ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში მორიგი საგაზაფხულო სეზონი გაიხნა.
„მეხსიერების ფრაგმენტები“ სერგო ფარაჯანოვის და გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენის სახელწოდებაა, რომელიც ამ ორი ხელოვანის შემოქმედებას განსაკუთრებული რაკურსით წარმოაჩენს.

მათი შემოქმედებისთვის ვიზუალური თხრობაა დამახასიათებელი და გოგი ალექსი-მესხიშვილის თქმით, სწორედ ეს განასხვავებს ფარაჯანოვს კინოხელოვნების დანარჩენი ოსტატებისგან. კერძო კოლექციებიდან შეგროვებული ნამუშევრების უმეტესობას დამთვალიერებელი წინანდლის მუზეუმის საექსპოზიციო სივრცეში პირველად იხილავს.
„სასიამოვნოა, რომ კულტურულ სეზონს წინანდალში ვიწყებთ ორი შესანიშნავი ხელოვანის – სერგო ფარაჯანოვისა და გოგი ალექსი-მესხიშვილის – ერთობლივი გამოფენით. ორი თბილისელი არტისტი, რომელიც ამავე დროს გლობალური მასშტაბის ხელოვანია, წინანდალში გადაიკვეთა. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კულტურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. – გიორგი რამიშვილი, კომპანია „სილქნეტის“ დამფუძნებელი.

უტა ბაქაიას პერფორმანსების სერიამ, რომელიც მულტიმედია არტისტმა ფარაჯანოვის შემოქმედების ინსპირაციით შექმნა, მეხსიერების ფრაგმენტები წინანდლის ისტორიულ ბაღში გააცოცხლა.

ღონისძიების ორგანიზატორია “წინანდლის მამულები”. მხარდამჭერები : თიბისი კონცეპტი და სილქნეტი.
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სტუმრებს გამოფენის ნახვა ქვეყანაში დაწესებული კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ.
გასულ საუკენეებში საერთაშორისო კულტურის ცენტრად მიჩნეული წინანდალი კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით დღესაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული კერაა. 2007 წლიდან დღემდე წინანდლის მამულმა მრავალ შესანიშნავ გამოფენას, კონცერტს თუ სხვა კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა.
