საზოგადოებახელოვნება

სახელმწიფო თეატრები სტუდენტური ფასდაკლებების გარეშე

8 თებერვალი, 2024 • 2423
სახელმწიფო თეატრები სტუდენტური ფასდაკლებების გარეშე

თბილისში მოქმედი 7 სახელმწიფო თეატრიდან, რომელიც ნეტგაზეთმა იკვლია, მხოლოდ ორს აქვს სტუდენტური ფასდაკლების სისტემა.  სტუდენტები ამბობენ, რომ ბილეთებზე ფასდაკლებები მნიშვნელოვნად გაზრდიდა თეატრში მათი სიარულის სიხშირეს. 

ამ სტატიაში ნეტგაზეთი იკვლევს,  რას სთავაზობს სახელმწიფო თეატრები სტუდენტებს თბილისში და როგორ უნდა გახდეს კულტურის მოვლენები ახალგაზრდებისთვის ისევე ხელმისაწვდომი, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია. 

ფასდაკლებული ბილეთები 

ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრი”, ოპერისა და ბალეტის, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა, კოტე მარჯანიშვილის, ალექსანდრე გრიბოედოვის რუსული დრამატული, სანდრო ახმეტელის, შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრები – ეს ჩამონათვალია თბილისის იმ თეატრებისა, რომლებსაც „ნეტგაზეთი” დაუკავშირდა. 

აღმოჩნდა, რომ მათგან სტუდენტური ფასდაკლება აქვთ მხოლოდ თუმანიშვილისა და რუსთაველის ეროვნულ თეატრებს. ორივე თეატრი სალაროში გასცემს სტუდენტური ფასდაკლებით ბილეთებს: რუსთაველის ეროვნულ თეატრში სტუდენტებისთვის ბილეთი 5 ლარი ღირს, ხოლო თუმანიშვილის თეატრში ბილეთის ფასი ნახევრდება.

სტუდენტები „სტუდენტურ ფასდაკლებებზე”

დადიან თუ არა თეატრში სტუდენტები  და რა განაპირობებს სიხშირეს, უსარგებლიათ თუ არა სტუდენტური ფასდაკლებებით, უთქვამთ თუ არა უარი წარმოდგენაზე წასვლაზე ბილეთის ფასის გამო და რომელ თეატრებში ისურვებდნენ ფასდაკლებას – ამ საკითხებზე „ნეტგაზეთი” ესაუბრა სტუდენტებს.

პასუხებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება გამოკვეთა: უმრავლეს შემთხვევაში თეატრში წასვლის ან სიარულის სიხშირეს განაპირობებს ფინანსური ფაქტორი, ამავდროულად, გამოკითხულ სტუდენტებს ერთხელ მაინც ჰქონიათ  შემთხვევა, როდესაც ფინანსური ფაქტორის გამო ვერ უყიდიათ სასურველ სპექტაკლზე ბილეთი:

„თეატრი ძალიან მიყვარს, თუმცა ხშირად ვერ დავდივარ, ალბათ, 2 წლის წინ ვიყავი ბოლოს. სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევა, როცა ფასის გამო უარი მითქვამს ბილეთის ყიდვაზე, ხანდახან 40-50 ლარი ღირს ბილეთები, სტუდენტისთვის ძალიან ძვირია. თან, როცა ასეთი დატვირთული გრაფიკი გვაქვს და ამდენი რამე გვაქვს გასაკეთებელი, რთულია გამონახო დრო და ფინანსები ისეთი მნიშვნელოვანი საღამოსთვის, როგორიც თეატრში წასვლაა“, – გვეუბნება სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ლიზი.

„სტუდენტური ფასდაკლება აუცილებლად გაზრდიდა თეატრში ჩემი სიარულის სიხშირეს. როცა მქონია თეატრში წასვლის საშუალება, ჩემი მეგობრებიდან ვერ მიპოვია წამყოლი, ამის მიზეზი კი უმრავლეს შემთხვევაში ფინანსური ფაქტორია“, – ამბობს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო ფულარიანი.

„ყოფილა რამდენიმე შემთხვევა. ძირითადად ვახერხებ ხოლმე იმ სპექტაკლზე წასვლას, რომელიც ძალიან მაინტერესებს, მაგრამ თუ ბილეთს შეღავათიან ფასში ვიყიდდი, ალბათ, ეს გაახშირებდა ჩემს ვიზიტებს თეატრში. პირადად მე თეატრში მარტო არ დავდივარ, რადგან იქიდან გამოსულს მიყვარს ხოლმე ვინმესთვის შთაბეჭდილებების გაზიარება. ეს უკანასკნელი კიდევ ერთ დამატებით პრობლემას ქმნის, რადგან არ იცი, აქვს თუ არა შენს სტუდენტ მეგობარს ბილეთის ფული”, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გოგა გუგავა.

