ხელოვნება

მწერალთა სახლის დირექტორის პასუხი თეა წულუკიანს

3 დეკემბერი, 2021 • 13673
მწერალთა სახლის დირექტორის პასუხი თეა წულუკიანს

სსიპ მწერალთა სახლის ხელმძღვანელი ნატა ლომოური საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.

მინისტრმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მწერალთა სახლი არაერთგზის ახსენა. მან განაცხადა, რომ დღეს მწერალთა სახლში არ უშვებენ მწერლებს, რომლებიც „მწერალთა კავშირის“ წევრები არიან და ამ შენობიდან წინა ხელისუფლების დროს სპეცრაზმმა გამოყარა.

“ყველაზე მთავარი, რაც იყო ჩემთვის და რაზეც აუცილებლად მინდა განმარტება გავაკეთო, ის არის, რომ მწერალთა სახლში უშვებენ ყველა მწერალს”, – ამბობს ნეტგაზეთთან მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური.

მისი თქმით, არ ესმის, რაში სჭირდება სამინისტროს ასეთი დაპირისპირების შექმნა მწერლებს შორის:

“გადახედონ მწერალთა სახლის ანგარიშებს, სადაც ძალიან კარგად ჩანს, რამდენ ღონისძიებას ატარებს ჩვენთან მწერალთა კავშირი. და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის, პირიქით, ეს არის სწორედ ნორმალური, ეს სახლი ყველასთვისაა, მწერალთა ნებისმიერი გაერთიანებისთვის თუ თავისუფალი შემოქმედისთვის. ვერც ერთ მწერალს ვერ მანახებთ, ვინც იტყვის, რომ მას მწერალთა სახლში არ უშვებენ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.

იქ, სადაც ადრე მწერლების კაბინეტები იყო, ახლა დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმია, რეპრესირებული მწერლების მუზეუმი და ეკატერინე გაბაშვილის სახელობის „მწერლის ოთახი“ იქნება სულ მალე. ალბათ, ამას არ გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ მწერლებს არ უშვებენ…”, – ამბობს ლომური.

თეა წულუკიანმა დღეს ისაუბრა ჩაშლილ ლიტერატურულ კონკურს ლიტერაზეც, რომელსაც სწორედ მწერალთა სახლი ახორციელებდა. მინისტრის თქმით, ამ პრემიაზე სახელმწიფო უარს იტყვის. წულუკიანი „ლიტერას“ კეზერაშვილის პრემიად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ კონკურსი მასვე დარჩება:

“რაც შეეხება „ლიტერას“ – ძალიან, ძალიან სამწუხაროა, რომ სამინისტრო არ დაიბრუნებს ამ პრემიას. ეს ჩემთვის სიახლე იყო.  წლები დასჭირდა იმას, რომ სახელმწიფო პრემია ასეთი საპატიო, სანდო და მიუკერძოებელი პრემია გამხდარიყო. ვფიქრობ, ამ მონაპოვრის დაკარგვა  დიდი დანაკლისია ლიტერატურული პროცესისთვის. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ეს პრემია და სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა სამინისტროსთან ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმების მიღწევა”, – აცხადებს ის.


მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სამინისტრო პრემიის ჟიურიში საკუთარ წარმომადგენელს ნიშნავდა, პროტესტის ნიშნად კონკურსის დატოვება დაიწყეს ლიტერატურული კონკურს “ლიტერას” მონაწილეებმა. ამ მიზეზის გამო მწერლების უმეტესობამ „ლიტერადან“ თავიანთი ნაწარმოებები მოხსნა.

გარდა მწერლებისა, კონკურსი დატოვა ჟიურის ხუთი წევრიდან ოთხმა. ჟიურიში მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული იოსებ ჭუმბურიძე დარჩა. საბოლოოდ კი წლევანდელი „ლიტერა“ ჩაიშალა.

„ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსეს. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი