ხელოვნება

თავისუფალი ვარდნა -არტისტერიუმი IV

31 ოქტომბერი, 2011 • 1414
თავისუფალი ვარდნა -არტისტერიუმი IV
დღეიდან თბილისის თანამედროვე ხელოვნების IV საერთაშორისო გამოფენა “არტისტერიუმი” გაიხსნა. 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩართვლით საზოგადოებას სხვადასხვა გამოფენის დათვალიერება შეეძლება. გამოფენის თემას “თავისუფალი ვარდნა”  მიეძღვნება დისკუსიები, პრეს–კონფერენციები, მასტერკლასები, მხატვრებისა და კურატორების შეხვედრები და ა.შ.
“არტისტერიუმი პირველ რიგში ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ასევე ეს არის იმ დეფიციტის შევსება, რომელიც არსებობს თანამედროვე ხელოვნებაში, როგორც მხატვრებისთვის ასევე საზოგადოებისთვის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ სფეროს განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. წლევანდელ ღონისძიებებში 100–მდე მხატვარი მონაწილეობს, მათ შორის 26 ჩამოსულია სხვადასხვა ქვეყნიდან,” – განაცხადა არტისტერიუმის კურატორმა და ორგანიზატორმა მაგდა გურულმა.
წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მხატვრები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, საფრანგეთი, აშშ, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია, მექსიკა, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ბელორუსია, ლიტვა, თურქეთი, გერმანია, ირნლანდია და სომხეთი.
არტისტერიუმის ერთ–ერთი მონაწილის, მხატვარ კოკა ცხვედიანის განცხადებით, გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კულტურათა დიალოგს უწყობს ხელს:
“სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები ერთ სივრცეში იქნებიან წარმოდგენილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ინტეგრაციისთვის. მე ორი ნამუშევარი მაქვს წარმოდგენილი, ერთი არის ვიდეო–არტი, რომელიც ეხება ცნობილ სერიულ მკვლელობას ნორვეგიაში, რადგან მსგავსი მასშტაბის ტრაგიკული მოვლენა არ შეიძლება ხელოვანის თვალთახედვის მიღმა დარჩეს. ჩემი მასალა წარმოადგენს ფერწერისა და ამ დოკუმენტური მასალის სინთეზს. რაც შეეხება მეორე ნამუშევარს, მას ცოტა ფილოსოფიური დატვირთვა აქვს, შედგება ორი საათისგან, ერთი საათი მოძრაობს ჩვეულებრივად, გვერდით დგას მეორე საათი, რომელიც უკან ბრუნავს. ეს ყველაფერი დროის უნივერსალურობას გამოხატავს, რადგან დრო მუდმივია. ორივე ნამუშევარი 4 ნოემბერს ქარვასლაში, ერთობლივ გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.”
ასევე ტრაგედიას შეეხება გამოფენის იაპონელი მონაწილის, ჯუნშინირო იშიის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი: “მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ იაპონელ ხალხს ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა, ამიტომ ჩემთვის მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან ბევრი რამ დავკარგეთ, მაგრამ მე მინდა ვანახო, რომ ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ. ჩემი ნამუშევარი ძალიან პირადულია და ამავე დროს მინდა ეს ყველაფერი სხვებს გავუზიარო. მე იაპონიის სამხრეთიდან ვარ წარმოშობით და ჩემი საცხოვრებელი არც ისე შორსაა ნაგასაკიდან, იქ ხალხი ჯერ კიდევ იტანჯება იმის გამო, რომ მაღალია რადიოაქტიულობა.შევეცადე,  ეს ყველა პრობლემა ჩემს ნამუშევარში გამეერთიანებინა.”
“არტისტერიუმი” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერაა ორგანიზებული და 2008 წლიდან ტარდება. წელს სხვა მხარდამჭერებთან ერთად ღონისძიების გენერალური სპონსორია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.
ღონისძიების ძირითადი სივრცეები საქართველოს ეროვნული გალერეა და თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლაა.
არტისტერიუმის დასკვნითი ნაწილი 12 ნოემბერს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმში გამართული გამოფენა იქნება სახელწოდებით “ინტოქსიკაციები და ინსპირირებული ერორები, ნაწილი I”. როგორც მაგდა გურული აცხადებს, ეს ღონისძიების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება:
“ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო იქნება კოტე მინდაძის გამოფენა რომელიც მეც არ მინახავს. როგორც კოტე ამბობს, ძალიან დიდ სიურპრიზს უნდა ველოდოთ”,– განაცხადა არტისტერიუმის ორგანიზატორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი