ხელოვნება

გამოფენა: პირადი სივრცე საბჭოთა არქიტექტურის მიღმა [ვიდეო]

15 მარტი, 2014 • • 1326
გამოფენა: პირადი სივრცე საბჭოთა არქიტექტურის მიღმა [ვიდეო]

წიგნის პრეზენტაციაზე დასავლეთ გერმანიაში დაბადებულმა ფოტოგრაფმა აუდიტორიას უთხრა, რომ საბჭოთა პერიოდის არქიტექტურა აღმოსავლეთ გერმანიისთვის უცხო არაა, რომლითაც იგი დაინტერესებული იყო. თუმცა, მხოლოდ არქიტექტურა არ არის მისი ინტერესის საგანი. უტა ბაიერი თბილისში არამარტო არქიტექტურით, იმ ადამიანთა ცხოვრებითაც დაინტერესდა, ვინც საბჭოთა ფასადის მიღმა ცხოვრობენ.

 

ფოტოგრაფმა, რომელიც თბილისში 2009 წლიდან ცხოვრობს, ადამიანების ადგილსამყოფელით, მათი სულიერი ურთიერთობებით, მატერიალური სამყაროს საგნებითა და ობიექტებით დაინტერესდა და თბილისის ყოველდღიურობის აღწერა აირჩია.

 

ბაიერის პროექტი „კორპუსი 18“ ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის ბინადრების ცხოვრებას აღწერს. შენობა 1981 წელს აშენდა და  პირველი იყო იმ რამდენიმე ათეული შენობიდან, რომელთა მშენებლობა ამ ტერიტორიაზე 1980-იანი წლების დასაწყისში უნდა დასრულებულიყო.

 

ბაიერი ამბობს რომ იქ მუშაობამ დაარწმუნა, რომ დრო არამხოლოდ არქიტექტურისთვის, არამედ ადამიანებისთვის ჩერდება და სტატიკურ კატეგორიად გადაიქცევა. მან გაიხსენა ერთი მოხუცი ქალი, რომელმაც ფოტოოგრაფს გაუმხილა, რომ 1986 წელს შეიძინა ავეჯი და ეს იყო უკანასკნელი დიდი შენაძენი რაც მან ჰქონია. ბაიერი ამბობს, რომ ფოტოგრაფირებისას მას ჰქონდა კითხვარი და შერჩეულ კითხვებს უსვამდა თავის გმირებს. 

 

ბაიერმა დასახლებაში 4 თვე იმუშავა. კორპუსი 18 ცხრასართულიანი ბეტონის საცხოვრებელი კომპლექსია 7 კიბით, თითოეული კიბე 18 ბინას უკავშირდება. სახლში 126 ოჯახი ცხოვრობს. წიგნი მოგვითხრობს კორპუსი 18-ის ბინადარ 18 ოჯახზე 2011 წელს, სახლის  აშენებიდან 30 წლის შემდეგ. ყოველი ოჯახი მთლიანი ამბის შემადგენელ პატარა ამბად არის წარმოდგენილი, თანდართული მოკლე ფაქტებით: ოჯახის წევრების სახელები, ასაკი, პროფესიები, სახლში ცხოვრების მათ მიერ მოთხრობილი ისტორიები, მათი იმედები, ოცნებები, ან  შეხედულებები ცხოვრებაზე.

 

უტა ბაიერისთვის საცხოვრებელ უბანში “შეღწევა” და ადგილობრივების გახსნა ადვილი იყო, რადგან მის სტუდენტის მშობლებს აქვთ მაღაზია, ხოლო მაღაზია დასახლებაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს წარმოადგენს, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, ინფორმაციას უცვლიან. ბაიერის თქმით, ადგილობრივებს სიამოვნებთ ის, რომ მათ დასახლებაში სუფთა ჰაერია და ანონიმურობა დაბალი. სოფლის ცხოვრების წესი და ნაცნობობა “კორპუსი 18”-ის მცხოვრებლებს დაცულობისა და საიმედოობის განცდას აძლევს. 

 

უტა ბაიერმა თბილისის საცხოვრებელ პირობებს არაერთი გრძლვადიანი დოკუმენტური პროექტი მიუძღვნა, რომლებიც ფართოდ იყო წარმოდგენილი გამოფენებზე ევროპასა და საქართველოში. კითხვაზე, რატომ აარჩია საქართველო, ფოტოგრაფი პასუხობს, რომ ის საქართველოში ცხოვრობს. 

უტა ბაიერი
უტა ბაიერი

მასალების გადაბეჭდვის წესი