ხელოვნება

დააზიანებს თუ არა სამანქანო გზა ახლად აღმოჩენილ გალავანს

14 აგვისტო, 2012 •
დააზიანებს თუ არა სამანქანო გზა ახლად აღმოჩენილ გალავანს

“თბილისის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე ამბობს, რომ პუშკინის ქუჩაზე აღმოჩენილი გალავნის ადგილზე ღია მუზეუმი მოეწყობა, ხოლო დარჩენილ ტერიტორიაზე ისევ სამანქანო გზა აღდგება. 

“გაკეთდება საყრდენი კედელი და გვერდით გზა, რომელიც ისეთი ფართო ვერ იქნება, როგორიც იყო, თუმცა ჩვეულებრივად შენარჩუნდება. პროექტი არსებობს, მუშავდება და ანალიზი უკეთდება, სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს”, – განაცხადა გიორგი საბანაძემ.

ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქრის” წარმომადგენლის ცირა ელისაშვილის განცხადებით, გზის მშენებლობის სამუშაოების დაწყებამდე პროექტის საჯარო განხილვა უნდა მოეწყოს:

“იმ შემთხვევაში, თუ ვერ გადაწყდა სწორად, რა ბედი ეწევა ამ ძეგლს და თუკი საუბარი დაიწყო ფრანგმენტულ შენარჩუნებაზე, ჩვენი აზრით, სჯობს, რომ მოხდეს ძეგლის რეკულტივაცია, ანუ დაიფაროს კვლავ მიწით იმ დრომდე, სანამ კარგი პროექტი არ შემუშავდება. ეს ყველაფერი დროის საკითხია და არ შეიძლება აჩქარება. ჯობია ეს პროცესი გაიწელოს, გამოცხადდეს კონკურსი და ტენდერის საფუძველზე აირჩეს კარგად გააზრებული პროექტი და არა გზადაგზა სინქრონულ რეჟიმში გაკეთდეს არქეოლოგიური გათხრებიც და ქუჩაც”.

თუმცა, გიორგი საბანაძის თქმით, გზის პროექტის საჯარო განხილვა არ იგეგმება:

“ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ გზა ისე გავიდეს, რომ გალავანი არ დაზიანდეს. გზა არანაირ შეხებაში არ იქნება გოდოლებთან და კედლებთან”, – აცხადებს საბანაძე.

პუშკინის ქუჩაზე ძველი თბილისის გალავნის ფრაგმენტები მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციის დროს აღმოაჩინეს.

ეროვნული მუზეუმის მეცნიერის, არქეოლოგ მერაბ ძნელაძის განცხადებით, გალავანი დაახლოებით მე–11–13 საუკუნით შეიძლება დათარიღდეს და აღმოჩენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გზის გაყვანასთან დაკავშირებული პროექტი ძეგლის შენარჩუნების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს:

“აღმოჩენილია ხუთი კოშკი, მათ შორის ორი დიდი გოდოლი. ამ გალავნის არსებობა საიდუმლო არ ყოფილა, გალავანი ძველ რუკებზე დატანილი იყო და მის შიგნით ძველი თბილისი იყო მოქცეული. აღმოჩენილ ორ დიდ კოშკს შორის უნდა ყოფილიყო შესასვლელი კარი, რომელსაც დიღმის კარი ერქვა”, – აცხადებს მერაბ ძნელაძე. მისი თქმით, გალავნის რამდენიმე კარიდან  ერთ–ერთი ცენტრალური უნდა ყოფილიყო, რადგან აქედან გზა მცხეთისკენ მიდიოდა:

“ძველად ყველა კართან სპეციალური საბაჟოები იყო ხოლმე განთავსებული, სადაც ის ვაჭრები, ვისაც რაიმე შეჰქონდა ქალაქში, ბაჟს იხდიდნენ. ამ ადგილას აღმოჩენილია ძალიან საინტერესო ნივთები: კერამიკა, სამაჯურის ნაშთები, მინა, მონეტები, რაც სწორედ საბაჟოს არსებობაზე მიუთითებს. ვახტანგ გორგასლის დროინდელი ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს, თუმცა ეს ერთ–ერთი ბრწყინვალე აღმოჩენაა”, – განაცხადა მერაბ ძნელაძემ.

მერაბ ძნელაძის თქმით, ისტორიულად გალავანი პუშკინის ქუჩიდან ნარიყალასკენ მიდიოდა, შემდეგ სიონის მიმართულებით ეშვებოდა, სიონიდან ანჩისხატამდე უხვევდა და კვლავ ბარათაშვილის მიმართულებით გამოდიოდა. კედლის ის ნაწილი, რომელიც პუშკინის ქუჩიდან ნარიყალამდე იყო, ამჟამად სახლების ქვეშაა მოქცეული და მისი გათხრა არ იგეგმება.

რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, არქეოლოგების განცხადებით, ძეგლზე პირველადი გაწმენდა–გასუფთავებითი სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. თვის ბოლოს იგეგმება გზაზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი