ნეტგაზეთთან საუბარში მოზარდმაყურებელთა თეატრის დათხოვნილი თანამშრომლები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც თეატრში არსებული დარღვევების შესახებ მსახიობთა ნაწილმა კულტურის მინისტრს, ნიკოლოზ რურუას განცხადებით მიმართა, ისინი თეატრის მმართველმა დაითხოვა. მსახიობების დათხოვნის შესახებ თეატრის მენეჯმენტი კომენტარს არ აკეთებს.
თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის ფოიეში დაცვის თანამშრომლები დგანან და ახალ საშვებს ითხოვენ.
პარასკევს, 23 მარტს დათხოვილ თანამშრომლებს თეატრში, სადაც წლების მანძილზე მუშაობდნენ, ახალი საშვების გარეშე შესვლის უფლება აღარ ჰქონდათ.
თეატრის 40 დათხოვილ თანამშრომელთა დიდი ნაწილი მსახიობია, მათ შორის არიან: საქართველოს დამსახურებული არტისტები, საერთაშორისო ფესტივალებისა და პრემიის ლაურეატები, ღირსების ორდენის კავალერი მსახიობები.
ე.წ. მოზარდმაყურებელთა თეატრის თანამშრომელთა განმარტებით, ისინი პარასკევს, 23 მარტს ოფიციალური ახსნა – განმარტების გარეშე თეატრის მმართველმა, მიხეილ ანთაძემ დაითხოვა.
მსახიობებს მიაჩნიათ, რომ მათი გათავისუფლების რეალური მიზეზი ის განცხადება გახდა, რომელიც თეატრის 34 მსახიობის ხელმოწერით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრის, ნიკოლოზ რურუას სახელზე შეიტანეს.
„როგორც კი სამინისტროდან განცხადება მიხეილ ანთაძეს უკან ფაქსით გამოუგზავნეს, მაშინვე ყველა დაითხოვეს. განცხადებამდე გარკვეული დროით ადრე კი მე გამომიშვეს, რადგან ფეისბუქის საკუთარ კედელზე დავწერე იმ დარღვევების შესახებ, რაც თეატრში ხდება. მაშინ ჩემთან ერთად ის თანამშრომლებიც გამოუშვეს, ვინც ეს სტატუსი მოიწონა,“ – ამბობს მსახიობი ელენე მაცხონაშვილი.
თეატრში დარღვევები კი, თანამშრომელთა თქმით, სხვადასხვა საკითხში ვლინდებოდა – ხელფასების გაუცემლობიდან ნეპოტიზმის საკითხებამდე.
მსახიობების განმარტებით, 2012 წლის იანვარში თეატრმა მათთან ახალი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, მსახიობებს ხელფასის ოდენობა გაეზარდათ.
„თუმცა მომატებული ხელფასი მხოლოდ იანვრის თვეში მივიღეთ. თებერვლიდან ისევ ძველი ხელფასები გასცეს. თეატრის ხელმძღვანელი, მიხეილ ანთაძე ახალი ხელშეკრულებების ასლებს არ გვაძლევს. გარდა ამისა, მსახიობთა დიდმა ნაწილმა ივლისიდან რამდენიმე თვე ხელფასი საერთოდ ვერ ავიღეთ. ზოგიერთი თვის ხელფასი კი ოვერ დრაფტად გასცეს, რაც მოგვიანებით გავიგეთ,“ – ამბობს მსახიობი კახა გაბელაია.
მსახიობები ამბობენ, რომ 2007 წელს თეატრის მმართველად დანიშნულმა მიხეილ ანთაძემ სრულიად უკანონო მართვის პოლიტიკა წამოიწყო – ახალი რეპერტუარის შექმნის საბაბით თითქმის ერთსაუკუნოვანი თეატრის სცენაზე გადმოიტანა დაბადების დღეების ცენტრის ე.წ. „ზღაპრის თეატრის“ მდარე ხარისხის „სპექტაკლები“, რომლებსაც თეატრის დოკუნმენტაციაში „პრემიერებად“ აფორმებდა.
გარდა ამისა, მსახიობები თეატრში არსებულ ნეპოტიზმზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ნათესაურ–მეგობრული ნიშნით ანთაძემ თეატრში შემოიკრიბა არაპროფესიონალების დიდი ჯგუფი, რომელთაც პროფესიულ სცენაზე მუშაობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნდათ.
„წამყვან პოზიციებზე დაასაქმა სამივე შვილი, მეუღლე, მეუღლის დის შვილი, მეუღლის და, დეიდაშვილის მამა და სხვა ნათესავ–ახლობლები,“- აცხადებენ ისინი.
კიდევ ერთი ფაქტი, რაზეც მსახიობები მიუთითებენ, არის ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო ფონდ „ქართუდან“ მიღებული ფულადი დახმარება, რომლის მიღებაც მმართველმა თანამშრომლებს აუკრძალა.
„საზოგადოებას მოეხსენება, რომ ბოლო ათი წელიწადი ქართული თეატრები მატერიალურ დახმარებას ვიღებთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუდან“. მიმდინარე წლის იანვარში მიხეილ ანთაძემ სადამსჯელო ზომები მიიღო თეატრის იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც არ შევწყვიტეთ აღნიშნული დახმარების მიღება. ყველა თანამშრომელს სთხოვდა ბანკ „ქართუდან“ ამონაწერების წარდგენას, წინააღმდეგ შემთხევაში, არ ურიცხავდა სახლემწიფო ხელფასს და არ უგრძელებდა ხელშეკრულებას. ეს იმ ფონზე, როდესაც 2010 წლის ორი თვის და 1011 წლის ოთხი თვის ხელფასები დღემდე გაუცემელია. მიხეილ ანთაძემ მარტის თვეში სპექტაკლების და რეპეტიციების განრიგის დაფაზე თანამშრომლებს გამოგვიკრა კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რომლის შინაარსიც, სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგეთ,“- ამბობენ მსახიობები.
თეატრების მუშაკთა იმ ნუსხაში, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ფონდიდან ფულად დახმარებას იღებდნენ, მიხეილ ანთაძე და მისი მოადგილე, ნინო პავლიაშვილიც არიან. „ქართუდან“ მიხეილ ანთაძის მიერ ერთი წლის მანძილზე მიღებული თანხა 11 400 ლარია, ხოლო მისი მოადგილის, ნინო პავლიაშვილის – 9 600 ლარი.
თეატრის მმართველს, მიხეილ ანთაძეს ნეტგაზეთი დათხოვილ მსახიობთა ბრალდებების შესახებ კომენტარისთვის ამ დრომდე ვერ დაუკავშირდა. ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და თეატრშიც არ იმყოფებოდა. მისმა მოადგილემ ნინო პავლიაშვილმა კი განგვიცხადა, რომ ამ თემაზე თეატრის ხელმძღვანელობა კომენტარს არ გააკეთებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აკეთებს.