ეკონომიკა

რა აძვირებს სამომხმარებლო სესხებს

16 აგვისტო, 2012 • 2285
რა აძვირებს სამომხმარებლო სესხებს

მაგალითად, „თი ბი სი ბანკსა“ და “პროკრედიტ ბანკში” სამომხმარებლო სესხის გაცემის საკომისიო 30-დან 40 ლარამდე გაიზარდა. ბანკ “რესპუბლიკაში” სამომხმარებლო სესხის გაცემის საკომისიო თანხა ისევ 20 ლარია, თუმცა საბანკო ანგარიშის მომსახურების ღირებულება თვეში 90 თეთრიდან 1,90 ლარამდე გაიზარდა.

რის ხარჯზე იზრდება კრედიტორებისთვის საბანკო სესხები? – ამ საკითხის გასარკვევად “ნეტგაზეთი” კომერციულ ბანკებს დაუკავშირდა.

“თიბისი ბანკიდან” სესხის აღების შემთხვევაში, მომხმარებელმა ანგარიშის გახსნისთვის 10 ლარი უნდა გადაიხადოს, ასევე, 40 ლარი – სესხის გაცემის საკომისიოს ღირებულება. ამას ემატება სესხის 0.7% – კლიენტის სიცოცხლის დაზღვევისთვის. საბანკო ანგარიშის მომსახურების საკომისიო თვეში 90 თეთრია. სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი 18-36 პროცენტამდე იცვლება.

იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი 2000– ლარიან სესხს იღებს “პროკრედიტ ბანკიდან” ორი წლის ვადით, ის ხელზე 1956 ლარის გატანას შეძლებს, რადგან ჩამოეჭრება ანგარიშის გახსნის ღირებულება (10 ლარი), სესხის გაცემის საკომისიო (40 ლარი) და სალაროდან თანხის გატანის საკომისიო (0.2%). “პროკრედიტ ბანკში” სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი 18-23 პროცენტია. 2000 ლარის მოცულობის ორწლიანი სესხის გატანის შემთხვევაში, კლიენტს პროცენტის სახით ზედმეტად 515,20 ლარის გადახდა მოუწევს.

დაახლოებით 450 ლარს გადაიხდის პროცენტის სახით “რესპუბლიკა ბანკის” კრედიტორი 2000 –ლარიანი სესხის ორი წლის ვადით აღების შემთხვევაში. აღნიშნულ ბანკში ანგარიშის გახსნა 10 ლარი ღირს, ანგარიშის მომსახურება თვეში – 1.90 ლარი, სესხის გაცემის საკომისიო 20 ლარია, კლიენტის სიცოცხლის დაზღვევა სესხის 1% ღირს, მომხმარებლის „კრედიტ ინფოში“ გადამოწმება – 3 დოლარი.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ლია ელიავას განმარტებით, ბანკებში  სესხის გაცემის  საკომისიო საკმაოდ მაღალია:

„ბანკებში მომსახურების ფასის ზრდის პროცესი გრძელდება. ეს იმით არის განპირობებული, რომ ბანკებს უჭირთ საკრედიტო რესურსის განთავსება. კრედიტების გაცემის დინამიკა შემცირებულია. მოსახლეობას აქცენტი აქვს აღებული საკრედიტო ბარათებზე. ურჩევნიათ, რომ ყოველთვის ჰქონდეთ ხელმისაწვდომი საკრედიტო რესურსი და როცა დასჭირდებათ, მაშინ გამოიყენებენ. საკრედიტო საქმიანობიდან ბანკებს შემოსავლები უმცირდებათ, ამიტომ ცდილობენ, მოგება სესხის გაცემის საკომისიოს ზრდის ხარჯზე მიიღონ. ბანკებს კანონმდებლობა არ ავალდებულებს, რომ კლიენტების მომსახურების ტარიფები ეროვნულ ბანკთან შეათანხმონ“.  

ლია ელიავას შეფასებით, ბანკები მტაცებლურ პოლიტიკას აგრძელებენ:  

„ქვეყნის პრეზიდენტმა ორჯერ მიმართა ბანკებს, რათა საპროცენტო განაკვეთები შეემცირებინათ, მაგრამ განუხრელად ზრდიან მომსახურების ღირებულებას. საქართველოში ბანკები არიან ველური კაპიტალიზმის ხანაში. საბანკო სექტორი სარგებლობს ხალხის მძიმე მდგომარეობით და აწესებს მაღალ საპროცენტო განაკვეთებს.“  

„ილიაუნი ბიზნესრევიუს“ მკვლევარი  გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ  საკრედიტო რესურსები ძვირია და ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის  შემცირებით მონეტარული პოლიტიკის შერბილება უნდა მოახდინოს:

„საკრედიტო რესურსს აძვირებს ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. ცენტრალური ბანკი არ ამცირებს რეფინანსირების განაკვეთს, რადგან ინფლაციის ეშინია. კომერციულ ბანკებს კრედიტის საპროცენტო განაკვეთში მოგების მაღალი მარჟა და რისკის მაღალი პროცენტი აქვთ ჩადებული“.  

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2012 წლის 18 ივლისს ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 5,75 პროცენტამდე შეამცირა. 2011 წლის ივლისში განაკვეთი 7,25 პროცენტი იყო.
რეფინანსირების  განაკვეთის კლების და მონეტარული პოლიტიკის შერბილების მიუხედავად, საბანკო ბაზრზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება არ მომხდარა.

საქართველოს საბანკო სექტორი 19 ბანკით არის წარმოდგებილი. ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 13-დან 17 პროცენტამდეა.  სამომხმარებლო სესხზე საპროცენტო განაკვეთი 15-დან 30 პროცენტამდე იცვლება. საკრედიტო ბარათებზე განაკვეთი წლიური 36 პროცენტია. იპოთეკურ სესხებზე კი 12-16 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი