საზოგადოებახელოვნება

“მრავალფეროვნების სახეები” — 3 ქალის შემოქმედება ერთ სივრცეში

20 ივლისი, 2023 • 2160
“მრავალფეროვნების სახეები” — 3 ქალის შემოქმედება ერთ სივრცეში

მიმდინარე კვირაში თბილისში გამართულმა გამოფენამ სამი ქალის შემოქმედება გააერთიანა. მაღალმთიანი აჭარის ქალთა ყოფის ამსახველმა ფოტოებმა, გრაფიკულმა ნამუშევრებმა ებრაელთა ისტორიასა თუ ტრადიციებზე, ასევე, პანდემიის კრიზისის დროს დახატულმა ყვავილებმა საერთო სივრცეში მოიყარეს თავი.

ნამუშევრების ავტორები სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური თემის წარმომადგენლები არიან. ფოტოები მუსლიმ უფლებადამცველს, ჰურიე აბაშიძეს ეკუთვნის, ფერწერული ნამუშევრები — ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს, რუსუდან გოცირიძეს, გრაფიკული ნამუშევრები კი — ებრაელ ქალთა საბჭოს პრეზიდენტს, მარინე სოლომონიშვილს.

გამოფენის კონცეფციის შესაბამისი იყო მისი სახელწოდებაც: “მრავალფეროვნების სახეები”. ორგანიზატორთა თქმით, სურდათ, დამთვალიერებლისთვის კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ ქართული კულტურის მრავალფეროვნება და სიჭრელე. თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი ჩანაფიქრი:

“ნაკლები ყურადღება ეთმობა ხოლმე სხვადასხვა თემის წარმომადგენელი ქალების შემოქმედებას, არ ხდება მისი რეპრეზენტაცია საჯარო სივრცეში.

ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოფენა მრავალფეროვნების საკითხისთვის მიგვეძღვნა და ავტორებიც განსხვავებული თემის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ”, — აღნიშნავს “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის”(TDI) დირექტორი ეკა ჭითანავა. ორგანიზაციამ ღონისძიება ჩაატარა გაეროს განვითარების პროგრამასთან და თანამშრომლობით და ნორვეგიის მხარდაჭერით.

“მრავალფეროვნების სახეები” — გამოფენა თბილისში. © ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე ჰურიე აბაშიძე ამჟამად ბათუმში ცხოვრობს, თუმცა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოქრუაშვილებში გაიზარდა და ახლაც ხშირად ჩადის თავის სოფელში. ჰურიე გვეუბნება, რომ ცდილობს, თავისი ფოტოებით საზოგადოებას აჩვენოს ის აჭარა, რომელსაც ბევრი ვერ ამჩნევს:

“განსაკუთრებით ვცდილობ მუსლიმი აჭარელი ქალების გადაღებას თავიანთ ყოველდღიურობაში, რაც შეიძლება, არ იყოს შესამჩნევი სხვებისთვის.

ეს ქალები არ არიან საზოგადოებაში აქტიურად ჩართულნი. დიასახლისი ქალები არიან, მთაში ცხოვრობენ. აჭარა ხომ ძირითადად ბათუმით არის პოპულარული? ადამიანები ნაკლებად გადიან სიღრმეებში და ნაკლებად იცნობენ ამ ქალებს, მათი ცხოვრების წესს, გამოცდილებებსა და სატკივარს”.

ჰურიე აბაშიძე თავისი ერთ-ერთი ფოტოს გვერდით. © ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

ჰურიე აბაშიძე ძირითადად სპონტანურად იღებს ფოტოებს: იჭერს მომენტებს, რომლებიც რამდენიმე წამის შემდეგ, შეიძლება, ვეღარ გადაიღოს.

“[მთიან აჭარაში] ტურისტების რაოდენობა ნამდვილად გაიზარდა, თუმცა, ყველაზე მეტად რაც გვიშლის ხელს, არის გზის არარსებობა. ამ ქალებს, რომლებიც მთელი ზაფხული იქ მუშაობენ, გზა არ აქვთ იმისთვის, რომ კარაქი თუ ყველი ქალაქს მიაწოდონ”, — ამატებს ის თავის ფოტოებზე აღბეჭდილ ქალებზე საუბრისას.

ჰურიეს ფოტოების გვერდით მარინე სოლომონიშვილის გრაფიკული ნამუშევრები იყო განთავსებული. ებრაელ ქალთა საბჭოსა და საერთაშორისო ფონდ “ლეას” პრეზიდენტი პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა დედის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა, უფრო აქტიურად ემუშავა ებრაული თემის საკითხებზე.

“დავიწყე ებრაულ გაზეთში მუშაობა, ჩამოვაყალიბე სალონი, კლუბი ებრაელი ქალებისთვის… ძალიან მინდოდა ისრაელში წასვლა, ეს დედაჩემის ოცნებაც იყო. როცა პირველად გამიშვეს პროგრამით, თითქოს იქ შევიგრძენი წინაპართა სული. სპონტანურად, ყოველგვარი ესკიზის გარეშე დავიწყე ხატვა. რასაც ვგრძნობდი, გადმოვცემდი ფურცელზე”, — გვიყვება ის.

მარინე სოლომონიშვილი გამოფენაზე, სადაც მისი ნამუშევრებიცაა წარმოდგენილი. © ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

მარინე სოლომონიშვილს უკვე 500-ზე მეტი გრაფიკული ნამუშევარი აქვს შექმნილი. ნახატები ძირითადად ეხმიანება ებრაულ ტრადიციებსა და რელიგიურ თემატიკას:

“ბავშვობიდან მახსოვს, ბებიამ რომ პირველად წამიყვანა სალოცავში შაბათის კურთხევისთვის. მშობლები ყოველ შაბათს აკურთხებენ შვილებს და შვილიშვილებს. ეს ძალიან ლამაზი, ბავშვებისთვის საინტერესო რიტუალია. თითქოს ჩემში ილექებოდა ეს ყველაფერი და შემდგომ ამოხეთქა ყოველდღიურობაში ნახატების სახით, ჩემი პროფესიული საქმიანობის სახით…”

ფოტოებისა და გრაფიკული ნამუშევრების გარდა, გამოფენის სტუმრებს დარბაზში ფერწერული ტილოებიც დახვდათ. თითქმის ყველა მათგანზე ყვავილებია დახატული, ავტორი კი ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძეა.

“კოლექციის მთავარი ნაწილი დახატულია პანდემიის დროს. ვეღარც კი ვამბობ, რომ [ამ ნახატებმა] გამაძლებინა პანდემია, რადგან ახლა რომ ვიხსენებ იმ დროს, როცა სახლში ვიჯექი, ფუნჯებით მუშაობის და ხატვის დრო მქონდა, გასაძლებიც არაფერი იყო. პირიქით, ის პერიოდი ზღაპრულ დროდ მიქცია [ხატვამ]” ,— დასძენს ეპისკოპოსი.

რუსუდან გოცირიძე თავის ნამუშევართან. ფოტო: “ნეტგაზეთი”/მიხეილ გვაძაბია 

რუსუდან გოცირიძე დიდი ხანია, ხატავს, თუმცა ბოლო 8 წელია, ამ საქმეს უფრო მეტ დროს უთმობს. როგორც ამბობს, არის რაღაცები, რასაც მხოლოდ შესაბამის სეზონზე ხატავს. ასე მოხდა პანდემიისას დახატული ყვავილების შემთხვევაშიც:

“მაგალითად, ატმის ყვავილებს ვერასოდეს დავხატავ ზაფხულში. იმ განწყობაზე უნდა იყო, რომ ატმის ყვავილებს ხატავდე. ეს ყვავილებიც სწორედ 2020 წლის გაზაფხულზეა დახატული — იმ დროს, პირველად რომ ჩაიკეტა ყველაფერი”.

ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, გამოფენა მოძრავი იქნება და პერიოდულად მოეწყობა საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

გარეკანის ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: “შუადღის ლოცვა”(ავტორი — ჰურიე აბაშიძე); “ებრაელი მუსიკოსი”(ავტორი — მარინე სოლომონიშვილი); “ატმის ყვავილობა”(ავტორი — რუსუდან გოცირიძე)

მასალების გადაბეჭდვის წესი