ვარდების მოედანზე განლაგებული საღონისძიებო სივრცე დიზაინერების შოუ-რუმსა და გრანდიოზულ 28- მეტრიანი პოდიუმს გააერთიანებს, რომლის ირგვლივ 400-ზე მეტი სტუმარი განთავსდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაცია გაიმართება, რომელშიც ანუკი არეშიძე, გიორგი შაღაშვილი, დალოოდი, ატელიე კიკალა, აკა ნანიტაშვილი, ლელა ელოშვილი, მარიამ გვასალია, MACH & MACH, დიანა ქვარიანი, ნინო ბაბუხადია, თაკო მექვაბიძე, გიორგი ქებურია და წინა სეზონის გამარჯვებული, დამწყები დიზაინერი სალი ფანგანი მონაწილოებენ.
მოდის სახლი „მატერია“ ორ დიზაინერს წარმოადგენს – ლექსო ახალკაციშვილი და ლიკუნა ჩიტაია ცალ-ცალკე ჩვენებას გამართავენ. კვირეულზე ასევე წარდგება უკრაინელი დიზაინერი იულია როგალსკაია.
ჩვენებების პარალელურად იმავე შენობაში განთავსდება დიდი შოუ რუმი, რომელიც კიდევ უფრო მეტ დიზაინერს მისცემს შესაძლებლობას წარმოაჩინონ სეზონური კოლექციები, ასევე, აქსესუარები და ფეხსაცმელი. შოუ რუმის კარი ღია იქნება ყველასათვის ყოველდღე, 12 საათიდან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან და გააშუქებენ. თბილისში ჩამოვა რუსეთის L’Officiel-ის მთავარი რედაქტორი ქსენია სობჩაკი.
საქართველოში პირველად ჩამოვლენ VOGUE იტალიის ფოტოგრაფი და ოპერატორი, რომლებიც ქართულ მოდას ფოტო და ვიდეომასალში ასახავენ; სპეციალურად Style.com-ისთვის იმუშავებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი ადამ კაცი.
თბილისში ჩამოვა უკრაინის მერსედეს ბენცის მოდის დღეების დამფუძნებელი დარია შაპოვალოვა, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემისთვის მოამზადებს მასალას, მათ შორის Style.com-თვის. ქართული მოდა გაშუქდება ყაზახეთის ELLE-ში, აზერბაიჯანულ NARGIS-ში, რუსულ INTERVIEW-სა და სხვა გამოცემებში.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით თბილისს რამდენიმე მსხვილი კომპანიის მყიდველები (ე. წ Buyer) ესტუმრებიან. საფეიქრო ინდუსტრიის წარმოსაჩენად განთავსდება სტენდი, სადაც ადგილობრივი საფეიქრო ქარხნები წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას.
კვირეულის ფარგლებში რამდენიმე არტ-ღონისძიებაც გაიმართება: ART BEAT წარმოადგენს ახალგაზრდა ხელოვანს ნიკა სახანბერიძეს. ვარდების მოედანზე განთავსდება დიდი კონტეინერი, რომელშიც მისი ნამუშევრების ექსპოზიცია გაიმართება; თბილისის ფოტოფესტივალის მხარდაჭერით 16 აპრილს MOMA-ში ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანის გრეგუარ ელუას ექსკლუზიური გამოფენა გაიხსნება, ხოლო თავად ფოტოგრაფი თბილისს 20 აპრილს ეწვევა და მასტერკლასსაც გამართავს.
თბილისის მოდის კვირეულის განახლებული იმიჯის ლეიტმოტივია ახალგაზრდა ხელოვანის თეონა გაგლოევას ილუსტრაცია.