ნეტგაზეთი | მოდელები ბაზისური შრომითი უფლებებითაც ვერ სარგებლობენ — უფლებადამცველთა განცხადება მოდელები ბაზისური შრომითი უფლებებითაც ვერ სარგებლობენ — უფლებადამცველთა განცხადება – Netgazeti
RU | GE  

მოდელები ბაზისური შრომითი უფლებებითაც ვერ სარგებლობენ — უფლებადამცველთა განცხადება

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები და პარლამენტის წევრები ეხმაურებიან ქართველი მოდელების მიერ სოციალურ ქსელში გახმიანებულ მონათხრობს მათი შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ. ხელმომწერები სოლიდარობას უცხადებენ მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულებს და სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკის შემუშავებას სთხოვენ.

“სამწუხაროდ, ქვეყანაში კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება შრომითი უფლებების სისტემური დარღვევა და უგულებელყოფა, გამონაკლისი არც მოდის ინდუსტრიაა.

მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო სფეროში საქმიანობა სტანდარტული შრომითი საქმიანობაა, რაც გულისხმობს დასაქმებულთა აღნიშნულ კატეგორიაზე შრომის კანონმდებლობის სრულად გავრცელებას, ფაქტია, რომ საქართველოში მოდელები ვერ სარგებლობენ ბაზისური შრომითი უფლებებითაც კი:

მათ ძირითად ნაწილს არ აქვს შრომითი ხელშეკრულებები და მუშაობენ არანორმირებული სამუშაო გრაფიკით არაადეკვატური ანაზღაურების სანაცვლოდ, რიგ შემთხვევებში კი – ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე”, — აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ შექმნილ სიტუაციას ართულებს სფეროს სპეციფიკა, როდესაც “აბსოლუტურად გაუმიჯნავი და დაურეგულირებელია სამოდელო სააგენტოების, დიზაინერებისა და ჩვენებების ორგანიზატორების ვალდებულებები და პასუხისმგებლობები”. მათი თქმით, ამ პრობლემების გამო ისევ მოდელები ზარალდებიან.

“გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში [მოდელებს] თავიანთი საქმიანობის შესრულება უწევთ ჯერ კიდევ მშენებარე ქარხნის ტერიტორიაზე ღირსების შემლახველ და არასათანადო გარემოში, არ არიან უზრუნველყოფილი საკვებით, ჰიგიენის დაცვისთვის აუცილებელი პირობებით, ასევე არა აქვთ შესაბამისი სატრანსპორტო უზრუნველყოფა კომენდანტის დროს, რაც დამატებით ქმნის რისკებს უსაფრთხო შრომის გარემოსთან მიმართებით. საგულისხმოა, რომ დასაქმებულთა დიდი ნაწილი ქალია, რის გამოც აუცილებელია შრომის პროცესში მათი საჭიროებების გათვალისწინება “, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა შრომითი უფლებების საკითხი სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ მიდგომას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, ისინი მიმართავენ:

სახალხო დამცველს და შრომის ინსპექციის სამსახურს, შეისწავლონ შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევის ზემოაღნიშნული ფაქტები და მოახდინონ რეაგირება მათი უფლებამოსილების ფარგლებში;

საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრს, სისტემურად მიუდგეს კულტურის სფეროში, მათ შორის მოდის ინდუსტრიაში, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის საკითხს და შექმნას შესაბამისი პოლიტიკა უფლებების დარღვევის პრევენციისთვის.

“აუცილებელია აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად შესწავლა და სფეროში შრომის კანონმდებლობის აღსრულებაზე მკაცრი ზედამხედველობა”, — ამბობენ განცხადების ავტორები.

განცხადებას ხელს აწერენ: “ქალთა მოძრაობა”, “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF)”, “საქართველო”, “ქალები საქართველოდან”, “ახალგაზრდა ფემინისტები”, “გილდია”, “ქალთა ფონდი საქართველოში”, “საფარი”, “ქალთა საინფორმაციო ცენტრი”, “სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი”, “ქალი და რეალობა”, “GrlzWave”, “კავშირი ფრეია”, “საქართველოს შემეცნებითი ცენტრი”, “ფემინა”, “საორსა”, “მოძრაობა ცვლილებისთვის”, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, ანა ნაცვლიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი; ხათუნა სამნიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი.

მთავარ ფოტოზე: Teyo-ს ჩვენება Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე შემოდგომა/ზამთარი 18-19 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოვერაძე


ქართველი მოდელების განცხადებები სოციალურ ქსელში, გასულ კვირას გავრცელდა. ამ შემთხვევაში საქმე ეხება Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულს, რომელიც პანდემიის კრიზისიდან გამომდინარე, ციფრულ ფორმატში, 6-9 მაისს ეწყობა.

მანამდე, აპრილის მიწურულს, თბილისში, კოკა-კოლის ძველი ქარხნის ტერიტორიაზე, გადაღებები გაიმართა. სწორედ ამ პროცესის დასრულების შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე მოდელის მონათხრობი შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ.

ვრცლად:

“ლამაზი ჩვენებების მიღმა” — ქართველი მოდელები შრომითი უფლებების დარღვევებზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან