვი ფულის გათეთრებაშია ბრალდებული.

 

2008 წლის აგვისტოში შემოსავლების სამსახურმა დააყადაღა ძასოხოვის კუთვნილი საწარმოები: აგარის შაქრის ქარხანა „ქართული შაქარი“, ვაშლის, ყურძნისა და მანდარინის კონცენტრატების ქარხნები გურჯაანში, ქობულეთსა და აგარაში, პომიდვრის საცდელი მეურნეობები მარნეულში, ხეხილის ბაღები შიდა ქართლსა და კახეთში, „აგროინვესტბანკი“ და სასტუმრო „ივერია“ქობულეთში. ქონების ნაწილს სახელმწიფო დაეპატრონა, ნაწილს კი _ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები.

 

ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძეს დაკავებამდე შპს “მაგნატი 2006”-ის 75 პროცენტი ეკუთვნოდა. კომპანია ქვეყნის ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო ქსელების 8-10 – მფლობელი იყო. „მაგნატს“ გააჩნდა –4 ნავთობტერმინალი, 42 ბენზინგასამართი სადგური, სამი რესტორანი, მეფრინველეობის ფაბრიკა. კომპანიის ქსელებიდან ყოველთვიურად 5,5 მილიონი ლიტრი ნავთობპროდუქტის რეალიზაცია ხორციელდებოდა.

 

ჯემალ ლეონიძე 2009 წლის აგვისტოში სსკ 180 და 362-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დააპატიმრეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენის სახით განუსაზღვრა 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა და სახელმწიფოს სასარგებლოდ 50 000 ლარის ზარალის ანაზღაურება

 

ჯემალ ლეონიძის ადვოკატი ზურაბ თოდუა ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანი იყო მისი განეიტრალება და ბიზნესიდან ჩამოშორება: “მაგნატის“ ქსელი ხელში ჩაიგდო კომპანია „გალფმა“, რომელიც ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული, არავითარ მაქინაციასა და თაღლითობაში ლეონიძე არ მონაწილეობდა. სისხლის სამართლის საქმე არის შეთითხნილი. ლეონიძის საქმე სტრასბურგშია, ყოფილი ბიზნესმენი კი – რუსთავის 16-ე საპყრობილეში.“

 

ბიზნესმენმა ბაკურ კიღურაძემ, რომელიც ჯაშუშობაშია ბრალდებული, კომპანია “ნიბა ინვესტი” 2004 წელს მაშინდელი გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე ნიკო ლეკიშვილთან ერთად დააფუძნა. ისინი კომპანიის 50-50%-ოან წილებს ფლობენ.

 

კომპანია თბილისში ახორციელებდა მრავალმილიონიან დეველოპერულ პროექტს – “ნიბა დელისს”. კიღურაძე მის დაკავებას სწორედ ამ პროექტიდან მისი გაძევების მცდელობას უკავშირებს.

 

ბაკურ კიღურაძის საქმემ ქართული სასამართლოს ყველა ინსტანცია მოიარა. ბიზნესმენი, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, სამართალდამცავებმა 2010 წლის 13 ივლისს დააკავეს და ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის მარტში გაასამართლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სსკ-ს 314-ე მუხლის 1 ნაწილით (ჯაშუშობა) და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი უცვლელად დატოვა ყველა ზემდგომმა ინსტანციამ. 12-ტომიან საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი. მთავარი ნივთმტკიცებები კი განადგურებულია.

 

„ტრაგიკომიკურია, როცა მეწარმეებს წაყენებული აქვთ 314-ე (ჯაშუშობა), 260-ე (ნარკოტიკთან დაკავშირებული დანაშაული), 223-ე (უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა ან/და მასში მონაწილეობა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, ამას გარდა, კიდევ სხვადასხვა კვალიფიკაციით არიან ბიზნესმენები გასამართლებული“, – აცხადებენ ბიზნესმენთა უფლებადამცველები.

 

„ახალი მემარჯვენეების“ ეკონომიკური მიმართულების ექსპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ საქართევლოში ბიზნესის უფლება არ არის დაცული:

 

„ბიზნესი გახდა ის ინსტრუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ხელისუფლების ძალაუფლებას. ქვეყანაში მხოლოდ იმ ბიზნესმენს ეძლევა მუშაობის საშუალება, რომელიც ხელისუფლებასთან უშუალო კავშირშია. ვინც ოდნავ წინააღმდეგობა ან პროტესტი გამოთქვა, ყველა ბიზნესმენი ციხეში აღმოჩნდა.“

მასალების გადაბეჭდვის წესი