რატომ ურჩევნიათ სომხეთის მოქალაქეებს საქართველოში დასვენება და საყიდლებზე სიარული

ზაფხულის სეზონის დასრულებამდე დიდი დრო აღარ დარჩა. სომხეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი კი, რომელთაც ჯერ არ დაუსვენიათ, საქართველოში, საზღვაო კურორტებზე მიემგზავრებიან.

მათ შორისაა ფაილაქ ფახრადიანი, რომელიც საქართველოს დედაქალაქისგან განსხვავებით, საზღვაო კურორტზე ქობულეთში პირველად მიდის. ამბობს, რომ აღნიშნული კურორტის სასარგებლოდ არჩევანი შემთხვევით არ გაუკეთებია: შეადარა ფასები სომხეთსა და საქართველოში და აღმოჩნდა, რომ მის ხელთ არსებული თანხით საქართველოში დასვენება უფრო იაფად და კომფორტულად შეიძლება.

“ჩემი მეგობრებიდან ბევრი მიდის დასასვენებლად საქართველოში. მათ არაერთხელ უთქვამთ, რომ იქ ნებისმიერი თანხის შესაბამისად შეიძლება დასვენებაც და გართობაც”, – ამბობს სომხეთის მოქალაქე.

ფაილაქი საქართველოში ერთ კვირას გაატარებს. დასვენებისთვის 300 აშშ დოლარი აქვს გათვალისწინებული. აღნიშნული თანხის ფარგლებში, მეგობრების, ნაცნობებისა და ინტერნეტის დახმარებით უკვე მოიძია საცხოვრებელი ადგილი და ის ობიექტები, სადაც ნორმალურად კვებას და გართობას მოახერხებს.

“მოვლილი მაქვს მთელი სომხეთი და კარგად ვიცი დასასვენებელი სახლების ფასები. 300 დოლარად შემიძლია, ორი ან მაქსიმუმ სამი დღე დავისვენო. სევანზე, რომელიც სომხეთის ტურისტულ ცენტრად მიიჩნევა, ასევე წახნაძორში, დილიჟანსა და ჯერმუკში, საკმაოდ მაღალი ფასებია – ერთი დღე სასტუმროში დაახლოებით 30-40 ათასი სომხური დრამი მიჯდება [150 – 200 ლარი]. ამასთან, აქ დასვენების არსებული ვარიანტები ძალიან შეზღუდულია. 1-2 დღეში ყველა სიახლე სრულდება და უაზრობად მეჩვენება მხოლოდ სასტუმროს ნომერში მთელი დროის გატარება”.

სომხეთის ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა დაანგარიშებით, ყოველწლიურად იზრდება იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც საქართველოში მიდის დასასვენებლად. საქართველოში სომხეთიდან დასასვენებლად ყოველ წელს დაახლოებით 500 ათასი მოქალაქე ჩადის.

შეგვიძლია უფრო კონრეტულად ჩამოვთვალოთ მიზეზები, თუ რატომ სურს სომხეთის მოქალაქეებს საქართველოში დასვენება:

საქართველოს საზღვაო კურორტებზე სასტუმროს ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია ადგილობრივ დასასვენებელ კურორტებთან შედარებით;
ტრანსპორტირების ფასები მინიმალურია;
არ არსებობს ენობრივი ბარიერი;
სასტუმროების დიდი არჩევანი ფასებისა და გემოვნების მიხედვით;

“მე ბათუმსა და თბილისში ვისვენებ ხოლმე. განსაკუთრებით თბილისი მიყვარს, რომელიც ხელმისაწვდომი და კომფორტული ქალაქია”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში სომხეთის მოქალაქე აშოტ ასატრიანი, რომელიც წელიწადში დაახლოებით 15-ჯერ მაინც სტუმრობს საქართველოს და ახალ წელსაც ხშირად ამ ქვეყანაში ხვდება.

“სადღესასწაულო ბანკეტზე და ორდღიან დასვენებაზე ცოლთან ერთად 150 ათასი დრამი [737 ლარი] გადავიხადეთ. ერევანში მხოლოდ ასეთ ბანკეტზე დასწრება კაცზე 20 [98 ლარი] ათასიდან იწყება და 100 ათასამდე [490 ლარი] მერყეობს. უაზრობაა ამ თანხის დახარჯვა რამდენიმესაათიანი გართობისთვის, მაშინ, როდესაც ამავე ფულით საქართველოში გართობაც და რამდენიმედღიანი დასვენებაც შეიძლება”.

სარფი ფოტო: თორნიკე თავაძე

სარფი
ფოტო: თორნიკე თავაძე

აშოტ ასატრიანი ოჯახთან ერთად წელს უკვე ისვენებდა შავ ზღვაზე, ბათუმსა და სხვა საზღვაო კურორტებზე, სადაც, როგორც თავად ამბობს, იდეალური დასვენებისთვის 1000 აშშ დოლარამდე დახარჯა.

იმდენად, რამდენადაც საქართველოში ხშირად ჩადის, მისთვის სხვა დანარჩენი ფასების შედარებაც მარტივია:

“აი, ნახეთ, ზღვა ჩვენ არ გვაქვს. მხოლოდ სევანის ტბა გვაქვს, რომელიც ერევნიდან 70 კილომეტრში მდებარეობს, ბათუმი კი – 700 კილომეტრშია. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ტრანსპორტზე დანახარჯები და ბათუმში დასვენება უფრო იაფი გვიჯდება, ვიდრე სევანზე. სევანზე, ხის სახლში ერთ ღამეში 20 ათას დრამს [98 ლარი] ვიხდით. ამავე ფასად ბათუმში ბინის ან სასტუმროს ნომრის დაქირავებაა შესაძელებელი. იგივეა ფასები კვებაზე. ბათუმში უფრო იაფად ისადილებ, ვიდრე სევანზე”, – ამბობს აშოტ ასატრიანი და აქვე ამატებს, რომ მეზობელ ქვეყანაში ბენზინიც იაფია. სომხეთში 1 ლიტრ ბენზინში 380 დრამს [1.87 ლარი] იხდიან.

“საქართველოში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ნაცნობები მყავს, ვინც იქ ისვენებდა. ვიცი, რომ ფასები იქ ბევრად იაფია”, – ამბობს აგუნიკ ვარდანიანი.

სომხეთში დღეს რთულად მოიძებნება ვინმე, რომელსაც საქართველოში დაუსვენია და იმავეს არ ამბობს. ამასთან, წინა წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა იმ დამსვენებლების რიცხვი, ვინც ტურისტულ სააგენტოებს მიმართავს, რამდენადაც აჭარის რეგიონში მრავალწლიანი დასვენება სომხეთის მოქალაქეებს დასვენების დამოუკიდებლად ორგანიზების საშუალებას აძლევს.

“საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება, ჩვენთან ძირითადად საშუალო კლასის მოქალაქეებს აინტერესებს. ამ მხრივ, საქართველოს სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა აჩვენებს, რომ სომეხი ტურისტების დიდი ნაწილი კიდევ მრავალი წელი ვერ შეძლებს საბერძნეთის, კვიპროსისა და სხვა სანაპიროებზე დასვენებას”, – ამბობს ტუროპერატორი იაშა სოლომონიანი.

ქართული ფასები არა მხოლოდ დამსვენებლებისა და გართობის მოყვარულებისთვის არის მომხიბლავი. სომხეთის მოქალაქეები საქრთველოში სავაჭროდაც ხშირად დადიან.

“საქართველოში ძალიან ხელმისაწვდომია საყოფაცხოვრებო საქონელი, საკვები, ტანსაცმელი. ბევრ რამეს ვყიდულობ ხოლმე, როდესაც საქართველოდან აქ გასაყიდად ჩამოაქვთ. მაგალითად, ნახევარლიტრიანი ჭურჭლის სარეცხი სითხე “ფეირი” სომხეთში 1700 დრამი [დაახლოებით 8 ლარი] ღირს, საქართველოდან კი 1100 დრამად [5 ლარამდე] ჩამოაქვთ ჩემთვის. ასევე, ხელმისაწვდომია სარეცხი ფხვნილები, საწმენდი ხსნარები. საკვებიდან – კარაქი, ბურღულეული, ფქვილი”, – ამბობს ანაიტ ოვანისიანი.

როგორც ჩანს, სომხეთის მოქალაქეები საკუთარი ქვეყნის არასწორი ფასების პოლიტიკის გამო საქართველოს ბიუჯეტს ავსებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


არმინე ავეტისიანი