ხელოვნება

ჯგუფი “შინ” საქართველოში ახალი მუსიკალური პროექტით, კონცერტითა და ალბომით ბრუნდება

11 აპრილი, 2013 •
ჯგუფი “შინ” საქართველოში ახალი მუსიკალური პროექტით, კონცერტითა და ალბომით ბრუნდება

ამ ახალი მუსიკალური პროექტით ჯგუფი ”შინ” პირველად 2012 წლის 10 დეკემბერს ქალაქ რიგის კონგრესჰოლში ლატვიელი მსმენელის წინაშე  წარსდგა. პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ”ბრავო რექორდსისა” და  ”შინ”-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველოში პროექტის CD ალბომად გამოცემა დაიგეგმა.

ჯგუფი შინ
ჯგუფი შინ

 

”ბრავო რექორდსის” განმარტებით, ლატვიური პროექტის  კონცეფცია იმ მუსიკალურ ნაწარმოებებზეა აგებული, რომლებმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ჯგუფ ”შინის” თითოეული წევრის დამოკიდებულებაზე მუსიკის მიმართ და ეს მუსიკალური პროექტი იმ მუსიკოსებს ეძღვნება, რომლებმაც ჯგუფის  წევრების მუსიკალური მსოფლმხედველობა განაპირობეს. სწორედ ამიტომაა პროექტის სახელწოდება ”არაჩვეულებრივი გამოფენა” და მასში თავმოყრილია გია ყანჩელის, ჩიკ კორეას, ხოაკინ როდრიგოს, მაიკლ სტერნის, მაილს დევისის და, რა თქმა უნდა, ქართული ხალხური მუსიკის მოტივები.

ჯგუფ ”შინ”-ის ახალ ალბომში 12 მუსიკალური ნაწარმოები შევა. სტუდიური ჩაწერები ”ბრავო რექორდსის” სტუდიაში 12  აპრილს დაიწყება და 1 თვის განმავლობაში გასტანს. პროექტში ძირითადი ნაწილი გია ყანჩელის მუსიკალურ თემებს ეძღვნება, ქართველი მაესტროს მიმართ ჯგუფის წევრების განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად.

ჯგუფი შინ
ჯგუფი შინ

ქართული ფოლკლორული მოტივები ლატვიელ მსმენელს ”შინის” წევრებმა ლიეპაის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ახლებლური ინტერპრეტაციით შესთავაზეს. თბილისში კი ”შინ”-ის ახალ პროექტზე ჯგუფთან ერთად თბილისის სიმფონიურ ორკესტრი, თბილისის კონსერვატორიის ვოკალური კვარტეტი და ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასი იმუშავებენ.  

ორგანიზატორების ცნობით, სპეციალურად პროექტისათვის მოწვეულნი იქნებიან ცნობილი უცხოელი სესიური მუსიკოსებიც: ესპანელი  ფლეიტისტი ხორხე პარდო, რომელიც პაკო დე ლუსიასა და ჩიკ კორეასთან ერთად არაერთ პროექტზე მუშაობდა;  თანამედროვე თურქული მუსიკის წამყვანი კომპოზიტორი ილიას მირზაევი, რომელსაც ამ პროექტის ყველა მუსიკალური ნაწარმოების არანჟირება ეკუთვნის და ლატვიელი ჰობოისტი და დირიჟორი ნორმუნდ შნე.

“დიდ სიურპრიზს გიმზადებთ!”  – წერია ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი