თუ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადავლენ ქართული ოცნების კანდიდატი და მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს შორის, სწორედ მარგველაშვილს ექნება წარმატების ყველაზე მეტი შანსი. ამას აჩვენებს NDI-ის კვლევის შედეგები, რომელიც დღეს, 1 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ვის მისცემდით ხმას, თუ მეორე ტურში შემდეგი ორი კანდიდატი გავიდა? – ასე დაუსვა კითხვა NDI-იმ კვლევის მონაწილეებს და მათ ქართული ოცნების კანდიდატთან ერთად შესთავაზა სხვა კანდიდატებიც. პასუხები ასე განაწილდა:

  1. ქართული ოცნების კანდიდატი – 32%; ენმ-ის კანდიდატი – 20%; არცერთი/არ ვიცი/უარი პასუხზე – 48%
  2. ქართული ოცნების კანდიდატი – 32%; პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი – 11%; არცერთი/არ ვიცი/უარი პასუხზე – 57%
  3. ქართული ოცნების კანდიდატი – 31%; დავით ბაქრაძე – 20%; არცერთი/არ ვიცი/უარი პასუხზე – 48%
  4. ქართული ოცნების კანდიდატი – 26%; გიორგი მარგველაშვილი – 21%; არცერთი/არ ვიცი/უარი პასუხზე – 53%
  5. ქართული ოცნების კანდიდატი – 31%; შალვა ნათელაშვილი – 18%; არცერთი/არ ვიცი/უარი პასუხზე – 50%

NDI-ის კვლევის შედეგად გამოიკვეთა მთავარი ტენდენცია – ამომრჩევლების უმრავლესობა არის გადაუწყვეტელი. 74%-მა  არ იცის, ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. საველე სამუშოებს CRRC საქართველო ატარებდა.

მარგველაშვილი თუ იყრის კენჭს, ოცნების კანდიდატს უფრო ნაკლები მისცემს ხმას – NDI