ბერა ივანიშვილის კლიპი სახელწოდებით “ქართული ოცნება” ინტერნეტში 14 ოქტომბერს გავრცელდა. სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, ბერას ოფიციალურ გვერდზე, ამ დროისთვის კლიპი 5 ათასზე მეტ ადამიანს მოსწონს. youtube- ზე რამდენიმე მომხმმარებელს აქვს ატვირთული კლიპი და უკვე რამდენიმე ათეულმა ათასმა მომხმარებელმა ნახა.
ბერა აცხადებს, რომ ეს კლიპი მამის [ბიძინა ივანიშვილი] პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას მიუძღვნა.
ნინია კაკაბაძის აზრით, ბერას კლიპის ტექსტი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მესიჯებს იმეორებს.
“მსგავსი კლიპების კეთების გამოცდილება არა მარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოში არსებობს, განსაკუთრებით ამერიკაში”, – ამბობს ნინია კაკაბაძე. მისი თქმით, კეთდება პოლიტიკური დატვირთვის მქონე კლიპები, თუმცა მათი უმეტესობა უბრალოდ იმისთვისაა, რომ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდოს, მაგრამ დამალული არაა შემსრულებლის სიმპათიები რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ.
“ამერიკის ბოლო არჩევნებს თუ გავიხსენებთ, ყველამ იცოდა, რომ ის ადამიანები, ვინც ხალხს მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ, იყვნენ დემოკრატების მხარდამჭერები”. ნინია კაკაბაძის აზრით, ასეთი კლიპები ძალიან ხშირ შემთხვევაში კარგად მუშაობს და დიდი ეფექტი აქვს. მისი თქმით, “ამ [ბერას ივანიშვილის] სიმღერაშიც არის გარკვეული პოლიტიკური მესიჯები, თუმცა ბევრად უფრო გამაღიზიანებელი – მაგალითად, მუდმივად “ქართულზე” აპელირება.” ნინია კაკაბაძე ფიქრობს, რომ საქართველოში, რომელიც მულტიკულტურული ქვეყანაა, სასიამოვნო არაა სიტყვა “ქართულზე” ასეთი დიდი აქცენტის გაკეთება.
“ყველაფერი ქართული”, “გაგება ქართული, კაცობა ქართული” – ეს მესიჯები არ არის ჩემთვის მისაღები. არ აქვს მნიშვნელობა, მას პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი ავრცელებს, თუ მისი შვილი ბერა ივანიშვილი,” – ამბობს ნინია კაკაბაძე. მისი აზრით, ბერას კლიპი ერთი ჩვეულებრივი პოლიტიკური კლიპია, რომლის მსგავსიც საქართველოში მრავლად გვახსოვს:
“ჩვენ კარგად გვახსოვს ლევან გაჩეჩლიაძისთვის დამზადებული მუსიკალური კლიპები, რომელთაც ძირითადად მისი ძმა “უცნობი” ასრულებდა, ასევე ძალიან კარგად გვახსოვს მიხეილ სააკაშვილისთვის შექმნილი მუსიკალური კლიპები, მაგალითად, “მიშა მაგარია”, რომელიც ერთ–ერთმა მისმა მინისტრმა შექმნა. ვერ ვიტყვი, რომ ბერას კლიპი ხარისხით ან შინაარსით რომელიმეზე მეტი, ან ნაკლები იყოს”.
იმის მიუხედავად , რომ ეს კლიპი ზემოთ ჩამოთვლილებისგან განსხვავებით ტელევიზიით არ გასულა, ნინია კაკაბაძე თვლის, რომ იგი აუდიტორიამდე მაინც მიაღწევს, რადგან დღეს ინტერნეტს უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს: “ბერას კლიპი შეიძლება გახდეს პოპულარული, თუმცა მე გული მწყდება, რომ ისევე, როგორც ჩვენი პოლიტიკური კულტურა არ ვითარდება, არ ვითარდება ეს ჟანრიც, რასაც პირობითად პოლიტიკური მუსიკა შეგვიძლია დავარქვათ. დაველოდოთ, იქნებ მომავალში ბერამ რაიმე განსხვავებულიც შემოგვთავაზოს “ქართული ოცნების” გარდა და სიტყვა “ქართული” მაინც ჩაანაცვლოს რაიმე სხვა სიტყვით.”
ბერას კლიპი უკვე არსებულ კლიპებთან ასოცირდება ბიძინა მაყაშვილის აზრითაც:
“სიმღერაში არაფერი ახალი არ არის, რიტმებით დაწყებული ტექსტით დამთავრებული. თვითონ ეს სტილი თავისუფლებას უნდა ქადაგებდეს, რასაც ვერ ვიტყვით ამ კლიპის შემთხვევაში. მე ასოციაცია გამიჩნდა, რომ ყველაფერი ვიღაცის მიბაძვა და მიმსგავსებაა. მაგალითად, კლიპში გამოყენებულმა შავმა მაისურებმა ცნობილი რეპერის Eminem-ის მიერ გამოყენებული თეთრი მაისურები გამახსენა. ასევე გამიჩნდა ასოციაცია უცნობის კლიპთან, რომელიც შემდეგ ეროვნულ– დემოკრატიულმა პარტიამ გამოიყენა, მაგრამ ეს შეიძლება უბრალოდ ჩემი ასოციაციებია, ვიზუალური თუ მუსიკალური,” – ამბობს ბიძინა მაყაშვილი.
მისი თქმით, საზღვარგარეთაც იწერება მუსიკა, რომელიც შემდეგ ამა თუ იმ პოლიტიკურ მოწოდებებთან გვიქმნის ასოციაციას, მაგრამ მათგან განსხვავებით, საქართველოში ყველაფერი პირიქითაა:
“ლენონს აქვს რამდენიმე სიმღერა, მაგალითად, “power to the people”, რომელიც შემდეგ იქცა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ჰიმნად. ანუ ჯერ სიმღერა დაიწერა და შემდეგ მიიღო რაღაც დატვირთვა. ჩვენთან პირიქითაა, პოლიტიკური მიზნით კეთდება სიმღერა. საზღვარგარეთაც ხდება, რა თქმა უნდა, დაკვეთით მსგავსი სიმღერების კეთება, მაგრამ ჩვენთან თავიდანვე გამოკვეთილია, რომ ეს პოლიტიკური სიმღერაა. მუსიკალურად მაინც რომ მომწონდეს, კიდევ დახუჭავდა კაცი თვალს, მაგრამ მუსიკალურადაც არ ვარგა” – ამბობს ბიძინა მაყაშვილი.
მისი თქმით, რეპში ტექსტს ბევრად მეტი დატვირთვა აქვს, ბერას სიმღერის შემთხვევაში კი “ტექსტიც ბანალური და გამაღიზიანებელია”. ბიძინა მაყაშვილი ნინია კაკაბაძის მსგავსად აღნიშნავს, რომ დღევანდელ საზოგადოებაში მსგავსი აქცენტების დასმა და ქართველობაზე ხაზგასმა მიუღებელია და არ უნდა ხდებოდეს.
ბერას კლიპი ჯერჯერობით მხოლოდ ინტერნეტით გავრცელდა. “ყველა მედია საშუალებამ უარი თქვა ამ კლიპის გაშვებაზე, მხოლოდ youtube-ზე შევძელით მისი ატვირთვა”, – ეს ბერამ სოციალურ ქსელზე კლიპის გამოქვეყნებისას დაწერა, მოგვიანებით კი მოწონებებისა და გაზიარების გამო აუდიტორიას მადლობა გადაუხადა.