სტუდენტები აღნიშნავენ, რომ სტუდენტური ფასდაკლებების არსებობას ისურვებდნენ სხვა თეატრებშიც, ამ სიაში წამყვანი ადგილი უჭირავს თბილისის ოპერისა და ბალეტის და ვასო აბაშიძის სახელობის „ახალ თეატრს“:

„სტუდენტური ფასდაკლება გაზრდიდა თეატრში სიარულის სიხშირეს უბრალოდ იმ პირობით, თუ ეს ფასდაკლება შეეხება სხვა თეატრებსაც. ვასო აბაშიძის სახელობის „ახალ თეატრში“ ძალიან კარგი სპექტაკლებია, თუმცა ბილეთების ღირებულება სტუდენტისთვის არცთუ ისე მისაღებია“, – გვეუბნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა ბარბაქაძე. იგი ასევე აღნიშნავს, რომ სტუდენტური ფასდაკლებით ბილეთის შეძენის პრაქტიკა რომელ თეატრებშიც არსებობს, ძალიან მოუხერხებელია, რადგან ადგილზე მისვლაა საჭირო: „ძალიან მოუხერხებელია, როდესაც ონლაინ პლატფორმით ვერ სარგებლობ, ბევრს არ აქვს იმის დრო, სალაროში მივიდეს, დაამტკიცოს, რომ სტუდენტია და ისე შეიძინოს ბილეთი.“

„ოპერისა და ბალეტის თეატრში ვისურვებდი ფასდაკლებას, რადგან ყველაზე ძვირია. ახლა რომ ვუფიქრდები, ფასის გამო გადამიფიქრებია წასვლა”, – აღნიშნავს ნინო ფულარიანიც.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ბარბაქაძე ამბობს, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ხშირად ვერ უყიდია ბილეთი იმის გამო, რომ ძალიან ძვირი იყო, მიუხედავად იმისა,  მისი  ოპერისა და ბალეტისადმი ინტერესი დიდია.

თეატრების პასუხი და ხედვა სტუდენტურ ფასდაკლებებზე

„ნეტგაზეთი” სტუდენტების მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე დაუკავშირდა თბილისის ოპერისა და ბალეტის და ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრებს. ასევე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრსაც, რადგან, როგორც გაირკვა,  წინა წლებში ჰქონდათ სტუდენტური ფასდაკლება, თუმცა ამ ეტაპზე არ აქვთ:

„გვქონდა სტუდენტური ფასდაკლება, თუმცა კოვიდის შემდეგ აღარ გვქონია, ახლა დამუშავების პროცესშია და აუცილებლად გვექნება. ბრძანება უნდა გამოიცეს და დამტკიცდეს, ცოტათი რთული პროცესია. თეატრში მიმდინარე ცვლილებებიდან გამომდინარე, ეს ჯერ ვერ მოხერხდა, თუმცა აუცილებლად გავაკეთებთ უახლოეს მომავალში”, – ამბობს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი თინა კალატოზიშვილი.

ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრი” ყველაზე პოპულარული თეატრია თბილისში. 2023 წელს პროცენტულად მას ჰქონდა მაყურებლის ყველაზე დიდი (95%-იანი) დასწრება. შესაბამისად, სტუდენტური ფასდაკლების სურვილიც დიდია ამ თეატრში. 

„ნეტგაზეთი” სტუდენტური ფასდაკლებების საკითხზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ დავით დოიაშვილს ესაუბრა:

„არ გვაქვს სტუდენტური ფასდაკლება, თუმცა გვაქვს ფასთა კვოტირება: 10- ლარიანი ბილეთებიც გვაქვს, რომლებიც სწორედ სტუდენტებზეა გათვლილი. ასევე, თუ სპექტაკლზე მოდის სტუდენტი და ამბობს, რომ სტუდენტია, უფასოდ ვუშვებთ სპექტაკლზე.”

რა შეიძლება ყოფილიყო ფაქტორი სტუდენტური ფასდაკლების არსებობისთვის, მათ შორის იქნებოდა ეს თუ არა სახელმწიფოს ჩართულობა, გვპასუხობს:

„ძალიან კარგი იქნებოდა, თუ სახელმწიფო თანადაფინანსებაში შემოვიდოდა. თუნდაც გააკეთებდა ისე, როგორც გერმანიაშია, როცა თეატრი სახელმწიფოს წარუდგენს  დამსწრე სტუდენტთა რიცხვს და ის დანამატს უკეთებს, თუმცა არ მგონია, ეს მოხდეს.”

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გვიპასუხეს, რომ სტუდენტური ფასდაკლებები არ აქვთ:

„ყველაზე იაფიანი ბილეთები 10 ლარიდან იწყება, ამაზე დაბალი ფასი არც კონსერვატორიაში არ არის, ამიტომ ფასდაკლებები, როგორც ასეთი, თეატრს არა აქვს.”

სტუდენტი ანა ბარბაქაძე გვეუბნება, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრში ხელმისაწვდომი ფასი ისეთ ადგილებს აქვთ, საიდანაც უბრალოდ არ ღირს წარმოდგენის ყურება და ამ მანძილიდან ინტერნეტში კარგი ხარისხის ჩანაწერის ყურებაც შეიძლება.

საერთაშორისო გამოცდილება

სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის ფასდაკლებული ბილეთების სხვადასხვა მოდელი არსებობს ამა თუ იმ ქვეყანასა თუ თეატრში, თუმცა, რაც ყველას აერთიანებს, ახალგაზრდების კულტურულ პროცესებში ჩართვის ხელშეწყობაა: 

ბავარიის სახელმწიფო ოპერა

„არ არის აუცილებელი, რომ ოპერა ძვირი იყოს! პირიქით – გვინდა, ახალგაზრდებსა და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს შევთავაზოთ შესაძლებლობა, შეიძინონ ოპერის, ბალეტისა და კონცერტების ბილეთები”, – წერია ბავარიის სახელმწიფო ოპერის ვებგვერდზე.

ამ ოპერის თეატრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ეტლით მოსარგებლე ადამიანებს უფასოდ ეკუთვნით ბილეთი, მათ თანხმლებ პირს კი, 50%-იანი ფასდაკლებით.

30 წლამდე ადამიანებისთვის ბავარიის სახელმწიფო ოპერას შერჩეულ წარმოდგენებზე აქვს 10-ევროიანი ბილეთები, რომლებიც ვრცელდება ყველა ადგილზე.

ასევე, ოპერა 30 წლამდე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, უფასოდ დაესწრონ გენერალურ რეპეტიციას და პრემიერამდე ნახონ ბავარიის სახელმწიფო თეატრის ახალი წარმოდგენა. რეპეტიციის შემდეგ კი მაყურებლებს ეპატიჟებიან ოპერის კაფეში, სადაც მათ შეეძლებათ მომღერლებისა და მსახიობებისთვის კითხვების დასმა.

ბავარიის სახელმწიფო ოპერაში ფასდაკლებები ასევე ვრცელდება მხედველობის პრობლემის მქონე მაყურებელზე და ომის მონაწილე სამხედროებსა და დაზარალებულ ოჯახებზე.

ვენის სახელმწიფო ოპერა

ბავარიის სახელმწიფო ოპერის მსგავსად, კონკრეტულ წარმოდგენებზე ვენის ოპერაშიც არის გამოყოფილი ბილეთები 27 წლამდე ასაკის მაყურებლისთვის. ბილეთის ფასი 20 ევროა (ვენის ოპერის თეატრში ბილეთის ფასი საშუალოდ 25- დან 300 ევრომდე მერყეობს).

ბოლო წუთის ბილეთი

27 წლამდე მაყურებელს ეძლევა შესაძლებლობა,  წარმოდგენის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე დარჩენილი ბილეთები შეიძინოს 20 ევროდ ოპერის სალაროში .

ლა სკალა – მილანი

18 და 26 წლამდე, ისევე როგორც 65 + წლის მაყურებელს მილანის „ლა სკალას” ოპერის თეატრში 25%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის.

ასევე, თეატრს 35 წლამდე მაყურებლისთვის აქვს სპეციალური შეთავაზებები: თუ ისინი შეიძენენ ბარათს, რომელიც 10 ევრო ღირს, სეზონის მანძილზე ისარგებლებენ განსაკუთრებული შეთავაზებებით (მინ. 35% ფასდაკლებებით შერჩეულ სპექტაკლებზე და სხვა სიკეთეებით)

ლა სკალას თეატრსაც აქვს ბოლოს წუთის ბილეთის შეთავაზება, წარმოდგენამდე 2 საათით ადრე დარჩენილი ბილეთების შეძენა ონლაინ 25%-იანი ფასდაკლებით შეგიძლია, ერთი საათით ადრე კი – სალაროში.

უნგრეთის სახელმწიფო ოპერის თეატრი

უნგრეთის სახელმწიფო ოპერის თეატრში სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს სტუდენტებისთვის, პენსიონერებისთვის და სახელმწიფო ინსტიტუციებში მომუშავე ადამიანთათვის. მათ შეუძლიათ გენერალურ რეპეტიციებზე დასწრება და დღის საათებში სპექტაკლებზე ფასდაკლებით სარგებლობა.

სტუდენტებს კი 50%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ ბილეთების შეძენა როგორც ონლაინ, ისე სალაროში.

ჩეხეთის სახელმწიფო ოპერა

ჩეხეთის სახელმწიფო ოპერაში 26 წლამდე მაყურებელს კონკრეტულ ადგილებზე 50%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის, ისევე როგორც 65 წელს ზევით მაყურებელს.

კულტურული პროცესები ელიტისტური არ უნდა იყოს საქართველოში – პაატა ციკოლია 

სტუდენტური ფასდაკლების საერთაშორისო გამოცდილებაზე „ნეტგაზეთს“ ესაუბრა რეჟისორი პაატა ციკოლია, რომელმაც ერთი წლის წინ დააარსა პლატფორმა „ცვლილებების სცენა“. პროექტის ფარგლებში განხორციელდა კვლევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საშემსრულებლო სფეროს მართვის მოდელების შესახებ. ამ მოდელების შესწავლის და კვლევის შემდეგ დაიწყო დისკუსიების სერია, რომელიც თეატრის სფეროს წარმომადგენლებს აცნობს საერთაშორისო პრაქტიკებს და იღებს უკუკავშირს მათგან.

პაატა ციკოლია რამდენიმე მიდგომას გამოყოფს:

სახელმწიფოს ჩართულობა: განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ თეატრების  წახალისება

„იმისთვის, რომ თეატრი ღია იყოს არა მხოლოდ მდიდრებისთვის, არამედ ყველასთვის, საერთაშორისო პრაქტიკაა სახელმწიფოს ჩართულობა. თეატრს კი არ ავალდებულებენ, რომ ასეთი რამ გააკეთოს, არამედ სარგებელს  აძლევენ. თეატრს ინტერესი აქვს, რომ მაყურებელი მოიზიდოს და სახელმწიფო იმ  დანაკლისს უნაზღაურებს, რომელსაც პენსიონერი და სტუდენტი ვერ შეუვსებს.

მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის  ქვეყნებში ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით  ახალისებენ სახელმწიფო, მუნიციპალურ და ხანდახან კერძო თეატრებსაც – სთავაზობენ სუბსიდიას, რათა გაყიდონ ფასდაკლებული ბილეთები, დანაკლისს კი უნაზღაურებს სახელმწიფო.  

ზოგ ქვეყანაში კულტურის და განათლების სამინისტრო თეატრებს ეუბნება, განახორციელონ პროექტები ახალგაზრდებისთვის და სტუდენტებისთვის, ან დააწესონ სტუდენტური ფასდაკლება, ფინანსურ დანაკლისს კი თავად შეუვსებენ – ფინანსურად ახალისებენ”.

კულტურული ცხოვრება – აუცილებელი ფასეულობა

ციკოლიას თქმით, ზემოთ მოყვანილი  მიდგომის საფუძველი ისაა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანების კულტურული ცხოვრება ითვლება აუცილებელ ფასეულობად. კულტურულ ცხოვრებაზე ხელმისაწვდომობა კი მინიმალური სტანდარტია: 

„ჩვენს ქვეყანაში ადამიანები გამოთიშული არიან კულტურული სამყაროდან. სინამდვილეში, სახელმწიფოს აწყობს, რომ ინკლუზიური იყოს საზოგადოება, რადგან როცა ყველა შრე, ფენა ჩართულია კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, მით უფრო მრავალფეროვანი და ჯანსაღია სახელმწიფო. ამ ყველაფრის უკან დგას რეალური სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესი. სწორედ ამიტომ იღებენ სახელმწიფოები, ქალაქები და სამინისტროები ასეთ ინიციატივებს. 

სახელმწიფო თეატრი იმისთვის არსებობს, რომ კულტურული ცხოვრება შესთავაზოს საზოგადოებას. საზოგადოება არის ჭრელი,  ღარიბებისგანაც მიდის ბიუჯეტში გადასახადი და იხარჯება სახელმწიფო თეატრის დოტაციის უზრუნველსაყოფად. ამიტომ ღარიბებსაც იგივე უფლება აქვთ მათი დაფინანსებული სპექტაკლების ნახვის, როგორც მდიდრებს. 

მაგალითად, თუ ერთი  ოპერისა და ბალეტის თეატრი გაქვს ქვეყანაში და 14.5 მილიონია მისი ბიუჯეტი, ვალდებული ხარ, ოპერისა და ბალეტის თეატრის პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის, რომელსაც აინტერესებს  კულტურული ცხოვრება  და ბილეთის ფასმა არ უნდა დახიოს უკან.”


საერთაშორისო გამოცდილებები ცხადყოფს, რომ სახელმწიფოების ინტერესი მიმართულია იმისკენ, რომ კულტურა ყველა ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. კულტურა კი ამ ქვეყნებში აუცილებელ ფასეულობად ითვლება, რომელსაც ხელი უნდა მიუწვდებოდეს ყველას, ვინც თავისი გადასახადებით უზრუნველყოფს მათ დაფინანსებას, თუმცა ამ ეტაპზე ეს საქართველოში ვერ ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი