ეკონომიკა

როგორ იცვლება თბილისის ბიუჯეტი წინასაარჩევნოდ

10 აგვისტო, 2012 • 1387
როგორ იცვლება თბილისის ბიუჯეტი წინასაარჩევნოდ

“დადიან მმართველი პარტიის დეპუტატები, მოსახლეობას ჰპირდებიან – გზებს დაგიგებთ, ეზოს მოგიწყობთ და ა.შ. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თბილისის ბიუჯეტით წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარი თავი დაეფინანსებინა,“ – ამბობს თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ჯაბა სამუშია.

თბილისის სხვადასხვა უბანში საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის პროცესი ბოლო პერიოდში თვალშისაცემად გააქტიურდა. სუხიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის წინ, რომლის მოსახლეობაც ეზოში სკამების დადგმას დიდი ხნის მანძილზე ითხოვდა, ხის მოჩუქურთმებული სკამი მიიტანეს რამდენიმე კვირის წინ. სკამები გაჩნდა ასევე მეზობელი კორპუსების წინ, სადაც აქამდე “ბირჟაზე” შეკრებილი ახალგაზრდები ხის მორებზე და ქვებზე ისხდნენ.

 

თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, თამაზ შოშიაშვილი აცხადებს, რომ შიდა ეზოების კეთილმოწყობა თბილისის ბიუჯეტში ყოველწლიურად პრიორიტეტულია და ეს არჩევნებს არანაირად არ უკავშირდება, თუმცა აშკარაა, რომ ამ სფეროების დაფინანსება საარჩევნო წლებში თითქმის ორმაგდება ხოლმე.

 

მაგალითად, 2010 წელს, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, თბილისის ბიუჯეტიდან კეთილმოწყობისთვის 80 მილიონზე მეტი ლარი გამოიყო. არასაარჩევნო – 2011 წელს ეს რიცხვი განახევრდა და 2012 წლისთვის ისევ 50 მილიონამდე გაიზარდა.

 

ყველაზე დიდი ოდენობით თანხები თბილისის ბიუჯეტიდან საარჩევნო წლებში სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებისთვის იხარჯება: მაგალითად, 2010 წელს სოციალური პროგრამებისთვის, ჯამში, დაახლოებით 113 მილიონი ლარი გამოიყო თბილისის ბიუჯეტიდას, 2011-ში ამ რიცხვმა 85 მილიონამდე იკლო. მიმდინარე წლის ბიუჯეტით კი, რომელშიც ბოლო ცვლილება 29 ივნისს შევიდა, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისთვის 109 მილიონამდეა გათვალისწინებული.

 

აღნიშნული პროგრამიდან თანხები იხარჯება უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო კვებისთვის, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ავარიული და საცხოვრებლად საშიში შენობებიდან გამოყვანილი, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით (ბინის ქირის ასანაზღაურებელი კომპენსაცია) უზრუნველყოფისთვის და ა.შ.

 

იმის საილუსტრაციოდ, რომ სოციალური მიმართულება პრიორიტეტული მხოლოდ საარჩევნო პერიოდში ხდება დედაქალაქის ბიუჯეტში, “სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის”, კვლევისა და რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი შოთა მურღულია რამდენიმე ფაქტს იხსენებს. მაგალითად, 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდა დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსიის 5– ლარიანი დანამატი, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს კი თბილისელი პენსიონერებისთვის პენსია 10 ლარით გაიზარდა.

 

“ორივე არჩევნებზე მოუმატეს პენსიას თბილისში და მისი გასვლის შემდეგ დანამატი გააუქმეს, თუმცა მაშინ სახელმწიფომ მთელ ქვეყენაში გაზარდა პენსია და მოსახლეობისთვის ეს ფაქტი განსაკუთრებით საგრძნობი აღარ გამხდარა,“ – ამბობს მურღულია “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

მისივე თქმით, 2010 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, თბილისის მერიამ  ქალაქის ბიუჯეტიდან დავალიანების მქონე მოქალაქეებს კომუნალური გადასახადები დაუფარა:

 

“ეს გაუმართლებელი იყო ორი ფაქტორის გამო: ისინი, ვინც ეს გადასახდი გადაიხადა, გამოდის, დაიჩაგრა და ამასთან, მერიამ მაშინ არაპირდაპირი მინიშნება გააკეთა: თუ არ გადაიხდით გადასახადს, არჩევნების პერიოდში ვალს მოგიხსნითო. თუმცა, გავიდა არჩევნები და 2011 წელს, დასუფთავების მოსაკრებლის დენზე მიბმის სქემით, უხეშად რომ ვთქვათ, მოსახლეობას ეს ფული 3-4 ჯერ ამოადინა,“ – ამბობს შოთა მურღულია.

 

სპეციალისტები, რომლებიც თბილისის ბიუჯეტის მონიტორინგზე მუშაობენ, გაუმჭვირვალე ხარჯებზე საუბრობენ, რაც, მათი თქმით, ართულებს იმის დასაბუთებას, გამოიყენებს თუ არა მთავრობა საბიუჯეტო სახსრებს საარჩევნო მიზნებისთვის. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ხელმიუწვდომელია თბილისის მერიის სარეზერვო ფონდის ხარჯები, რომელსაც მერია საკრებულოს თანხმობის გარეშე განკარგავს.

 

“ძალიან დიდი ხანია, თბილისის მერიიდან სხვადასხვა ფორმით ვითხოვთ, მოგვცენ სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ გვპასუხობენ, რომ პირადი ინფორმაციაა, თუ ვისზე ნაწილდება ეს ფული. ჩვენ ვეუბნებით, მაშინ მოგვაწოდონ კონკრეტული ადამიანების დასახელების გარეშე. ამაზეც უარია”, – აცხადებს შოთა მურღულია.

 

თბილისის მერიის სარეზერვო ფონდი საარჩევნო პერიოდში საგრძნობლად იზრდება. მაგალითად, 2010 წელს ამ ფონდის ფინანსებმა 7 მილიონ ლარს მიაღწია. 2011 წელს – 2 მილიონამდე შემცირდა. 2012-ში კი ისევ გაიზარდა, ამჯერად 5 მილიონამდე.  

 

თბილისის საკრებულოს მმართველი პარტიის წევრები 2012 წლის სარეზერვო ფონდის ზრდას დედაქალაქში 12 მაისს მომხდარი სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას უკავშირებენ, თუმცა, კონრეტულად რა ღონისძიებებისთვის გამოიყო თანხა, რომლის განკარგვაც რაიონული გამგეობების ხელმძღვანელების მიერ მოხდება, ასევე უცნობია.

 

შოთა მურღულიას თქმით, საჯარო რესურსის გამოყენება წინასაარჩევნოდ ადვილი შესაძლებელია, თუმცა რთულია, დაადანაშაულო დედაქალაქის მთავრობა იმაში,  რომ ამას არჩევნების წინ ხალხის გულის მოგების მიზნით აკეთებს და ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.

თბილისის ბიუჯეტში რამდენიმე პროგრამაა, რომელშიც დეტალურად არ არის გაწერილი, თუ რას უნდა მოხმარდეს კონკრეტული თანხა. მაგალითად, გაურკვეველია, კონკრეტულად რა ტიპის ღონისძიებები დაფინანსდება “მოსახლეობის ინფორმირების პროგრამისთვის”, რომელიც გათვალისწინებულია თბილსის ბიუჯეტში:

„არის დიდი ეჭვები, რომ ეს პროგრამები წინასაარჩევნოდ აგიტატორების ოჯახებში შესვლას გულისხმობს,“– ამბობს მურღულია. მისივე თქმით, ამ ტიპის ეჭვების გასაფანტად აუცილებელია, რომ ბიუჯეტში დეტალურად იყოს გაწერილი ყველა პროგრამა, რათა შესაძლებელი გახდეს შესაბამისი ხარჯების სწორად იდენტიფიცირება.

სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი