ხელოვნება

სალვადორ დალის გამოფენა დაიხურა

8 ივნისი, 2010 • • 1641
სალვადორ დალის გამოფენა დაიხურა

წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზუმში, მიმდინარე სალვადორ დალის გამოფენა წინა კვირის მიწურულს დასრულდა. მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, რომ გამოფენის მიმდინარეობის დროს სახლ-მუზეუმის დამთვალიერებელთა რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს რეგიონულ მუზეუმებში ცნობილი უცხოელი მხატვრების ნამუშევრების ჩამოტანა დაიწყეს, მუზეუმების შესასვლელთან დამთვალიერებლის რიგები დადგა. შესაძლებელია ამას სეზონიც განაპირობებდეს. წინანდალში „სეზონად“ გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დასაწყისს მოიხსენიებენ, როცა სასკოლო არდადეგები ახლოვდება და სკოლის მოსწავლეებს ექსკურსიები ეწყებათ.

წინანდალს მოსწავლეთა ჯგუფები წლიდან წლამდე სტუმრობენ, მაგრამ, როგორც დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული საჯარო სკოლის მასწავლებლები ამბობენ, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დათვალიერების სურვილი წელს სალვადორ დალის გამოფენამ გაამძაფრა. „აქტიური პერიოდი სკოლის დასასრულს ემთხვევა. დალიმ ის განაპირობა, რომ სეზონი ადრე დაიწყო – აპრილიდან“, გვითხრა დარბაზის ერთ-ერთმა მეთვალყურემ. ექსპოზიცია მხატვრის გვიანდელი პერიოდის 11 ლითოგრაფიული და 6 სკულპტურული ნამუშევრისგან შედგებოდა (ბრინჯაოს ქანდაკებები, ლითოგრაფიები სერიიდან „ყვავილობა“, „ბანქო“).

წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მედეა მოდებაძე, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ წინანდალში დალის ექსპოზიცია უკვე აღარ დახვდებოდა, გამოფენის ნახვის ბედნიერებას უფლის წყალობას მიაწერს: „რით დავიმსახურეთ უფლის ასეთი დიდი სიყვარული, ბავშვებიც გაოცებულები არიან“.

წყალტუბოდან წინანდალს რამდენიმე ჯგუფი ეწვია. იყვნენ ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. ერთ-ერთი მოსწავლე გოგონა ამბობს: „გამოფენა მომეწონა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ორიგინალებია“.

ლითოგრაფიების მერამდენე პირი და ქანდაკებების მერამდენე ანატვიფრი იყო წინანდალში წარმოდგენილი, უცნობია. მაგრამ ის, რომ კახეთში გასეირნების მიზეზად ადამიანებისთვის შეიძლება სალვადორ დალი იქცეს, მუზეუმის წარმატებაზე და რიგითი მოქალაქეების ევროპელი შემოქმედებით დაინტერესებაზე მეტყველებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი