სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა, რომელსაც წინ უძღოდა უკრაინის უპრეცედენტო შეტევა რუსეთის სტრატეგიულ ავიაციაზე.

შეხვედრა თურქული მხარის მედიაციით გაიმართა და საათზე მეტხანს გაგრძელდა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინულმა მხარემ რუსეთს ოფიციალურად გადასცა იმ უკრაინელი ბავშვების სია, რომლებიც სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.

„საუბარია ასობით ბავშვზე, რომლებიც რუსეთმა იძულებით გადაასახლა და უკანონოდ გაიყვანა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკვე მარტში, ჯიდაში გამართულ შეხვედრაზე, ჩვენ დავადასტურეთ მზადყოფნა 30-დღიანი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისთან დაკავშირებით. უკრაინელი ბავშვების დაბრუნება არის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის განუყოფელი ნაწილი და ნდობის საკვანძო ელემენტი — პირველი ტესტი გულწრფელი განზრახვების დასადასტურებლად. ველით პასუხს. ბურთი რუსეთის მოედანზეა“, — დაწერა ერმაკმა „ტელეგრამში“.

The Economist-ის ჟურნალისტი ოლივერ კეროლი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ კიევის მოთხოვნას ასე უპასუხა: „ნუ დგამთ სპექტაკლს გულგატეხილი ევროპელი მოხუცი ქალბატონებისთვის, რომლებსაც საკუთარი შვილები არ ჰყავთ“.

მოგვიანებით მედინსკიმ მედიასთანაც განაცხადა, რომ რუსეთს არც ერთი ბავშვი არ გაუტაცებია და ბავშვებს, რომლებიც ევაკუირებული იყვნენ ორმხრივი ცეცხლის დროს, დააბრუნებს, თუ მათი კანონიერი წარმომადგენლები იძებნებიან, და თქვა, რომ კიევმა ბავშვების გატაცების თემა „აქცია შოუდ გულჩვილი ევროპელებისთვის“. ამასთან, მედინსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ გადაცემული დასაბრუნებელი ბავშვების სიაში სულ 339 გვარია მაშინ, როცა განცხადებები კეთდებოდა სულ მცირე 20 ათასზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც სტამბოლის მოლაპარაკებების დროს ვილნიუსში, ნატოს აღმოსავლეთ და ნორდიკული ქვეყნების სამიტში მონაწილეობდა, თქვა, რომ ტყვეების ახალი გაცვლა მზადდება.

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა თქვა, რომ რუსეთი დათანხმდა მხოლოდ ტყვეების გაცვლაზე და არა ცეცხლის შეწყვეტასა და ლიდერების შეხვედრაზე. კერძოდ, საუბარია ყველა მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის სამხედრო ტყვეების გაცვლაზე.

„ჩვენ ასევე შევთანხმდით დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების 6000/6000-ზე დაბრუნებაზე“, — თქვა უმეროვმა.

წინასწარი ინფორმაციით, შემდეგი შეხვედრის კონკრეტული თარიღი არ დანიშნულა, თუმცა კიევმა კიდევ ერთი შეხვედრის გამართვა შესთავაზა 20-30 ივნისს შორის პერიოდში.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ 6 000 ცხედარი უკრაინას უკვე მომდევნო კვირაში, ცალმხრივ რეჟიმში გადაეცემა.

მისი თქმით, საუბარი ტყვეების გაცვლაზე 1000/1000-ზე თანაფარდობით, სადაც შედის ყველა მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ახალგაზრდა. მედინსკის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ სამედიცინო კომისიის შექმნაზე, რომლის დასკვნის საფუძველზეც მხარეები მძიმედ დაავადებულებს პოლიტიკური მოლაპარაკებების დალოდების გარეშე გაცვლიან.

თურქულ მხარეს გადაეცა მემორანდუმი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევისა და სრული ცეცხლის შეწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯებს მოიცავს. კიევი დოკუმენტს შეისწავლის.

გარდა ამისა, მოსკოვმა უკრაინას შესთავაზა მოკლევადიანი, 2-3- დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე.