კინოსაზოგადოებახელოვნება

უიმედობით გაჩენილი იმედი – აკი კაურისმიაკის „ჩამოცვენილი ფოთლები”

11 დეკემბერი, 2023 • 3263
უიმედობით გაჩენილი იმედი – აკი კაურისმიაკის „ჩამოცვენილი ფოთლები”

სეანსის მეორე დღეს უცნაურად მშვიდმა გავიღვიძე. ზამთრის სუსხში შემორჩენილ გათელილ, ჩამოცვენილ ფოთლებში დავდიოდი და უცნაური შეგრძნება მქონდა. აკი კაურისმიაკის „ჩამოცვენილი ფოთლების“ ნახვის შემდეგ ალბათ ვეღარასოდეს შეხედავ ძირს გათელილ, ჩამოცვენილ ფოთლებს ისე, როგორც ადრე უყურებდი.

ბევრ რამეს უწინდელივით ვეღარ შეხედავ, უფრო სწორად, ფილმის ნახვის შემდეგ დაუბრუნდები იმ იმედებს, რომლებსაც წლები ენდობოდი და გჯეროდა, მაგრამ დროთა განმავლობაში გაცვდა და ძალა დაკარგა,  რწმენისგან დაიცალა. თავიდან დაიჯერებ, როგორი მოჩვენებითიც არ უნდა იყოს ეს დაჯერება. უბრალოდ გაბედნიერდები და სხვა თუ არაფერი, გეცოდინება, რომ ერთი ადამიანი მაინც გყავს თანამოაზრე ან სულაც ორი, რომლებმაც შენსავით დაიჯერეს და რატომ დაიჯერეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს – გასაჭირის, უმწეობის, უიმედობის თუ უბრალოდ თავის მოტყუების გამო. ზღაპარს არც კანონზომიერება აქვს და არც ბედნიერი დასასრული. სინამდვილეში ხომ ყველა „ჰეფი ენდი”  „ანტიჰეფი ენდია”, მომავლის არცოდნით მოგვრილი წამიერი ბედნიერების ილუზია.

სანამ ამ ილუზიამდე მივალთ, იქამდე დიდი გზაა გასავლელი. ცივი, უსიყვარულო, მძიმე და სასტიკი გარემო.

გაუგებრობით, სირთულითა და სათქმელის ძიებით გატაცებულ სამყაროში აკი კაურისმიაკი გაუპრანჭავად ჰყვება მარადიულ ამბავს, არც სიმძაფრე სჭირდება, არც განსაკუთრებულობა და არც სიახლე. სიმარტივე და უბრალოება ეპატრონება ყველაფერს, მათ შორის შენს ემოციებსაც.

ყოველდღიურობის პოეტიკაში ყოფ თავს, ხან მარკეტში მომუშავე ანსას ყოველდღიურობას მიჰყვები, ხანაც მეტალურგიულ საამქროში მომუშავე ჰოლაპას. ცალ-ცალკე, ერთნაირად უიმედოდ დარჩენილი ადამიანების საზრუნავი და ყოველდღიურობა ძალიან ღრმად იჭრება შენში, შენ კი, მათ ყოველდღიურობაში. უყურებ გაყინულ სახეებს სამსახურიდან სახლამდე, სახლში, ავტობუსში, კაფეში, ბარში… მათ სულ თან დაჰყვებათ მუსიკა, რომელიც ჯადოსნური ამბის თანამონაწილედ გაქცევს: შუბერტის სერენადის ფონზე ანსას და ჰოლაპას მზერები ერთმანეთს ხვდება…

მეორე შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ კაფეში მიდიან. ყავაზე ჰოლაპა ეპატიჟება, ანსამ სამსახური ახლახან დაკარგა და არც ფული აქვს. ყავის სმისას ჰოლაპა ეუბნება: რადგან სამსახური დაკარგე, ალბათ გეშიება, მიდი, ფუნთუშა აიღეო. ასე ჩნდება თანაგრძნობა, უჩინარი, ერთი შეხედვით ცივი და გულგრილი, მაგრამ სინამდვილეში, ყველაზე დიდი და მწარე. არც ანსას ერიდება დარიჩინის ფუნთუშის აღება და არც ჰოლაპას შეთავაზება, რადგან ისინი ერთნი არიან, მათ უსიტყვოდ, სიჩუმით ესმით ერთმანეთის. ორივეს (გა)ათავისუფლებენ სამსახურიდან, მაგრამ მეორე დღეს სხვა სამუშაოს პოულობენ, ცხოვრება მუშაობასა და სამსახურის ძიებაში გადის, რათა ჭამა, მოწევა და დალევა შეძლონ. ასე იცვლიან სამსახურებს, დრო იყლაპება, ცხოვრება გავიდა და ისინიც ყოველდღიურობამ შეჭამა, რომელსაც ასე უბრალოდ და ძალდაუტანებლად აჩვენებს აკი კაურისმიაკი, ეს უბრალო ყოველდღიურობა კი ყველაზე შემზარავი სინამდვილეა, რასაც შეიძლება თვალი გაუსწორო.

შემზარაობასა და შუახნის ასაკში რაღაც უნდა გაჩნდეს. ის, რაც დაგაჯერებს, რომ კიდევ ღირს ცხოვრება, ან უბრალოდ თავს მოგატყუებინებს, რომ ღირს. ასე პოულობენ ერთმანეთს ჩამოცვენილი ფოთლები, ანდაც ანსა და უსახელო ჰოლაპა.

კინოდან გამოდიან, კუთხეში დგებიან, ანსა ამბობს – ცხოვრებაში ამდენი არ მიცინიაო და ეს ამდენი ნეტავ რამდენია, უცინია კი საერთოდ? მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა გულწრფელობას და სინამდვილეს აქვს. ჯარმუშის ფილმის ნახვის შემდეგ ბრესონთან და გოდართან ავლებენ პარალელებს მათ წინ გამოსული მაყურებლები, ჰოლაპა და ანსა კი უბრალოდ იმას ჰყვებიან, რამაც შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. სწორედ აქ ტივტივდება კინოს არსი – კინო ის არის, რასაც გულწრფელად, გავლენებისა და წინასწარგანწყობების გარეშე ხედავ და გრძნობ. კინო ის არის, ვისთან ერთადაც ხედავ და გრძნობ ამ ყველაფერს.

დეტალები და ფერები. ჟესტები, ყოველდღიური ჩვევები და აკვიატებებია ის, რაც აკი კაურისმიაკის სამყაროს ქმნის: მოლოდინში დახვავებული სიგარეტის ნამწვები, კინოთეატრი, აფიშები კინოთეატრზე, აფიშა ბარში, ჭიქები, სასმლის ფერები, საწრუპები, ტელეფონები, ტანსაცმლის ფერი, სამზარეულოს ფერი, თეფში (!), მოხარშული ორად გაჭრილი კვერცხი, სასმელი, სმა და მოწევა. ეს სამყარო ერთი შეხედვით ძალიან შორია, რეჟისორი თითქოს ყველაფერს აკეთებს, რომ მიუწვდომლად დარჩეს შენთვის, თუმცა იმ წუთებში, როცა რეალობას სწყდები, რადიომიმღები უკრაინაში მიმდინარე ომის დეტალებს გაცნობს. პერსონაჟები რადიოს ყოველი ჩართვისას უნებურად უსმენენ ომის ქრონიკას. ომი ადგილზე გაბრუნებს და ხვდები, რომ დიდი ხანია სასტიკი ომი შენთვისაც ყოველდღიურობად იქცა, დისტანციით მოსასმენ ამბად. სიკვდილმა მნიშვნელობა დაკარგა, ომმა კი, სისასტიკე. ყოველდღიურობაში ომი ისევე ეწერება, როგორც პერსონაჟების სმა, მოწევა და უიმედობა.

„დღევანდელ დღეს, როცა საზოგადოება კაპიტალის გამო ფსკერზე ეშვება, ვერ გადაიღებ ფილმს, რომელიც ნაწილობრივ მაინც არ არის პოლიტიკური”, – ამბობს კაურისმიაკი ერთ-ერთ ინტერვიუში. „ჩამოცვენილ ფოთლებშიც” სვამს პოლიტიკურ აქცენტებს რეჟისორი, გვახსენებს ფინეთის სოციალურ პოლიტიკას და მემარჯვენე მთავრობის მიდგომებს. პროფკავშირების უფლებების შეზღუდვას და ნულოვან კონტრაქტებს, რომლებიც არ ითვალისწინებს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულისთვის მინიმალური სამუშაო საათების დადგენას. ანსაც ასეთი კონტრაქტით მუშაობს სუპერმარკეტში. სამსახურიდან იმიტომ უშვებენ, რომ ვადაგასული პროდუქტის აღების უფლებას მისცემს უპოვარს და თავისთვისაც წამოიღებს სახლში. ვადაგასული პროდუქტის აუთვისებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც ზიანს აყენებს ეკოლოგიას. თუმცა ამ ყველაფრის მიღმა შეუმჩნევლად ჩნდება თანადგომა,  ერთნაირ გასაჭირსა და ყოველდღიურობაში მყოფ ანსას თანამშრომლებს მხარდაჭერა არ ავიწყდებათ, იცავენ და მის გამო მოდიან სამსახურიდან. მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის სოციალური პრობლემები ჭარბად ჩანს ფილმში, აქ ფინეთიც სრულიად აბსტრაქტული ადგილია, სოციალურ პრობლემებზე წინ კი ადამიანი დგება, ადამიანური ტკივილები და მხარდაჭერა. სიყვარული, რომელიც შეიძლება არსებობდეს ან შეიძლება არც, მაგრამ ორი ადამიანის ერთმანეთისკენ გავლილი, ყველანაირი შემთხვევითობით შეფერხებული, ბოლოს კი შემდგარი, უცნაური გზა, იმედს გიღვიძებს, ზრუნვის, თანაგანცდის და სიყვარულის იმედს. და თუ ამ ამბავში ყველაფერი მოჩვენებითი და დაუჯერებელია, ასე იყოს. აკი კაურისმიაკისთან დაუჯერებლის დაჯერებაც შესაძლებელია, რადგან ის იმ კინოს ქმნის,  რომელსაც შეცვლა შეუძლია. იმედის მოცემა და ხვალინდელი დღის სხვანაირად გათენება. ადამიანების შეცვლა,  ჩვევებსა და აკვიატებებზე უარის თქმა, შემთხვევითობებით გაბედნიერება, ზღაპრის სინამდვილედ ქცევა, უიმედობისა კი – იმედად.

მასალების გადაბეჭდვის წესი