ხელოვნება

კულტურის მინისტრმა ვაჩეიშვილი სამსახურიდან დაითხოვა

18 იანვარი, 2013 • 2803
კულტურის მინისტრმა ვაჩეიშვილი სამსახურიდან დაითხოვა

“ჩვენ ბატონ ნიკასთან ამ დილითაც გვქონდა საუბარი. ამ წლების განმავლობაში მან დიდი სამუშაო ჩაატარა, ნაწილი მისი განხორციელებული პროექტებისა წარმატებული იყო, ჩემი აზრით, თუმცა სხვა ნაწილთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს შენიშვნები აქვს. ბატონი ნიკა ამ შენიშვნებს ნაწილობრივ იზიარებს, ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ, შეხვედრები მანამდეც გვქონდა და მივედით დასკვნამდე, რომ სამომავლოდ ჩვენი კონცეპტუალური ხედვა ამ მიმართულებით ერთმანეთისაგან განსხვავდება და აჯობებს, ამ ეტაპზე ერთმანეთს დავშორდეთ,” – აცხადებს გურამ ოდიშარია.

 

ვაჩეიშვილი ამბობს, რომ არ ეთანხმება მინისტრის შენიშვნებს და ამიტომ არ აპირებს საკუთარი განცხადებით სამსახურიდან წასვლას:

 

“ვისი ინიციატივაც არის, იმან უნდა გააფორმოს იურიდიულად, ეს ჩვეულებრივი მომენტია. ამიტომ ეს სამინისტროს გადაწყვეტილებაა და, ბუნებრივია, ბრძანება უნდა დაიწეროს სამინისტროში. ეს ბუნებრივი რამეა, მართლაც შეხედულებები და შეფასებები სხვადასხვა გვაქვს,” – უთხრა “ნეტგაზეთს” ნიკა ვაჩეიშვილმა.

 

ვაჩეიშვილის  სამსახურიდან მოსალოდნელი დათხოვნის  შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც კულტურის მინისტრი და მისი მოადგილე პარიზში იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილეს ფრანჩესკო ბანდარინის შეხვდენენ. შეხვედრა 8 იანვარს შედგა და სხვა საკითხებთან ერთად, ბაგრატის ტაძრის საკითხიც განიხილეს. ბანდარინიმ აღნიშნა, რომ დაირღვა ძეგლის ავთენტურობა და როგორც თვითმყოფადი ნიმუში, ბაგრატის ტაძარი ნუსხაში ვეღარ დარჩება.

 

“ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბაგრატის ტაძარი აღარ არის ნანგრევი. ის შესული იყო სიაში, როგორც ნანგრევი, ეს ტაძარი დღეს აღმდგარი სიძველეა, ამიტომ ჩემთვის ეს არის მთავარი, ბაგრატის ტაძარი დღეს არის ერთ-ერთი სანიმუშო სარესტავრაციო პროექტი”, – აცხადებს ნიკა ვაჩეიშვილი.

 

მისი თქმით, ბაგრატის ტაძარი იუნესკოს მოსფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, რომელშიც იგი გელათის სამონასტრო კომპლექსთან ერთადაა შესული, ძველი ფორმით ვეღარ დარჩება, მაგრამ შესაძლებელია იგი სხვა კრიტერიუმებით მოხვდეს იუნესკოს დაცული ძეგლების სიაში:

 

“გელათიც ჩვენი რესტავრირებულია, რომელსაც ყველა აფასებს უმაღლესი ქულებით, ისევე როგორც ბაგრატი, მაგრამ ბაგრატი აღარ არის ნანგრევი, ამიტომ ისინი რაღაცნაირად უნდა დაცილდნენ ერთმანეთს, ეს აღარ არის ნანგრევი და სხვადასხვა ნომინაციაში გააგრძელონ ცხოვრება იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაში. ამისთვის დიდი შრომა მოუწევს კულტურის სამინისტროს.”

 

ბაგრატის გარდა, ვაჩეიშვილთან დაკავშირებით კულტურის მინისტრს სხვა შენიშვნებიც აქვს:

 

“ის, რაც უკანსაკნელ წლებში მოხდა, ეს არის გადაჭარბებული სისწრაფე ამ ტაძრების რესტავრირების დროს. ხშირ შემთხვევაში ნიკა ვაჩეიშვილიც არ იყო არაფერ შუაში და მას აჩქარებდნენ, მაგრამ ის პასუხისმგებელი არის თავისი დარგის, რომელშიც ბევრი რამ გაფუჭდა,” – აცხადებს ოდიშარია.

 

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი

“გაჟღერდა შეფასებაში, რომ ყველაფერი ნაჩქარევი იყო. ნაჩქარევი კი არ იყო, დიდი შრომის შედეგია, რომ ამდენი სიძველე გადაურჩა ტოტალურ დანგრევას. 700-მდე ძეგლის აღდგენა მოხდა. ნაჩქარევი კი არ იყო, სწორედ გეგმაზომიერი წინსვლა იყო, მათ შორის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდის დახმარებით. ეს იყო ერთობლივი პროგრამა. აქედან გამომდინარე, კარდინალურად სხვა შეფასებებია. მე ვფიქრობ, რომ ეს ნგრევა მოიხსნა და სხვა ფაზაში გადავედით და ბედნიერი ვარ, რომ სოფელი არ დარჩა, მე მგონი, რომ სადაც განახლებული არ არის ტაძარი, აღარ ინგრევა და ხელიდან არ გეცლება სიძველე. მომავლის ხედვებშიც აქედან გამომდინარეა აზრთა სხვაობა. ის, რომ ჩვენ მთელი რესურსი ავამოქმედეთ, რომ ამდენი სიძველე გადარჩა, მე მგონი, ეს ბედნიერებაა და ჩემთვის ეს შენიშვნა ასე ჟღერს – “რატომ გადარჩა ამდენი სიძველე?!” – აცხადებს ნიკა ვაჩეიშვილი.

 

გურამ ოდიშარიას განცხადებით, ვაჩეიშვილის შემცვლელის შესახებ საზოგადოებას მომავალ კვირაში ეცნობება:

 

“ჩვენ გვყავს სავარაუდო კანდიდატები. მოვაწყობთ შიდა კონკურსს და იმ კვირას უკვე თქვენთვისაც იქნება ცნობილი, თუ ვინ შეცვლის ბატონ ნიკა ვაჩეიშვილს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ თანამდებობაზე მოვა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ეს არის საქართველო, დიდი კულტურითა და ისტორიით, რის წინაშეც იქნება ეს პირი პასუხისმგებელი. ჩვენც დიდ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს თავზე და დარწმუნებულნი ვართ, მოვლენები ისე განვირთარდება, რომ გვექნება ძალიან ბევრი სამაგალითო პროექტი.”

 

რაც შეეხება იმას, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას თავად ნიკა ვაჩეიშვილი, იგი აცხადებს, რომ იმავე სფეროში რჩება:

 

“ამ სფეროში, რა თქმა უნდა, ვრჩები. არ ვიცი, სამსახური რა იქნება. ძალიან მინდა, რომ სტუდენტებთან მქონდეს ურთიერთობა, ვრჩები გახსნილად, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ სამინისტროსთან, ნებისმიერ კონსულტირებას გავუწევ, არსად არ ვიმალები და ჩასაფრებული პოზციით არ ვარ, უბრალოდ, ძალიან მინდა, რომ წინ წავიდეს ეს სფერო”.

 

შეგახსენებთ, რომ “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით 2008 წელს  დაფუძნდა. სააგენტო შეიქმნა ქვეყნის ეროვნულ და მსოფლიო მნიშვნელობის კომპლექსური ძეგლების  ბაზაზე და წარმოადგენს მათ ერთობლიობასა და სამართალმემკვიდრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი