გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის საჭიროა როგორც ზეწოლა რუსეთზე, ისე უკრაინის მხარდაჭერა. ასე ეხმაურება იგი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მზაობისა და არაერთი ზეწოლის მიუხედავად, რუსეთის პერმანენტულ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე.
“ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაზე ბოლოდროინდელ თავდასხმებს. ეს არის ძალიან სერიოზული ომის დანაშაული. ეს არის ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. რუსეთი აგრძელებს ესკალაციას მოლაპარაკების ნაცვლად. მეტი მხარდაჭერა კიევს და ზეწოლა მოსკოვზე – ნამდვილი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ორივეა საჭიროა”, – წერს გერმანიის კანცლერი.
რუსეთი აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინაზე. ეს იმ ფონზე, როცა უკრაინა დაჟინებით მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას და ამისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, ორ ქვეყანას შორის პირისპირი მოლაპარაკებები თურქეთში გაიმართა. თუმცა, უშედეგოდ.
უკრაინის პოზიცია იყო, რომ მოლაპარაკებების პარალელურად მაინც შეწყვეტილიყო ცეცხლი. თუნდაც დროებით. მაგრამ რუსეთი არც ამ წინადადებას დათანხმდა. ამ დრომდე მხარეებმა მხოლოდ ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმება მოახერხეს.
ამავე თემაზე:
