ადვოკატ დარია სამოდუროვას ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაიყვანეს, რითაც ზარებისა და პაემნების რაოდენობა შეეზღუდა.
„2025 წლის 12 სექტემბრიდან ანასტასია მოთავსებული იყო ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. 2026 წლის 15 იანვრის ბრძანების საფუძვლად მითითებულია საიდუმლო სხდომის ოქმი. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რა მიზეზით შეუცვალეს ანასტასია ზინოვკინას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის შეცვლით მას შეეზღუდა სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა. ამ წლის 15 იანვრამდე ანასტასიას ჰქონდა განუსაზღვრელი რაოდენობით სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, 15 იანვრის შემდეგ ანასტასია ისარგებლებს სატელეფონო ზარით თვეში 3-ჯერ. აქვე შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზინოვკინა მოთავსებულია სხვა პატიმრებისგან განცალკევებით, ანუ საკანში მარტოა და ყოველდღიურად ზარების განხორციელების შესაძლებლობით მას ადამიანებთან კომუნიკაცია შეეძლო, ამჯერად შეუზღუდეს ამდაგვარი სოციალიზაციაც“, — წერს სამოდუროვა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებაში, რომელსაც ადვოკატი ავრცელებს, მითითებულია, რომ ანასტასია ზინოვკინა საშიშროების მომატებული რისკის მსჯავრდადებულია.
ადვოკატი აცხადებს, რომ 15 იანვრის ბრძანებას უახლოეს პერიოდში გაასაჩივრებს.
ანასტასია ზინოვკინა რუსეთის მოქალაქეა. იგი 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავე სარტემ გრიბულთან ერთად. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება. ისინი ბრალს არ აღირებენ და ამბობენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.
ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული თბილისში გამართულ პროევროპულ აქციებში მონაწილეობდნენ. მათი თქმით, სწორედ ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი.
ანასტასია ზინოვკინა პუტინის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგეა და ხშირად მონაწილეობდა ანტისამთავრობო აქციებში რუსეთშიც. ამის გამო სამშობლოშიც არაერთხელ დააპატიმრეს ადმინისტრაციული წესით.
ანასტასია ზინოვკინა ამბობდა, რომ დაკავებისას პოლიციელებმა სექსუალურად შეავიწროვეს და ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობითაც.
ზინოვკინას, ასევე მასთან ერთად დაკავებულ არტემ გრიბულსა და ანტონ ჩეჩინს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით 8,5-წლიანი პატიმრობა გასულ წელს მიუსაჯა.
ანასტასია ზინოვკინას ცნობით, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და რეგულარულად აძლევენ ტკივილგამაყუჩებლებს, მაგრამ არ მკურნალობენ.
ზინოვკინას მძიმე მდგომარეობას სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს. 2025 წლის წლის ნოემბერში პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ „ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტაციონარულ ზედამხედველობას არ საჭიროებს“.
სინდისის პატიმარი ანასტასია ზინოვკინა, რომელიც რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშია, ციხიდან გამოგზავნილ წერილში რამდენიმე თვეა საუბრობს საკანში არსებულ ანტისანიტარიასა და რთული პირობების შესახებ. მან მიმართა სახალხო დამცველსაც. თუმცა ომბუდსმენმა საპასუხოდ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მანდატში არ შედის ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსების ადგილის განსაზღვრა, „მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა“.
ცოტა ხნის წინ ანასტასია ზინოვკინა ციხეში მოინახულა კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ. 2026 წლის 18 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტში ზურაბ ცეცხლაძე წერს, რომ ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„ანასტასია ვინახულე პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ და გაოგნებული დავრჩი მისი მდგომარეობით, მისი ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობით.
რამდენიმე საათი დავრჩი მასთან სასაუბროდ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ დაჯდა, ხერხემალში ტკივილების გამო.
ეს 30 წლის გოგო, ავადმყოფობისა და ციხეში არსებული აუტანელი მდგომარეობის გამო, 60 წლის ქალს დამსგავსებია. ძალიან დასუსტებულია, ფაქტობრივად, დაუძლურებულია და გამორიცხული არ არის მისი განადგურებული ჯანმრთელობა ციხის პირობებს ვეღარ გაუძლოს და ფატალურად დასრულდეს მისი პატიმრობა“, — წერს ზურაბ ცეცხლაძე.
ზურაბ ცეცხლაძე ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე წერს





