ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რეჟისორმა ლევან ღლონტმა, ”მე მიყვარს თბილისი” პროექტის ფარგლებში, მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება დაიწყო. მრავალ სხვა ეპიზოდთან ერთად სცენარით გათვალისწინებული იმ მონაკვეთის გადაღების საჭიროებაც დადგა, როცა ახალგაზრდა მღვდელი გორგოლაჭებზე, ე.წ როლიკებზე დასრიალებს. გადაღებების ადგილად რიყის ახალი ხიდი და გასული კვირის ოთხშაბათი დღე შეარჩიეს.
მოსამზადებელი სამუშაოების შემდგომ, როცა მსახიობიც და კამერებიც მზად იყო, გადასაღებ მოედანთან ჯერ სასულიერო აკადემიის სტუდენტებმა, შემდგომ კი მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა დაიწყეს თავმოყრა. რეჟისორი ყვება, რომ მღვდლების თავშეყრიდან ცოტა ხანში, ატეხილი აურზაურის გამო, შემოქმედებითი ჯგუფი იძულებული გახდა, დახმარება საპატრულო პოლიციისთვის ეთხოვა. რეჟისორი ამბობს, რომ პატრულის მცდელობა, სასულიერო პირები და და სტუდენტები მოეშორებინათ გადასაღები მოედნიდან, უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც გადაღების პროცესი მაინც ჩაიშალა.
”მოვიდნენ მოძღვრები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მოძღვრის გადაღება საერთოდ არ შეიძლება, რომ მოძღვარი გორგოლაჭებზე ეს არის მკრეხელობა. ჩვენ ატეხილი აურზაურის გამო გადაღება ჩაგვეშალა და ეპიზოდის დასრულებაც ვერ მოვასწარით” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ფილმის რეჟისორმა ლევან ღლონტმა.
ამასთან, რეჟისორი ამბობს, რომ მღვდლის სცენა ფილმში სასულიერო პირების გაშარჟებას არ ისახავდა მიზნად:
”მოძღვარი ჯიპით რომ გადამეღო, იქნებოდა თუ არა ეს გაშარჟება? არა, ეს არ არის მოძღვრებზე ხუმრობა, ეს არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი, რომელიც ერთი ახალგაზრდის სიზმარს ასახავს” – განმარტავს ლევან ღლონტი.
საპატრიარქოს მდივანი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ მღვდლების შეშფოთება მომხდარით მისაღებია და “საპატრიარქო ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სამსახიობო ხელოვნების ამგვარ გამოვლინებას”:
”სამღვდელო ანაფორის შეურაცხყოფა არ შეიძლება, სამღვდელო შესამოსელი რომ ჩაიცვას ადამიანმა, ამას სპეციალური კურთხევა სჭირდება. არ შეიძლება იმის განსახირება, რომ მოძღვარი ტინკიცობს. ეს შესამოსელი ღვთიმსახურების განსახიერებაა და ამის გაშარჟება ხვთისმსახურების გაშარჟებაცაა ”.
მისივე თქმით, შენიშვნა, რომელსაც გადასაღებ მოედანთან შეკრებილი მღვდლები გამოთქვამდნენ, აბსოლუტურად ლეგიტიმურია.
კინოკრიტიკოს თეო ხატიაშვილის თქმით, შესაძლოა საპატრიარქო მართლა გაეღიზიანებინა ამგვარ სცენებს, თუმცა შემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელის შეშლა სრულიად მიუღებელია:
”მე ვისურვებდი მენახა უფრო მეტი კრიტიკა ქართველი ხელოვანების ფილმებში, იქნება ეს ეკლესის, როგორც ისნტიტუციის, თუ ნებისმიერი ძალაუფლების მატარებელი ადამიანისა თუ ხელისუფლების მიმართ. ქართული საზოგადოებაც უნდა შეეჩვიოს, რომ რაღაც დოგმები არ არის და ადამიანებს აქვთ უფლება და მოვალეობაც, რომ სხვა, კრიტიკული თვალით შეხედინ ამ პროცესებს”.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აპროტესტებს ხელოვნების ნაწარმოებში გადმოცემულ ამა თუ იმ ხედვას – ეკლესიის პროტესტი 2010 წელს ერეკლე დეისაძის წიგნის “საიდუმლო სირობის” გამო ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.