ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბებიხელოვნება

ნუდ-ფოტოგრაფია, ადამიანები ქალაქში | ორი ფოტოგრაფი ქალი ბაქოდან

11 ივლისი, 2021 • 9015
ნუდ-ფოტოგრაფია, ადამიანები ქალაქში | ორი ფოტოგრაფი ქალი ბაქოდან

ავტორი: ნიკა მუსავი


გერმანელ-იტალიელი მწერალი ჰელენა იანეჩეკი რომანში “გოგონა ლეიკით” [“The Girl with the Leica”] ჰყვება გერდა ტაროზე – პირველ ქალზე, რომელი სამხედრო ფოტოგრაფი იყო. აქ “ლეიკაში”, რა თქმა უნდა, იგულისხმება ლეგენდარული ფოტოკამერა. გოგონები, რომლებზეც მოგიყვებით, იღებენ Canon-ით, Nikon-ით, Kodak-ით, თუმცა, მათ ობიექტივში ომის სცენები არ ხვდება. 

შარაფ ნაგიევა და ფიდან ნაზიმგიზი ახალგაზრდა, ცნობილი ფოტომხატვრები არიან ბაქოდან, რომელთაც საკუთარი დიდი აუდიტორიის შექმნა შეძლეს. მათზე ერთად საუბრის საბაბი მრავალი შეიძლება იყოს, იმის მიუხედავად რომ მათი შემოქმედება სრულიად განსხვავებულია. 

შარაფ ნაგიევა – პორტრეტები და ნუდ ფოტოგრაფია 

იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი ამ დრომდე საკმაოდ კონსერვატიული ქვეყანაა, ნუდ-ფოტოგრაფია ძალიან სუსტად არის განვითარებული. პრინციპში, ამ ჟანრმა სულ ახლახანს დაიწყო განვითარება, ყოველშემთხვევაში, რაღაც აკრძალულის კატეგორიიდან გამოვიდა და ნახევრად შიშველი სხეულის ფოტოებმა პირადი კომპიუტერების საქაღალდეებიდან სოციალური ქსელების გვერდებსა და გამოფენებზე გადაინაცვლა. 

საზოგადოება, რბილად რომ ვთქვათ, ამ სტილზე არაერთგვაროვნად რეაგირებს. ხშირად, ეს რეაქციები მორალის კითხვით გამოიხატება, რაც ქალებს უკარგავს სურვილს, ნახევრად გაშიშვლებული საკუთარი სხეულის ფოტოები საჯარო სივრცეში გამოაქვეყნონ. 

შარაფ ნაგიევას ნამუშევრებიდან

“სამი წელი გავიდა მას შემდეგ, როდესაც მეგობრისგან ციფრული კამერა ვითხოვე, სამსახურიდან წამოვედი და საკუთარ თავს უფლება მივეცი სამყაროს ოფისის ფანჯრების ნაცვლად, ფოტოობიექტივიდან დავაკვირდე”.

“კარგი პორტრეტის შესაქმენლად უნდა იყო შეყვარებული იმაზე, რასაც იღებ. ზოგჯერ მგონია, რომ გადაღების დროს, მე როგორც პიროვნება ვწყვეტ არსებობას – ვხდები უჩინარი, შეუმჩნეველი და არსებობს მხოლოდ ადამიანი, რომელიც ობიექტივს მიღმაა, რომელიც მიზიარებს რაღაც მნიშვნელოვანს, პირადს. ან ისიც ჩუმადაა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ურთიერთკავშირია, რომელშიც ერთი ადამიანი მეორეს გახსნის საშუალებას აძლევს. მერე ისეთი სულიერი სიახლოვე ჩნდება, რომ ადამიანი იწყებს ნდობას იმდენად, რომ უარს ამბობს დასწავლილ პოზებზე, ჩვევებზე და ბოლოს, ტანსაცმელზეც კი”. 

შარაფ ნაგიევას ნამუშევრებიდან

“მაგრამ ახლა ყველაფერი იცვლება. პირველ რიგში, გოგონების დამოკიდებულება საკუთარი სხეულის მიმართ. ის თანდათანობით ჩამოდის იმ პიედესტალიდან, რომელზეც ის თავსმოხვეულმა შეზღუდვებმა დააყენეს”.

შარაფისთვის სიშიშვილე მაქსიმალური გულწრფელობისა და ბუნებრიობის სიმბოლოა. 

“მე მომწონს ქალის სხეულის ჩვენება, მსუბუქად, ბუნებრივად, ზუსტად ეს ასხვავებს ნუდ ფოტოგრაფიას ეროტიკისგან”.

შარაფის პროექტების უმრავლესობა – ეს არის მისთვის აქტუალური საკითხებზე პასუხების ძიება. პროექტი «A Woman Being» იყო მცდელობა პასუხისა კითხვაზე, როგორ თვითიდენტიფიცირებს ქალი თავს. 

პროექტი «The Veil» სწავლობდა ბარიერს თაობებს შორის [ფარდა აზერბაიჯანში ჰქვია ეთიკურ დისტანციას უმცროსებსა და უფროსებს შორის]. და საბოლოოდ, ავტოპორტრეტების სერია «Diary of self-acquaintance» იყო შედეგი საკუთარი თავის და საკუთარი ფიზიკური გარსის აღქმისა. 

დღეს შარაფი ემზადება პირველი გამოფენისთვის. 

“მინდა რომ ჩემი ფოტოსურათები იმაზე მეტი იყოს, ვიდრე უბრალოდ პოსტი ინსტაგრამში. მინდა რომ პორტრეტის წინ იდგეს ადამიანი და იმას ხედავდეს და გრძობდეს, რასაც მე ვგრძნობდი ღილაკზე დაჭერის დროს”. 

 

შარაფ ნაგიევა

 


ფიდან ნაზიმგიზი – ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება 

 

ფიდან ნაზიმგიზი ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების შემთხვევით ფრაგმენტებს იღებს. თითქმის, ყველა მისი ნამუშევარი შავ-თეთრია.

ფიდანის ფოტოებზე ადამიანები ხშირად გადღაბნილი სილუეტების სახით არიან წარმოჩენილი. გამვლელები, უცნობები მასებში, რომლებიც სრულიად შემთხვევით ხდებიან მოქმედების მონაწილეები. თუმცა ეს ადამიანები საჭირო არიან იმისთვის, რომ კომპოზიცია დასრულებული იყოს. ისინი ვერასოდეს შეიტყობენ, რომ კომპოზიციის ნაწილი გახდნენ და შესაძლებელია, ფოტოს ნახვის დროს, საკუთარი თავი ვერც იცნონ 

“ვივიან მაიერის ნამუშევრების გავლენით შავ-თეთრი ფოტოგრაფიით ვიყავი დაკავებული. საბოლოოდ, მეც ეს ავირჩიე, რადგან მივხვდი რომ ძალიან შორს ვარ ფერებისგან. დღეს უკვე ჩემი სტილით მცობენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისევ სტილის და ჟანრის ძიებაში ვარ.

ფიდანის ფოტოები ხშირად მისტიური და ბნელია. რეალობა წრეებით იკვრება, როგორც ტბის ზედაპირი, თუ ნაპირიდან კენჭს ესვრი. კიდევ, მის ფოტოებზე ჩიტებია, ბევრი ჩიტი – ქალაქის თავხედი მტრედებიდან დაწყებული ყვავების ჩათვლით. 

ფიდან ნაზიმგიზის ნამუშევრებიდან

“შემიძლია საათობით ვუყურო, როგორ დაფრინავენ ჩიტები. ეს სულიერ სიმშვიდეს მანიჭებს. მიყვარს ყვავები და ვაჭმევ მათ. მგონია რომ ისინიც გრძნობენ ამას და ხშირად ჩემს თავზე დაფრინავენ. ამიტომაც ხვდებიან ობიექტივში”. 

ფიდანის ნამუშევრები მრავალ ქვეყანაში იყო გამოფენილი და სხვადასვა საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა. ფოტოგრაფი თანამშრომლობს Light & Composition University-თან, წერს სტატიებს საკუთარ ფოტოსურათებზე. ამჟამად მონაწილეობს იმერსიულ [თანამედროვე ციფრული მულტიმედია ხელოვნების მიმართულება, რომლის ფარგლებშიც წარმოსახვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ცოცხლდება] საერთაშორისო პროექტში «Berlin Explorer», რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ ფოტოების შექმნას, არამედ კვლევას, იდეებისა და “განცდების” გაზიარებას და ფოტოებისთვის სიცოცხლის მინიჭებას, როგორც ეგზისტენციური გამოცდილების ნაწილის. 

ფიდან ნაზიმგიზის ნამუშევრებიდან

ფოტოგრადი ასევე ის მუშაობს საკუთარ პროექტსზე «Handmade Vintage Papers», რომელიც ვინტაჟურ სტილში ფოტოების საკუთარი ხელით ბეჭდვას ითვალისწინებს. 

“ძირითადადი პრინციპი, რომლითაც ვხელმძღვანელობ, შეიძლება ასეთი ფორმულირებით გადმოვცე: “საკუთარ თავს და სხვებს მიეცით უფლება, რამდენიმე წუთის განმავლობაში უყუროთ ფოტოს. ეს ნიშნავს იმას, რომ მინდა, ჩემი ფოტოები იყოს სიღრმისეული. უყურონ მათ დიდი ხნის განმავლობაში მდუმარედ და დიდხანს დარჩეს მათ მეხსიერებაში”.

ფიდან ნაზიმგიზის ნამუშევრებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი