არსებული ინფორმაციით, დღეს სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 5 მოწმე დაიკითხება. ასევე დაიკითხებიან ექსპერტები.
სასამართლო პროცესის დაწყების წინ მედიასთან კომენტარი პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა გააკეთა:
“სასამართლო პროცესზე ყველა გახდა მოწმე. ჩვენ დავკითხეთ მოწმეები, საქმისათვის ინფორმაციის მომცემი მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებმაც პირდაპირ სამივე ბრალდებული დაადანაშაულა ანტონ ადუაშვილის მკვლელობაში. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენ განვიხილავთ მნიშვნელოვან უტყუარ მტკიცებულებებს, ისეთს, როგორიც არის ექსპერტიზის დასკვნები. ჩვენ წინაშე წარმოდგებიან სპეცილური ცოდნის მქონე ადამინები. ექსპერტები გვამბობენ იმის შესახებ, თუ გახდა მათი კვლევის საგანი. გარდა ამისა, ჩვენ გამოვკითხავთ გამომძიებლებს, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია გამოძიების პროცესში ამოღებულ ნივთმტკიცებთან დაკავშირებით. ”
ავთანდილ (ანტონ) ადუშვილის საქმეზე სამი სასამართლო პორცესი შედგა და დაიკითხა 7 მოწმე. მკვლელობის საქმის განხილვა 26 აგვისტოს დაიწყო და საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ამ დროისათვის დაკითხულია ავთანდილ ადუაშვილის დედა და ძმა. ოჯახის წევრები ადუაშვილის მკვლელობის დამკვეთად რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალ სოსო პავლიაშვილს ასახელებენ.
ადუაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 7 პირი, მათ შორის ვახტანგ ჩხაპელია, რომელიც სოსო პავლიაშვილის სიძეა.
2012 წლის 24 ნოემბერს, საღამოს, დაახლოებით შვიდ საათზე თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე თვითმხილველებმა აღმოაჩინეს საკუთარ მანქანაში მოკლული ავთანდილ ადუაშვილი, რომელიც ხუდადოვის ქუჩაზე რამდენიმე ობიექტს ფლობდა.
საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით, ავთანდილ ადუშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებობს ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც პავლიაშვილს მკვლელობის შემკვეთად ასახელებს, თუმცა მომღერალ სოსო პავლიაშვილის მიმართ არანაირი დევნა დაწყებული არ არის.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქმეს, რომელიც ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობას უკავშირდება, კარგად იცნობს და სოსო პავლიაშვილთან დაკავშირებით საქმეში კითხვები არსებობს:
“ეს არის მკვლელობის საქმე ნაძალადევიდან, რომელსაც მე საკმაოდ კარგად ვიცნობ და ვთვლი, რომ სოსო პავლიაშვილთან არსებობს კითხვები. ადუაშვილის საქმე წასულია სასამართლოში, მაგრამ იმ ნაწილზე, რომელიც დაკავშირებულია სოსო პავლიაშვილთან, მიმდინარეობს ჯერ კიდევ ძიება. თუკი მოცემული პირი თვლის, რომ მასზე მიმდინარეობს ზეწოლა, მე, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვარ მზად მას პირადად შევხვდე”, – განაცხადა წულუკიანმა 2013 წლის 8 აპრილს გორში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
