მსჯავრდებული არტემ გრიბული გლდანის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელს დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, დარია სამოდუროვა ავრცელებს.

სამოდუროვა ამზადებს საჩივარს პროკურატურაში შესატანადაც. ადვოკატის ინფორმაციით, ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატიც. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, მოინახულა თუ არა ლევან იოსელიანის წარმომადგენელმა პატიმრები.

ადვოკატის ინფორმაციით, არტემსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს, ვინმე “მახოს” შორის პირველი ინციდენტი 23 თებერვალს მოხდა, მას შემდეგ კი  გრიბულს აგინებს, ამცირებს და ემუქრება. ანტონ გრიბულმა არ იცის ამ ადამიანის გვარი და ზუსტი პოზიცია, თუმცა, როგორც ჰყვება, “მახო” პატიმრებს ეუბნება, რომ “ციხეში ყველაფერს პირადად აგვარებს და აკონტროლებს”.

როგორც სამოდუროვა წერს, გრიბულსა და “მახოს” შორის ინციდენტი დაიწყო მას შემდეგ, რაც გრიბულის თანამესაკნე კარცერში წაიყვანეს სახალხო დამცველთან დარეკვის მოთხოვნის გამო. როგორც ადვოკატი წერს, საკანში დაბრუნებულმა “მახომ” გრიბულს თანამესაკნის ნივთების ჩალაგება დაავალა, რომ მისთვის წაეღო, რაზეც გრიბულმა უარი უთხრა.

“უარის გაგონებაზე საკანში შემოვიდა გაცეცხლებული “მახო”, დაუწყო არტემ გრიბულს გინება და ისევ უბრძანა ა. ზ.-ს ტანსაცმლის ჩალაგება, რაზეც არტემ გრიბულისგან ისევ უარი მიიღო და დაემუქრა კარცერში გამოკეტვით.

არტემ გრიბულმა უთხრა: “მიდი, წამიყვანე”. “მახომ” გაიყვანა არტემ გრიბული და შეიყვანა სამორიგეოში, სადაც ბოლო ხმაზე დაუწყო გინება, დამცირება, აიღო რაცია და მთელი ძალით მაგიდაზე დაანარცხა (ძალის დემონსტრირება დაშინების მიზნით). ეუბნებოდა, რომ ციხეში ყველაფერს პირადად აგვარებს და აკონტროლებს, რომ შეუძლია არტემ გრიბულს დაუმორჩილებლობაზე საქმე “შეუკეროს” და კარცერში გამოკეტოს.

“მახო” არტემ გრიბულს დამამცირებელი ტონით და უშვერი სიტყვებით ეუბნებოდა, რომ ის საერთოდ არარაობაა, ადამიანიც კი არ არის, ვინაიდან პატიმარია. არტემ გრიბულმა დამცირებაზე უპასუხა, რომ არის უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი და არა არარაობა, ასევე არტემ გრიბულმა ჰკითხა “მახოს”, რა განათლება აქვს, პასუხად “მახომ” მომატებული ენთუზიაზმით დაუწყო გინება. არტემ გრიბულმა მისცა შენიშვნა და სთხოვა, კორექტულად და კულტურულად ელაპარაკა, თუმცა ამ სათხოვარმა უფრო გამოიყვანა წყობიდან “მახო”, – წერს ადვოკატი.

სამოდუროვას ინფორმაციით, ამ სიტუაციას შეესწრო ციხის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომელიც, რომელმაც სიტუაციის განმუხტვა სცადა. მისივე თქმით, გრიბულმა არაერთხელ სცადა “მახოს” გვარისა და პოზიციის დაზუსტება, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

“არტემ გრიბულის განმარტებით, “მახო” არასდროს გამოირჩეოდა თავაზიანობით, მათ საკანში ეწევა სიგარეტს, თხოვნაზე – სიგარეტს ნუ ეწევი, “მახო” მათ აგინებს, პრობლემების გახმიანებაზე “მახო” პასუხობს, რომ ყველა მათი პრობლემა ერთ ადგილზე ჰკიდია. გვარს შეგნებულად არ ასახელებს”, – წერს ადვოკატი.

სამოდუროვას ინფორმაციით, პირველი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია წერილობით მიაწოდა ციხის ადმინისტრაციას და აღნიშნული პირის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა. ადვოკატი ამბობს, რომ ამ საჩივრის შემდეგ ანტონ გრიბული და მისი თანამესაკნე, ანტონ ჩეჩინი ჯერ სხვა, უფრო პატარა საკანში გადაიყვანეს, შემდეგ კი ე.წ. კარანტინში შეასახლეს. მეორე დღეს ჩეჩინი დააბრუნეს საკუთარ საკანში, გრობული კი კიდევ რამდენიმე დღით კარცერში გადაიყვანეს.

“ისინი შეიყვანეს პაწაწინა ოთახში, დაახლოებით 1.5 მ/ 4 მ-ზე. როგორც არტემმა განმარტა, იქ ხელებსაც ვერ გაშლიდი, სიგანეში იმდენად ვიწრო იყო. საკანში დარბოდნენ ტარაკნები, კედლები და იატაკი იყო დასვრილი, ნათურა ციმციმებდა. ანტონმა და არტემმა თქვეს, რომ ამ საკანში ვერ გაჩერდებოდნენ, რადგან იქ გაჩერება შეუძლებელი იყო და მოითხოვეს სხვა საკანში გადაყვანა ან თავიანთ საკანში დაბრუნება.

შორიახლოს დარბოდა “მახო”, მაგრამ უშუალოდ არ მონაწილეობდა მათ გადასახლებაში. ამასობაში მოიყვანეს, სავარაუდოდ, ციხის დირექტორის მოადგილეც, ჭაღარა კაცი (რომლის სახელი და გვარი არ ვიცით) და ბიჭები წაიყვანეს კარანტინში, სადაც ორივე შეტენეს ძალით. იქაც დახვდათ ტარაკნები, ანტისანიტარია, დასვრილი კედლები და იატაკი.

მეორე დღეს, 2026 წლის 27 თებერვალს, არტემი გაიყვანეს, ხოლო ანტონს ჰკითხეს, თუ რომელ საკანში უნდოდა და წაიყვანეს სასურველ საკანში. არტემი ისევ კარანტინში შეიყვანეს, სადაც სიტუაცია იყო გამძაფრებული. იქ მყოფი ადამიანები ეწეოდნენ სიგარეტს, სისუფთავით არ გამოირჩეოდნენ და, ყველაფერთან ერთად, იყვნენ ტარაკნები.

არტემმა რამდენჯერმე მოითხოვა გადაყვანა, რის შემდეგაც წაიყვანეს კარცერში. კარცერში, ტარაკნებთან ერთად, იზრდებოდნენ სოკოებიც კი, ლეიბი გაურკვეველი ლაქებით, მათ შორის, წითელი ლაქებით (სავარაუდოდ, სისხლით) იყო დასვრილი, ნორმალური საბანი არ იყო, არტემს არ მისცეს თავისი ტანსაცმელი და მოკლემკლავიანი მაისურით მოუწია ყოფნა, გაიყინა. არ მისცეს ჰიგიენის საშუალებები. საპირფარეშო და წყლის ონკანი გვერდიგვერდ იყო დამონტაჟებული. არტემს ეზიზღებოდა იქიდან წყლის დალევა. საკვების მიღებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. პურშიც კი ტარაკნები ისხდნენ და არტემმა ვერ შეჭამა ვერაფერი”, – წერს ადვოკატი.

მისი ინფორმაციით, საბოლოოდ, გრიბულიც და ჩეჩინიც იმ საკნებში დააბრუნეს, სადაც ამ ინციდენტებამდე ისხდნენ.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად და დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად დაუკავშირდა როგორც პენიტენციურ სამსახურს, ისე სახალხო დამცველის აპარატს. უწყებებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.


ანტონ გრიბული შეყვარებულთან, ანასტასია ზინოვკინასთან ერთად 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებოდა. 2025 წლის 12 სექტემბერს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათ 8,5-8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ისინი ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ დააკავეს საქართველოში, პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო.

გრიბული და ზინოვკინა რუსეთს მოქალაქეები არიან და საქართველოში დროებით ცხოვრობდნენ. იმ რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდნენ, პროევროპულ საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას. 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი დემონსტრაციებისას რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს ყავით და ჩაით უმასპინძლდებოდნენ და ასე ცდილობდნენ მხარი დაეჭირათ საქართველოს პროევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეებისთვის.