ახალი ამბები

რატომ დააფუძნეს მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულებმა პროფკავშირი

7 სექტემბერი, 2021 • 1295
რატომ დააფუძნეს მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულებმა პროფკავშირი

საქართველოს მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულებმა — ძირითადად, ქალმა მოდელებმა — შრომითი უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბარი მიმდინარე წლის მაისში დაიწყეს. 4 თვის თავზე თბილისში დაფუძნდა მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა პროფკავშირი.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თავიანთ პრობლემებსა და მიზნებზე 7 სექტემბერს, “საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებასთან” ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მოდელების თქმით, მათი უფლებები ირღვევა როგორც სამოდელო სააგენტოებთან, ისე დამსაქმებლებთან ურთიერთობისას.

პროფესიული კავშირის დაფუძნებით მათ სურთ არსებული რეალობის გამოკეთება.

“სააგენტოებთან კონტრაქტებს არ აქვთ იურიდიული ძალა”

“პროფკავშირების გაერთიანებაში” ამბობენ, რომ ახლად დაფუძნებულ კავშირში ელიან არა მხოლოდ მოდელებს, არამედ ყველას, ვინც მოდის სფეროში საქმიანობს.

“ორგანიზაციის დაფუძნების მიზეზები ძალიან ბევრი იყო… ეს სფეროც, სამწუხაროდ, არ არის გამონაკლისი, სადაც შრომითი უფლებები ირღვევა სისტემატურად, ყოველდღიურ ცხოვრებაში, იქნება ეს სამუშაო დროსთან დაკავშირებული რეგულაციები თუ, ზოგადად, კონტრაქტების პრობლემა…

ასევე [პრობლემურია] ის დისკრიმინაციული, არათანაბარი გარემო, რომელშიც ძალიან ხშირად მათ უწევთ მუშაობა. ხშირია პრობლემები უსაფრთხო სამუშაო გარემოსთან დაკავშირებითაც”, — დასძინა “პროფკავშირების გაერთიანების” თავმჯდომარის მოადგილემ, რაისა ლიპარტელიანმა.

თათია ახალაია, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფება, ერთ-ერთი იყო იმ მოდელთა შორის, რომლებიც რამდენიმე თვის წინ სოლიდარობის კამპანიას შეუერთდნენ მოდის სფეროში შრომითი უფლებების საკითხის წინ წამოწევის მიზნით.

დღეს მან თავად ისაუბრა პრობლემებზე, რომელთაც მოდელები სხვადასხვა დროს, მათ შორის, სამოდელო სააგენტოებთან ურთიერთობის პროცესში აწყდებიან.

“პირველი პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით სააგენტოსთან დაკავშირებით, არის ხელშეკრულებები. ხშირად ამ ხელშეკრულებებში არსებული პუნქტები შეუსაბამობაშია შრომით კოდექსთან.

მაგალითად, ერთ-ერთი პუნქტი უშუალოდ ჩემს კონტრაქტში გულისხმობს იმას, რომ სააგენტოსთან კონტრაქტის გაწყვეტის სურვილის შემთხვევაში მას [ამის შესახებ] უნდა შევატყობინო 2 წლით ადრე, [მაშინ, როცა] საუბარია სულ 3-წლიან კონტრაქტზე.

ასევე, კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში, ე.წ. ჯარიმის სახით გადასახდელი თანხა არის არარეალურად მაღალი. ჩემს შემთხვევაში ეს თანხა შეადგენს 50 000 ევროს, რაც საქართველოში არსებული სოციალური რეალობიდან გამომდინარე არის აზრს მოკლებული თანხა”, — აღნიშნავს ის.

თათია ახალაია. ფოტო მოდელის ინსტაგრამიდან

ახალაიას სიტყვებით, მოდელები ახერხებენ, ხელშეკრულებები აღნიშნული ჯარიმის გადახდის გარეშე გაწყვიტონ, ეს კი, მისი სიტყვებით, იმიტომ ხდება, რომ “კონტრაქტებს იურიდიული ძალა არ გააჩნიათ”.

“[თუმცა], სამოდელო კონტრაქტები, მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნიათ იურიდიული ძალა, მაინც რჩება ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთ-ერთ საშუალებად”, — დაამატა მან.

თათია ახალაიას თქმით, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც სამუშაო დღეები ერთჯერადი ხელშეკრულებებით რეგულირდება, საქართველოს მოდის ინდუსტრიაში ეს საკითხი სიტყვიერად თანხმდება:

“იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაო საათები ჩვენთვის არ არის განსაზღვრული, არ ხდება დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება. ჩვენთვის, საერთოდ, ასეთი ცნება, როგორიცაა ზეგანაკვეთური შრომა, არ არსებობს”.

ამავე პრობლემაზე ისაუბრა პროფკავშირის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მოდელმა ანასტასია ვანიშვილმაც:

“სამუშაო დღის დამთავრება თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია დამსაქმებლის კეთილ ნებაზე. იმ შემთხვევაშიც, თუ დღეში ვმუშაობთ 8 ან მეტ საათს, არ გვაქვს ჩვენთვის განკუთვნილი შესვენების დრო.

ესეც თავიდან ბოლომდე დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში, ჩვენთვის შესვენების დრო არის ლანჩისთვის განკუთვნილი დრო”.

მისივე თქმით, ამ სფეროში არაერთი არასრულწლოვანი საქმიანობს, რომლებიც მსგავს პრობლემებს აწყდებიან და მაშინ, როცა ღამის გადაღებები ტარდება, “ხშირად უწევთ, სამუშაო ლოკაცია დატოვონ ღამის პირველ და ორ საათზე”.

ინფორმაციის ნაკლებობა, დარღვეული პირადი სივრცე და დაგვიანებული ჰონორარი

ანასტასია ვანიშვილის სიტყვებით, რომელმაც უშუალოდ დიზაინერებთან ურთიერთობის პროცესზე ისაუბრა, მოდელები სხვა მიმართულებებითაც განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას.

გარდა სამუშაო დროისა, მათ არ იციან, მაგალითად, რისთვის და რამდენი ხნის განმავლობაში გამოიყენებს დამსაქმებელი კონკრეტული სესიის ფარგლებში გადაღებულ ფოტოებს.

“როცა მივდივართ გადაღებაზე, სამუშაო ლოკაციაზე, თითქმის არასდროს კარგად არ ვიცით, რისთვის მივდივართ, რა უნდა გავაკეთოთ, რამდენი საათი უნდა ვიმუშაოთ, როდის დამთავრდება გადაღება და კონკრეტულად სად იქნება ლოკაცია.

ხშირად ჩვენთვის არაკომფორტულ გარემოში აღმოვჩნდებით ხოლმე იმის გამო, რომ წინასწარ არ ვიცოდით, რასთან გვექნებოდა შეხება”, — დასძინა მან.

ვანიშვილის თქმით, პრობლემურია მოდელების პირადი სივრცის საკითხიც: როგორც ჰყვება, “გადასაღებ მოედანზე თითქმის არასდროს არსებობს გამოსაცვლელი კუთხე”, რის გამოც თავადაც და სხვა მოდელებსაც, მათ შორის, არასრულწლოვანებს, უწევთ, მესამე პირის თანდასწრებით გამოიცვალონ ტანსაცმელი.

ამასთან, მოდელის თანახმად, დასაქმებულებზე ხშირია “ზეწოლა”, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ ჩაიცვან კონკრეტული ტანისამოსი.

“ხშირად აღმოვჩენილვართ უშუალოდ სამუშაო პროცესში ფაქტის წინაშე, რომ გვიწევს, ჩავიცვათ ისეთი რაღაც, რაც არ გვინდა, რაც გულისხმობს სხეულის სიშიშვლეს.

ხშირად ხდება მანიპულირება ადამიანებზე, რომ ეს გააკეთო. როცა ფაქტის წინაშე დგები, ხანდახან რთულია, ამაზე უარი თქვა. როცა კეთილი ნება არსებობს, რა თქმა უნდა, შეგიძლია, შენით მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ხშირად ესეც არ არსებობს”, — აღნიშნა მან.

ანასტასია ვანიშვილი. სქრინი FashionHolics Online-ის ვიდეოდან

ფინანსურ ნაწილზე საუბრისას მოდელი განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმ კოლეგების პრობლემებს, რომლებიც სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობის გარეშე, “ფრილანსერებად” საქმიანობენ. ანასტასია ვანიშვილის თქმით, ზოგიერთი მათგანი დამსაქმებლისგან კუთვნილ ანაზღაურებას ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვერ იღებს:

“ხშირად ამ ადამიანებს, იქიდან გამომდინარე, რომ წარმომადგენელი არ ჰყავთ, უწევთ ბრძოლა იმისთვის, რომ მიიღონ მათთვის განკუთვნილი ჰონორარი.

ხშირად, თვეების განმავლობაში უწევთ, ეკონტაქტონ დიზაინერებს და მოითხოვონ ეს თანხა, რაც, ჩემი აზრით, შეურაცხმყოფელია.

იქიდან გამომდინარე, რომ არ გაქვს არც წერილობითი და არც სიტყვიერი ხელშეკრულება, რის მიხედვითაც მოსთხოვ, რომ გადაგიხადონ ეს თანხა, გიწევს, სიტყვიერად აიძულო, მიიღო შენთვის განკუთვნილი ჰონორარი”.

პრეტენზიები Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის მიმართ

მოდელებმა თავიანთ პრობლემებზე ღიად საუბარი დაიწყეს მიმდინარე წლის მაისში, Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის დროს, რომლის გადაღებებიც თბილისში, “კოკა-კოლას” ძველ ქარხანაში მიმდინარეობდა.

ისინი ჩიოდნენ კვებასთან, ტრანსპორტირებასთან, ჰიგიენასთან, ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

ამ საკითხებზე დღევანდელ პრესკონფერენციაზეც იყო საუბარი. ახლად დაფუძნებული პროფკავშირის თავმჯდომარის, მოდელ ანი გავას თქმით, იმედოვნებს, რომ ზემოხსენებული კვირეულის მომდევნო სეზონი უკეთეს გარემოში ჩატარდება, მანამდე კი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელსაც თავად აწყდებოდა გასულ წლებში.

“გვჭირდება სივრცე, სადაც ჰიგიენის ნორმები იქნება დაცული. ბოლო ორი სეზონი მერსედესი ამ მხრივ არ იყო გამართული. ქარხანაში, სადაც ღონისძიება ტარდებოდა, ვერ პასუხობდა სანიტარული მოთხოვნების სტანდარტებს.

ტანსაცმლის გამოცვლა გვიწევს უამრავი ადამიანის, მათ შორის, მოწვეული სტუმრების,  პრესის, ფოტოგრაფების, ტელევიზიების თანდასწრებით, რომლებიც ძალიან მარტივად ახერხებენ ე.წ. ბექსთეიჯში[სივრცე, სადაც მოდელები ჩვენებისთვის ემზადებიან] შემოსვლას, გვიღებენ ფოტოებს, რაც არ არის სასიამოვნო.

სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ საპირფარეშო განთავსებული უნდა იყოს იმავე შენობაში, რომელშიც ვმუშაობთ”, — დასძინა მან.

ანი გავა. ფოტო მოდელის ინსტაგრამიდან

ანი გავას სიტყვებით, მნიშვნელოვანია, მოწესრიგდეს სამუშაო გრაფიკებიც, მოდელებს კი ჰქონდეთ მოსასვენებელი სივრცე, სადაც ისინი შოუებს შორის შეისვენებენ.

მისი თქმით, პრობლემურია კვება და ტრანსპორტირებაც. როგორც ჰყვება, მას შემდეგ, რაც მოდელებმა სწრაფი კვების ჯანსაღი საკვებით ჩანაცვლება და ადგილების სიმცირის გამო ტრანსპორტის დამატება მოითხოვეს, კვირეულის ორგანიზატორებმა ეს საკითხები დიზაინერებს გადააბარეს, რაც არასწორია.

ანი გავა შეეხო ბულინგსაც, რომელიც, როგორც ამბობს, მისთვის და მისი კოლეგებისთვის უცხო არ არის. მისი სიტყვებით, “არაერთი დამწყები მოდელისთვის და არამარტო, ცნობილია აგდებული დამოკიდებულება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მერსედესის თანამშრომლებისგან”.

“ისევ ტრანსპორტირების საკითხს შევეხები და გავიხსენებ ფაქტს, როდესაც ჩემი კოლეგები ერთ-ერთი შოუს დასრულების შემდეგ აეროპორტში დატოვეს მერსედესის თანამშრომლებმა, რადგან ისინი სამარშრუტო ტაქსიში ვერ ავიდნენ.

ასევე გავიხსენებ ჩემს პირად შემთხვევას. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ტრანსპორტირებას მოდის კვირეული უზრუნველყოფდა, იმავე მიზეზით, რომ სამარშრუტოში ფეხზე დგომა არ მსურდა, ჩემი და რამდენიმე მეგობარი მოდელის ტრანსპორტირების საკითხს ვიღებდი საკუთარ თავზე.

ტრანსპოსტირების დროს მერსედესის ერთ-ერთი თანამშრომელი გამუდმებით მირეკავდა, მლანძღავდა, [მეუბნებოდა, რომ] თუ ვერ ვახერხებდი საცობებისთვის თავის არიდებას, ტაქსით გამეშვა მოდელები, მოდელებისვე ფინანსებით”, — დასძინა მან.

მოდელი ასევე ჰყვება, რომ რამდენიმე წლის წინ ორგანიზატორებს რეპეტიციებისთვის სპეციალისტები რუსეთიდან ჩამოჰყავდათ და პროცესიც რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. მისი თქმით, ეს ხდებოდა “ყვირილით და შეურაცხყოფით იმის გამო, რომ ზოგიერთმა მოდელმა რუსული ენა უბრალოდ არ იცის”.

“ბოლო რამდენიმე სეზონია, რაც რეპეტიციები ინგლისურად მიმდინარეობს და სიტუაციაც შედარებით გამოსწორდა”, — დაამატა მან.

ანი გავა ითხოვს, ყველა მომდევნო სეზონზე Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულმა “დადოს კონტრაქტები, ხელშეკრულება წერილობით, არა მარტო სააგენტოებთან, არამედ თვითდასაქმებულ მოდელებთანაც, სადაც ეწერება, რომ უზრუნველყოფს ყველა იმ საკითხს”, რაზეც მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

რამდენიმე თვის წინ მოდელების პრეტენზიების ნაწილს Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის დამფუძნებელმა, სოფო ჭყონიამ უპასუხა. ის ამბობდა, რომ მოდელების შრომითი უფლებები მოდის კვირეულის ხელმძღვანელობას არ ეხება და საკითხები, როგორებიცაა მოდელის ხელფასი, კვება და ტრანსპორტირება, დიზაინერებსა და სამოდელო სააგენტოებს შორის გვარდება.

“მე ვერ დავუწესებ სტანდარტებს. ეს უნდა გააკეთოს სააგენტომ, რომელიც წარმოადგენს ამ მოდელს. მე ვარ ღონისძიების ორგანიზატორი. დიზაინერი ქირაობს მოდელს სააგენტოსგან. მე როგორ ჩავერიო?

მოდელის შრომითი უფლებები “Mercedes-Benz Fashion Week”-ს არ ეხება. მე ვაკეთებ სეთაფს, ჩამომყავს გადამღები ჯგუფი, ჩამომყავს სტუმრები და ა.შ.”, — ამბობდა ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

სოფო ჭყონია სქრინი გადაცემიდან "ბაიასთან"(ფორმულა ტვ)

საპირფარეშოსთან დაკავშირებით მოდელების პრეტენზიის კომენტირებისას ჭყონია ამბობდა, რომ “კოკა-კოლას” ქარხანა რამდენიმე შენობას აერთიანებს, საპირფარეშო კი “არც ისე შორს” მდებარეობდა იმ შენობიდან, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა.

მოგვიანებით, მოდის კვირეულის ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა და თქვა, რომ ბოლო კვირეული პანდემიის ფონზე ჩატარდა და “მთელი რიგი პრობლემები” გამოვლინდა, რომლებიც “მეტ კომუნიკაციას” საჭიროებს.

განცხადებაში ასევე ეწერა, რომ როგორც “მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია”, მოდის კვირეული მზად არის, ხელი შეუწყოს “თანამედროვე სტანდარტების” დანერგვას ამ ბიზნესში, მათ შორის “შრომითი უფლებების და უკეთესი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად”.

“ნეტგაზეთს” სურდა, სოფო ჭყონიას პასუხი მოესმინა უშუალოდ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებზეც მოდელმა ანი გავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის დამფუძნებლის თქმით, ამ საკითხებზე კომენტარი უკვე გაკეთებული აქვს და მეტი კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს.

“რაც შეეხება კვირეულს, ფორმატი იცვლება და იმედი მაქვს, გაზაფხულზე ჩავატარებთ, თუ შევძლებ საქართველოში მოდის სფეროში მუშაობის გაგრძელებას, რადგან საზღვარგარეთ დავიწყე მუშაობა და თანამშრომლობა. წარმატება მინდა ვუსურვო ქართველ მოდელებს და დიზაინერებს”, — მოგვწერა მან.

ფოტო გარეკანზე: მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულთა პროფკავშირი პრესკონფერენცია. ავტორი: იდა ბახტურიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი