ტექნოლოგიები

დაბოღმილები და განბოღმილები

30 იანვარი, 2011 • • 1707
დაბოღმილები და განბოღმილები

მე საარტისტოზე მინდა!-ვთქვი უცებ 

–დამეფსო თვალები, მრავალცოლიანი გინდა გამოხვიდე?–შემიცხადა უცებ ბებიამ  – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“

ამ ცხოვრებას რა ვუთხარი, თორემ ისეთ მონოსპექტაკლებს დგამს ერთი მაღალი… თანამდებობის პირი, ცოდვა არის ამგვარ ნიჭს მხოლოდ პოლიტიკაში რომ ანიავებდეს. და მიუხედავად იმისა, რომ მისმა სამსახიობო უნარ–ჩვევებმა გასულ კვირას (მორიგი ტელეპრემიერის დროს) პიკს მიაღწია, მის გამოსვლას ბლოგერები მაინც კანტიკუნტად გამოეხმაურნენ. შეიძლება იმის გამო, ამ რამდენიმე მოქმედებიან ტრაგიკომედიას ბოლომდე რომ ვერ გაუძლეს, ან, შეიძლება იმისაც, ქვეყანაში „გულწრფელი, პატიოსანი და სერიოზული დემოკრატია თუ ლიბერალიზაცია“ დამკვიდრებული ჯერ კიდევ რომ არ არის. მოკლედ, ამ მეტად ობიექტური მიზეზის გამო, იძულებული ვარ კვირის თემა გვერდზე გადავდო და დანარჩენი პოსტების გაცნობაზე გადავიდე.

დაბოღმვისა და განბოღმვის შესახებ

ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ადამიანს ანონიმურად დაბოღმვა რომ მოგინდეს, ნორმალურად იმასაც კი არ გაცლიან. ყოველ შემთხვევაში, დაბოღმილთა ბლოგი ჯერ თითქმის არც იყო გამოჩენილი ინტერნეტის კაბადონზე, რამდენიმე ბლოგერმა შეცვლილი ხმით ჩაწერილი აუდიო პოსტების ავტორები უკვე რომ გაშიფრა, დანარჩენებმა კი სათითაოდ შეახსენეს, რომ „ასეც იცოდნენ“ და ისე ამოადინეს ყელში ეს თავიანთი ცოდნა ანონიმ (მე მაინც ასე დავტოვებ) ბლოგერებს, რომ ლამის გულძმარვა დააწყებინეს. დაბოღმილთა ბლოგს ორი ავტორი ჰყავს – ბოროტი აკიმი და ურსულა უგვანო – რომელთაც მიზნად ქართული ინტერნეტ–სივრცის უმოწყალო კრიტიკა აქვთ დასახული (ქვემიზნით: საუბრებსა თუ კომენტარებში მამაკაცური გენიტალიების ხალხური სახელწოდების რაც შეიძლება მეტი გამოყენება).

დაბოღმვის შემდეგ განბოღმვის ერთ–ერთი კარგი საშუალება წიგნის კითხვაა. სწორედ ამ მიზნით, გირჩევთ tomushka-ს პატარა ბიბლიოთეკასაც გაეცნოთ. ცოდვა გამხელილი სჯობს და მე, უმეცარსა და განუვითარებელს, ვინც ნაწარმოებებს (მაგალითად „ოსტატი და მარგარიტა“–ს) ჰოი ღმერთო და ორიგინალში არ ვკითხულობ, ბლოგზე განხილული წიგნების უმეტესობა არ მეცნო.  შესაბამისად, ორმაგად კარგია, როდესაც ბლოგერი ახალი, ბევრისათვის უცნობი ( ანუ, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ უთარგმნი) წიგნების განხილვას წერს (მათ შორის დალაი ლამას, ან, სტივენ კინგის ავტორობით) და მხოლოდ „როგორ გავხდი იდიოტი“–თ (რომელზეც ვისაც კი ეს წიგნი და კლავიატურა ჰქონდა, ყველამ დაწერა) არ შემოიფარგლება.

ადვილად დასაღეჭი პოსტები

ოდესმე გიფიქრიათ, რომ საღეჭი რეზინის „ადამიანური გამოყენება“ ეტიკეტის ისეთივე ნორმაა, როგორიც, მაგალითად, უცხო სუფრაზე ხაჭაპურის ნაჭრის დანა–ჩანგლით დაქუცმაცება (მეტადრე, მაშინ, როდესაც ერთი სული გაქვთ ეს ნაჭერი ხელში აიღო და მადიანად ჩაკბიჩოთ). dissolved girl-ის პოსტი “God damn the chewing gum” მოღლარჭუნეთა ყბების „თავშეუკავებელ მოძრაობას“  ეხება და მათი ქმედების ილუსტრირებით, მათივე გამოსწორებას ისახავს მიზნად: წარმოიდგინეთ, რომ ზიხართ თქვენთვის, ან მუშაობთ ან რაიმეს ელოდებით. ამ დროს კი გესმით საშინელი ღლაჭუნი, ტკაცუნი, თქლაფუნი და ყბების აჩქარებული მუშაობის ხმები. როგორია? პირადად მე, ისტერიკა მემართება და ტვინის უჯრედები ფუნქციონირებაზე უარს მიცხადებენ. 

ზრდილობის დეფიციტიდან ახალი ამბების კრიზისზე  გადავინაცვლოთ, რომლის შესახებაც ეთნორევაზი წერს და სამართლიანადაც აღნიშნავს, რომ ღორის გრიპით დაავადებულთა რაოდენობის გარდა ქვეყანაში სხვა მოვლენებიც შეიძლება ხდებოდეს: „გასაგებია, რომ გრიპი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, რომელიც შეიძლება გართულებების ფონზე ლეტალურად დასრულდეს.. ისიც გასაგებია, რომ სეზონურია და ყურადღების გამახვილებაა საჭირო, მაგრამ ზომიერება ზოგადად კარგი რამაა...“

ამდენი „წადი წადი“–ს გადამკიდე, ქართველები ისე ვართ დანატრებულები „გთხოვ, დარჩი, არ წახვიდე“–ს მოსმენას, რომ შესაძლოა ამისთვის ბლოგების ან facebook-ის ანგარიშების გაუქმება, ჯგუფიდან თავის ამოშლა, დაბადების დღის წვეულებიდან ნახევარ საათში უკან გამობრუნება და ათასი მსგავსი ხრიკი მოვიფიქროთ. ჰექსეს პოსტი „53 წამში აქედან მივდივააარ“ და სხვა პათოლოგიები“– ც სწორედ ამ ფენომენს ეხება და მისი მიზეზების ახსნას ცდილობს: უპრიანი იქნებოდა დეპრესიისა და შეიზოფრენიის ყოველ მეათე გამოვლენისას ვინმეს დაეპოსტა: იმის იქით წასულხარო მაგრამ ჩვენ ხომ კეთილები ვართ?

ამასობაში სადმე წასვლა თუ არ გადაწყვიტეთ, შეგიძლიათ „მოზმუილე“ ბლოგზეც შეიხედოთ და მსოფლიოს კეთილი ნების ერებისადმი ჩინელი ხალხის მიმართვა წაიკითხოთ.  მოდელირებული პოსტი დიდ დროს არ წაგართმევთ და თან იმდენად საჭირბოროტო შეკითხვით მთავრდება, რომ ვინძლო ჩინელებისადმი სიბრალულის გრძნობაც კი გაგიჩინოთ.

 ძნელად მოსანელებელი პოსტები

ქართულ სუფრაზე ქალების სადღეგრძელოს ხან სკამზე შემდგარნი სვამენ, ხანაც დაჩოქილები. თუმცა, ღვინო ისეთი მაწაკი სითხეა, სახლში მისულ კაცებს არათუ ამ სადღეგრძელოს პათოსს, იმასაც კი ავიწყებს, ცოლს ერთ დროს სამარადისო ბედნიერება და ერთგულება რომ შეჰფიცა. მათი ნაწილი კი ერთი–ორს ისეთს წამოუთაქებს მეუღლეს, როგორც „ჭეშმარიტ, ქართველ მამაკაცს შეჰფერის“. ლაშა ქავთარაძე ამ ფაქტს ირონიულად „ქალის/ოჯახის სიყვარულის ნიჭს“ უწოდებს და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ გამოდის: ახლა მითხარით რაში გამოიხატება ქართული ოჯახის სიყვარული? ქალის ცემაში? ბავშვების დედის გინებასა და რტყმაში ? ჩალურჯებული ადგილების სიმრავლეში ბებიის, დედის, ცოლისა და დის სხეულზე? 

„მოძრაობის შეზღუდვის მქონე პირებზე“ წერს ტომი პოსტში „მშმპ და ჩვენი ინვალიდი აზროვნება“, ამ კუთხით (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გადაადგილების სიმარტივე ქალაქში) თბილისს ბერლინს ადარებს და ქართველებისათვის არასახარბიელო დასკვნაც გამოაქვს: „და რა უნდა გააკეთოს რომ მიღებული იყოს სოციუმის მიერ და არ ესმოდეს არაფრისმომცემი გულისამრევი ფრაზები და ეპითეტები, წიპა: “საწყალი“,” დედა ნწნწ“, “უი უი“, “დედა შვილო რას გამწარდებოდა”  და არ დაინახოს ფსევდოსევდით აღსავსე სახეები? არადა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირობა მაინცდამაინც გენეტიკური არ არის, რაც იმას ნიშნავს რომ ერთ დღეს შეიძლება მე, შენ, შენ ან კიდევ რომელიღაც შენ აღმოვჩნდეთ მშმპშშმპთუ მაგალითად დილას გასვლისას აგური დაგვეცა ან ავარიაში მოვყევით (არ ვიწყევლები, ჯვარიც გწერიათ, ყურანის მადლიც შეგეწიოთ და ბუდამაც გადაგაფაროთ თავისი კალთავისაც რისი გწამთ იმის მიხედვით) 

ბოლოს კი, შეგიძლიათ მოხეტიალე ჟურნალისტის  ბლოგზეც შეიხედოთ (შეეხეტოთ) და თავში ნახსენები მაღალი თანამდებობის პირის სამსახიობო მონაცემებში კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ. პოსტში პრეზიდენტი და კიტრის მჟავე იმ სიუჟეტების „ბნელი მხარეა“ ასახული, რომელიც „ყველაფერი კარგად არის“ პათოსითაა აღსავსე და რომელსაც ზეპური მედიასაშუალებები გვიჩვენებენ:  ერთერთი ქალბატონი დაცვას გამოუსხლტა და კარებში შემოვიდა. ბატონო პრეზიდენტო! ერთი წუთით მომისმინეთ იკივლა ქალმა. მიშა შეცბა. არ ელოდა. ნათია ბანძელაძემ თავისთვის ჩაილაპარაკა:ეს ვინ გაიჩითა ტო“. 

პ.ს: ისე, გადაწყვეტილების შეცვლა არასოდეს არის გვიანი. რონალდ რეიგანი სულ პრეზიდენტი კი არ ყოფილა, მსახიობობით დაიწყო…

მასალების გადაბეჭდვის წესი