სამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში “ტანკით გასეირნების” საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო

23 მაისი, 2016 • 1501
ერევანში “ტანკით გასეირნების” საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო

სომხეთის დედაქალაქში არტ-ჯგუფის “კონტრდარტყმა” აქტივისტის, არტაკ გევორგიანის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა. აქტივისტს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედება ბრალად.

კერძოდ, არტაკ გევორგიანს 2015 წლის დეკემბერში ერევნის ქუჩებსა და ეროვნული უშიშროების შენობის წინ მის მიერვე შექმნილი მუყაოს ტანკით გასერინების გამო ასამართლებენ.

დეკემბრის აქციის შემდეგ დაკავების დროს არტაკ გევორგიანს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს, 23 თებერვალს კი ბრალი ხულიგნობაში წარუდგინეს.

თავად ბრალდებულმა დღეს, 23 მაისს, გამართულ პირველ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს და მისთვის გაურკვეველია ბრალდების არსი, ვინაიდან “საზოადოებრივი წესრიგი არ დაურღვევია და აღნიშული აქცია კონკრეტული პირის ან უწყების წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა”.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გევორგიანს 6 თვემდე გამოსასწორებელი სამუშაოები, ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

“სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში სურდათ გაეგოთ, ვინ შემიკვეთა აქცია “ტანკით”, რომელმა პოლიტიკური პარტიამ ან ევროპულმა გაერთიანებამ. თავიდან ტანკით ბაგრამიანის პროსპექტზე ჩავედი, გავედი პრეზიდენტის რეზიდენციისა და ეროვნული კრების შენობის წინ. მერე გადავწყვიტე, რომ ეს ტანკი უნდა განადგურებულიყო, როგორც ომისა და ძალადობის სიმბოლო. თავდაცვის სამინისტროსკენაც წავიდოდი, მაგრამ ძალიან შორს მდებარეობს. ბოლოს დავამსხვრიე. ზოგიერთი დაწესებულების საკონტროლი გამშვებ პუნქტებზე შეეშინდათ ჩემი ტანკის, იფიქრეს, ნამდვილია. როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ გავიარე, პოლიციელები შენობაში შევარდნენ და ფარდები დაუშვეს. ბევრი ვიცინე. ვუყვიროდი, რომ თუ გამოვიდოდნენ, გავისვრიდი. საპრეზიდენტო რეზიდენციიდან კი საგზაო პოლიცია გამოვიდა და მთხოვა, რომ ტანკი მხოლოდ გზის პირველ ხაზზე მეტარებინა, რამდენადაც მას არ ჰქონდა შუქური მოხვევის მაჩვენებელი”, – ამბობს არტაკ გევორგიანი აღნიშნული აქციის შესახებ ინტერვიუში ნეტგაზეთთან.

არტაკ გევორგიანის “ტანკი” ერევანში; ფოტო: არტაკ გევორგიანის ფეისბუკის გვერდი

არტაკ გევორგიანის “ტანკი” ერევანში; ფოტო: არტაკ გევორგიანის ფეისბუკის გვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი