დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოს მტკიცებულებები წარუდგინა, თუმცა ბრალდებამ ყველა მტკიცებულების წარდგენა დროის დეფიციტის გამო ვერ მოახერხა. როგორც ჭიაბერაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია:

 

”წინასასამართლო სხდომის მიმდინარეობამაც დაამტკიცა და აჩვენა ამ პროცესის აბსურდულობა, სასამართლო პროცესის, რომელიც ჩვენ უკვე შევაფასეთ, როგორც პოლიტიკური ფარსი და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. მის პატიმრობას და განსაკუთრებით წინასწარ პატიმრობას სხვა მიზანი არა აქვს, თუ არა ”ნაციონალური მოძრაობის” დასუსტების და განადგურების მცდელობა.”

 

მისივე თქმით, თუ სასამართლო ობიექტურ პირობებში წარიმართება, სრული საფუძველი აქვთ, საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცონ.

 

ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, რომ წინასასამართლო სხდომას კიდევ ორი ან სამი დღე დაჭირდება:

 

”ვერ მოესწრო ბოლომდე გასულიყო ბრალდება იმ მოწმეების დასახელებაზე, წაკითხვაზე, რომლის წარმოდგენასაც შემდეგ აპირებს სასამართლოში. ახლა ძალიან რთულია რამის თქმა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გვექნება ამორიცხვებთან დაკავშირებით შემდგომში შუამდგომლობები, როგორც მტკიცებულებებიდან. თავისთავად ამ შუამდგომლობას მაშინ დავაყენებთ, როდესაც შესაძლებლობა მოგვეცემა. ფაქტია, რომ წინასასამართლო სხდომა გადაიდო და დაჭირდება ორი, ალბათ სამი დღე, იმდენად, რამდენადაც, 3 ათასზე მეტი მოწმე ჰყავს, როგორც ჩანს, პროკურატურას გამოსაძახებელი.”

 

მოწმეების რაოდენობიდან გამომდინარე ჩივიაშვილს ეჭვი ეპარება, რომ თებერვლამდე ყველა მათგანი გამოიძახონ სასამართლოზე:

 

”რამდენად რეალისტურია ეს მოწმეები დაიკითონ სასამართლო პროცესზე, არ ვიცი. თუ ამას გადავამრავლებთ და გადავიანგარიშებთ, 10 მოწმეც რომ დავკითხოთ ერთ დღეში, მინიმუმ 300 დღე დაჭირდება და ვანო მერაბიშვილის საპატიმრო ვადები თებერვალში იწურება. რაღაც პერიოდში ბრალდება ალბათ შეცვლის თავის პოზიციას და შეამცირებს მოწმეთა ბაზას, ან რაღაც სხვა ფორმატზე ჩამოყალიბდება.”

 

ჩივიაშვილის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს დღესვე მატროსოვის ციხეში დააბრუნებენ:

 

”ვკითხე სასჯელაღსრულების სამინისტროს საბადრაგო სამსახურს და მათ განმიმარტეს, რომ ისინი მერაბიშვილს აბრუნებენ თბილისში, ე.წ. მატროსოვში, სადაც ხვალ ან ზეგ ვაპირებ შესვლას და მონახულებას.”

 

პროკურორი ნათია სონღულაშვილი ამბობს, რომ ბრალდებამ სასამართლო სხდომაზე 74 სისხლის სამართლის მასალა წარმოადგინა:

 

”აქედან მოწმის სახით გამოსაძახებელია 4500 ადამიანამდე, რომელთა დაკითხვასაც სასამართლოში ბრალდების მხარე აპირებს. დღევანდელ სხდომაზე დაიწყო ჩვენი მტკიცებულებების გამოკვლევა, რომლის დასრულების შემდეგაც დავიწყებთ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას. ჩვენ წარმოვადგინეთ საკმაოდ დიდი მოცულობის მტკიცებულებათა ჩამონათვალი, 262 ფურცლად არის, რომელთა საკმაო მოცულობითი ნაწილი უკვე გამოიკვლია ბრალდებამ და წარუდგინა სასამართლოს, მომდევნო სხდომაზე დავამთავრებთ, სავარაუდოდ, მტკიცებულებების გამოკვლევას.”

 

მისივე განმარტებით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია მტკციებულებათა ნაწილზე არ იდავონ:

 

”ჩვენ, რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, რომ ყველა მოწმე დავკითხოთ, თუმცაღა დაცვის მხარეს საპროცესო კანონმდებლობა უფლებას აძლევს, რომ გარკვეულ მტკიცებულებებზე ჩვენ შეგვითანხმდეს უდავოდ, არ გახადოს სადავო, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეული მტკიცებულებები, თუ ასეთი შეთანხმება მოხდება, სასამართლო პროცესზე არ იქნება გამოკვლეული. ჩვენს დროში შეზღუდულობის გამო შეგვიძლია გამოვყოთ და გამოვკვეთოთ ის ძირითადი მოწმეები, რომლებიც კონკრეტულად ასახელებენ წარმოდგენილი ბრალდებულების დანაშაულს, იმ ფატობრივ გარემოებებს, რომლებიც მათთვის ცნობილია და შესაძლებელი არის ამ 4 ათასი ადამიანიდან გამოიყოს, დავუშვათ, 1000. ამას გადავწყვეტთ სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით.”

 

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 სექტემბერს, 12 საათზე გაგრძელდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *