ახალი ამბები

გასტროენტეროლოგის თქმით, სააკაშვილს ინტრავენური კვება ესაჭიროება

30 იანვარი, 2023 • 1073
გასტროენტეროლოგის თქმით, სააკაშვილს ინტრავენური კვება ესაჭიროება

გასტროენტეროლოგ მანანა კვარცხავას განცხადებით, „ემპათიის“ პროგნოზი გამართლდა და მიხეილ სააკაშვილს კახექსია განუვითარდა.

„დაპატიმრებამდე პაციენტი იწონიდა 115 კგ-ს. „ვივამედში“ იყო 104 კგ. ბოლო მონაცემებით, 69 კგ-ს იწონის. ანუ საწყისი წონიდან პაციენტს დაკლებული აქვს 46 კგ. კლების ტემპი 9 თვის განმავლობაში უფრო მეტია, ვიდრე წინა პერიოდში, 2 შიმშილობის გათვალისწინებით“, — განაცხადა კვარცხავამ სასამართლო პროცესზე, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების და სასჯელისგან გათავისუფლების საკითხს განიხილავენ.

კვარცხავას თქმით, ერთადერთი დასაბუთებული და სწორი მკურნალობა ამ შემთხვევაში არის პარენტერალური კვება. პარენტერალური კვება წარმოადგენს პაციენტისთვის აუცილებელი საკვების მიწოდების ალტერნატიულ ან დამატებით (ენტერალურ/ორალურ კვებასთან მიმართებაში) მეთოდს.

„კახექსიის გაღრმავებისას უნდა ველოდოთ ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების ეტაპობრივ გათიშვას. არსებულ მდგომარეობაში, განსაკუთრებით შიმშილის შემდგომ პერიოდში, ამ ეტაპზე მე ვთვლი, რომ ერთადერთი დასაბუთებული მკურნალობის ფორმა არის პარენტერალური მკურნალობა. მოვისმინე, რომ ამაზე უარს აცხადებს. მე არ ვიცი, ასეა თუ არა. ამიტომ საჭიროა პროფესიონალური ჯგუფის არსებობა, რომელშიც შედიან ნუტრიციოლოგი, ფსიქოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი. ეს უნდა იყოს დატრენინგებული გუნდი და უნდა მოხდეს პაციენტის დარწმუნება, რომ მისი სიცოცხლისთვის აუცილებელია ამ პროცედურის ჩატარება“, — განაცხადა მანანა კვარცხავამ.

გასტროენტეროლოგმა აღნიშნა, რომ დაპატიმრებამდე სააკაშვილი იყო პრაქტიკულად ჯანმრთელი — აღენიშნებოდა მხოლოდ თალასემიის თანდაყოლილი მსუბუქი ფორმა, სიბერის სინდრომი, 2017 წელს კუჭზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა და 2018 წელს ჰელიკობაქტერიის წარმატებული მკურნალობა.

კვარცხავას თქმით, ამ დროისთვის სააკაშვილის გასტროენტეროლოგიურ დიაგნოზებს შორის არის:

  • რეფლუქს-ეზოფაგიტი
  • ქრონიკული ეროზიული გასტრიტი
  • კუჭის ლორწოვანის მეტაპლაზია, რაც მცირეოდენ რისკს წარმოადგენს კუჭის კიბოს განვითარებაში
  • კუჭის პოლიპოზი
  • დუოდენიტი
  • დიაფრაგმის თიაქარი
  • დივერტიკულოზი

გასტროენტეროლოგმა აღნიშნა, რომ შიმშილობის შემდეგ კვების აღდგენის თერაპია (ე.წ. რეფიდინგი) გორის ჰოსპიტალში დარღვევებით მიდიოდა, გათვალისწინებული არ ყოფილა პრემორბიდული მდგომარეობა და ინდივიდუალური თავისებურება. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვებითი აღდგენითი თერაპიის მხრივ საქართველოში პირველი პაციენტი იყო — ამავე პერიოდში დაამტკიცა ჯანდაცვის სამინისტრომ რეფიდინგის პროტოკოლი და მანამდე ასეთი პრაქტიკა არ ყოფილა.

მისი თქმით, სააკაშვილს აღენიშნება მეტაბოლიზმის დაუდგენელი გენის დარღვევა,  რისი სრულფასოვანი დიაგნოსტიკაც ვერ მოხერხდა.

კვარცხავას თქმით, სააკაშვილს ორჯერ ჩაუტარდა გასტროფიბროსკოპია და პირველიდან მეორე გამოკვლევამდე ჩატარებული კარგი მკურნალობის მიუხედავად, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

„არა მარტო ორგანული პათოლოგიები გვაქვს, არამედ გვაქვს ფუნქციური პათოლოგიები. ამგვარად, გამოსაკვლევი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა გასტროენტეროლოგიური მიმართულებით არის მძიმე. კერძოდ, სახეზეა რამდენიმე წამყვანი დაავადება, რასაც ემატება ნევროლოგიური და ფსიქიკური დიაგნოზები, რაც მონაწილეობს გასტროენტეროლოგიური სისტემის დარღვევებში“, — დასძინა მანანა კვარცხავამ.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას განიხილავენ. პროცესის ფარგლებში სასამართლოს მოწმის სტატუსით ჩვენებები მისცეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სპეციალისტებმა. მათი ჩვენებები წაიკითხეთ აქ:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი