კომენტარი

სერგი კაპანაძე: ანექსიის საფრთხე ახალ საერთაშორისო ტერმინად უნდა დამკვიდრდეს

29 ოქტომბერი, 2014 • • 1406
სერგი კაპანაძე: ანექსიის საფრთხე ახალ საერთაშორისო ტერმინად უნდა დამკვიდრდეს

ბატონო სერგი, მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, რომ ანტიანექსიური სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვანი ელემენტი სოხუმის და ცხინვალის მოსახლეობის მიმართ ახალი, რეალისტური და ქმედითი ინიციატივების ჩამოყალიბებაა, მათ შორის, სადაც შესაძლებელი იქნება სტატუს-ნეიტრალური მიდგომის გამოყენებით. რა ტიპის ინიციატივებზე საუბრობთ? 

 

ბოლო პერიოდში ყველამ ვნახეთ განცხადებები და შეთავაზებები [ავტონომიის შეთავაზება სოხუმისთვის და ცხინვალისთვის], რომლებიც თავისი ფორმით იყო მიუღებელი, შინაარსით – არა. ბოლო 15-20 წელია ამას ვთავაზობთ აფხაზურ მხარეს. გასაგებია, რომ დღევანდელი რეალობა განსხვავებულია, რომელიც იყო 2008 წლამდე. შეთავაზება შეთავაზებისთვის რომ არ იყოს, უნდა არსებობდეს სწორი ფორმა და სწორი შინაარსი. ასეთი შეთავაზებების გაკეთებას დიდი აზრი არ აქვს. პირიქით, კონპროდუქტიულია. მათი განხილვა არ მომხადარა აფხაზურ მხარესთან, არ ყოფილა განხილვა ჟენევის მოლაპარაკებებში თუ სხვა ფორმატებში. რაც ყველაზე მთავარია, დღეს სიტუაცია არ არის ისეთი, რომ აფხაზურ მხარეს სტატუსზე ვესაუბროთ, ფორმატიც არ გვაქვს ამაზე სასაუბროდ. ამიტომ ამ შეთავაზების ნაცვლად, სჯობს სტატუს-ნეიტრალური შინაარსობრივი შეთავაზებები გვქონდეს და ეს განვიხილოთ შესაბამის ფორმატებში, გნებავთ, დახურულად [თუ არის ასეთი არხი. სახელმწიფო მინისტრი ყოველთვის ამბობს, რომ მას გარკვეული კონტაქტები გააჩნია], ან არსებულ ფორმატებში, მაგალითად, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში, ან ე.წ. სტატუს-ნეიტრალური ლიაზონ მექანიზმი, რომელიც გაეროს ფარგლებშია. 

სერგი კაპანაძე/გიორგი მოსიძის ფოტო
სერგი კაპანაძე/გიორგი მოსიძის ფოტო

 

და მაინც, რა ტიპის შეთავაზებებზე შეიძლება იყოს საუბარი ქართული მხარის მიერ? 

 

მაგალითად, ჩვენ ბოლო დროს ვნახეთ, რომ აფხაზური მხარე საგანმანათლებლო პროექტებით არიან დაინტერესებული და მგზავრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობს. კონკრეტული იდეები უნდა არსებობდეს, იგივე უცხოეთში სწავლასთან დაკავშირებით. მაგალითად, აფხაზების უცხოეთში სწავლა ჩვენს ინტერესებშია, იმიტომ კი არა, რომ ეს კონფლიქტთან არის დაკავშირებული. უბრალოდ იმიტომ, რომ რაც უფრო განათლებულია საზოგადოება და მეტი შესაძლებელობა აქვს, მით კარგია ეს თავად იმ საზოგადოებისთვისაც და ჩვენთან ურთიერთობების დამყარებისთვისაც. ამაზე უნდა იყოს კონკრეტული ინიციატივები სტატუს ნეიტრალური ფორმით, რადგან როგორც კი სტატუსზე იქნება საუბარი, არ ექნება ამას არანაირი პერსპექტივები. ჯობს აქცენტი გაკეთდეს შინაარსზე, ვიდრე სტატუსზე, რომელიც არარელევანტურია დღეს. 

 

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ანტიანექსიის სტრატეგია ძირითადად მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. 

 

თქვენ ამ განცხადებაში საუბრობთ ტერმინოლოგიაზეც, რომელიც ანექსიიდან გამომდინარე ახალ საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ ტერმინოლოგიად უნდა დამკვიდრდეს. იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რა ტერმინოლოგიაზეა საუბარი? 

 

ტერმინი ოკუპაცია ხშირად გამოიყენება, თუმცა ტერმინი ანექსიის საფრთხე ან ანექსიის პროცესი რუსეთის, როგორც ანექსიის პოტენციური განმახორციელებელი სახელმწიფოს მიერ არ ჩანს. გასაგებიცაა, რადგან ყველაზე აქტუალური არ იყო ეს აქამდე. თუ დღეს არ გაჩნდა ეს გაფრთხილებები, რომ ანექსიის საფრთხე არის რეალური, მომავალში იქნება სერიოზული პრობლემა. საერთაშორისო დოკუმენტებში უკვე უნდა გაჩნდეს ეს ტერმინი და გაჩნდეს ამ ტერმინის ბმა რუსეთთან. როცა რეალურად ამის საჭიროება დადგება, მერე რეაგირება ბევრად რთული იქნება. 


რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებას ახსენებთ თქვენს განცხადებაში.


ენერგეტიკული დამოკიდებულება არ გვაქვს დღეს რუსეთთან, მხოლოდ 10%-ია, თუმცა ეკონომიკური დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაიზარდა ბოლო პერიოდში რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება. საუბარია არა მხოლოდ ღვინოზე, იგულისხმება ზოგადად სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადინება. ეს, რა თქმა უნდა, კარგია მოსახლეობისთვის მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ თუკი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ რუსეთი ახდენს ანექსიას და ეს ანტიანექსიის სტრატეგია ჩვენი განხორციელდება, ჩვენი ეს ნაბიჯები, რუსეთის მხრიდან შეიძლება დაბალანსებული იყოს ისევ ემბარგოთი, ან გარკვეული ეკონომიკური ზეწოლის მექანიზმებით. ამიტომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ბაზრების დივერსიფიკაცია ნელ-ნელა და არა რუსეთთან ვაჭრობის გაღრმავება. რაც დრო გავა, მით უფრო ვიქნებით მასზე დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ, რა დღეშია დღეს მოლდოვა და იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნები. იგივე ტიპის შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ. 

 

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებზე საუბრისას ზურაბ აბაშიძე მუდამ აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკური სარგებელი ამ შეხვედრებმა საგრძნობლად გაზარდა. იმ შემთხვევაში, თუ ანტიანექსიის სტრეტეგია იქნება მიღებული, ეს ფორმატი მნიშვნელობას დაკარგავს? 

 

საქმეც მაგაშია, მოკლევადიან პერსპექტივაში ეკონომიკური ზრდისთვის ეს არის სერიოზული მიღწევა, თუმცა, თუ ამოვდივართ იქიდან, რომ სტრატეგიულად რუსეთი აპირებს ანექსიას, მაშინ ეს შეგვიზღუდავს მანევრის საშუალებას რუსეთთან მიმართებაში. რუსეთთან ბაზრის გახსნა კი არის მიღწევა, მაგრამ კონტრზომების მიღება რომ დაგვჭირდება, მაშინ როგორ დაგვაზარალებს, არ ვიცით. ჯობია ამაზე ვიფიქროთ სტრატეგიულად. 

 

შესაბამისად, როგორი პოლიტიკა უნდა უნდა აწარმოოს ქვეყანამ ანტიანექსიის სტრატეგიის მიღების შემდეგ? 

 

დღეს გვაქვს ცალკე აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელიც კონკრეტულ საკითხებს განიხილავს, ცალკე გვაქვს ჟენევის ფორმატი, სადაც პოლიტიკური საკითხები განიხილება და ცალკე ხდება რეაგირება ანექსიის საფრთხეზე. შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ერთიანი კოორდინირებული სტრეტეგია არ არის და უფრო რეაგირების რეჟიმში ვართ. ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ ეს პოლიტიკა გახდეს პროაქტიური. 


თქვენ საუბრობთ, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში საქმის აღძვრისთვის პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლის მომზადებაზე. იქნებ უფრო ვრცლად განმარტოთ ეს პუნქტი? 

 

ეს არის ყველაზე მნიშვენლოვანი ელემენტი. განსხვავებით ოკუპაციისგან და სხვა რეალობისგან, ანექსიას კლასიკურ შემთხვევაში ებრძვი იარაღით, მაგრამ იარაღის გამოყენება და სამხედრო დაპირისპირება ჩვენთვის ვარიანტი არ არის. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზა არის იურიდიული დაპირისპირება. გამოსავალია ერთადერთი, რომ საერთაშორისოდ სამართლებრივად ეს იყოს დაგმობილი. ხარისხობრივად განსხვავებულ დაგმობაზეა საუბარი, ვიდრე ოკუპაცია. ანექსიას სჭირდება იურიდიული შეფასება. ჩვენ ოკუპაცია სამართლებრივად შეფასებული პრაქტიკულად არ გვაქვს. უშიშროების საბჭო გაჭედილია ამ შემთხვევაში, ვერ იღებს რეზოლუციას, საერთაშორისო სასამართლოში წავედით, მაგრამ ეს პროცესი შეჩერდა, რადგან სასამართლომ მაშინ გვითხრა, რომ ჩვენ რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის ფარგლებში მოგვეძებნა ჯერ გამოსვალი და მერე წავსულიყავით სასამართლოში. ამ ფარგლებში კი გამოსავლის ძებნა არის შეჩერებული. ორი წლის განმავლობაში საქართველო რუსეთთან ვერ შეთანხმდა, თუ როგორ აწარმოოს დიალოგი. 2011 წელს ამ პროცესთან უფრო ახლოს ვიყავით, რომ დევნილების განხილვის თემა დაწყებულიყო, მაგრამ ამ კონვენციის პროცესი გაჩერდა. მისი განახლება აუცილებელია, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ დავბრუნდებით სასამართლოში. სამართლებრივი ბერკეტების გარეშე ანტიანექსიური სტრატეგია არ გამოდის, უბრალოდ, შეუძლებელია მისი წარმატებით განხორციელება. 

 

რატომ გაჩერდა ეს პროცესი?

 

აქ სხვადასხვა ანალიზი შეიძლება. ჩემი აზრით, როდესაც დათბობის პოლიტიკა გაქვს რუსეთთან, რთულია ძალიან ასეთი ტიპის კონფრონტაციული დიალოგი აწარმოო დევნილების თემაზე. მე როგორც ვხედავ, ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ მოდი, ჯერ ვცადოთ ურთიერთობის დალაგება და ზედმეტი გამაღიზიანებელი არ შემოვიტანოთ. 

 

ჯერ კიდევ გვაქვს შანსი ვთქვათ, რომ რუსეთი არ არის მომხრე დიალოგის და ამიტომ დავბრუნდით სასამართლოში. ეს ინსტრუმენტები თუ არ გამოვიყენეთ, შეიძლება სასამართლოში გზა ჩაგვეკეტოს. 

 

ისევე, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან 2011 წლის ხელშეკრულება. თუ ამ ხელშეკრულების იმპლემენტაცია მოხდება, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ახალი დაპირისპირება გვექნება რუსეთთან. პოლიტიკური დაპირისპირების ფრონტია მაინც და დიალოგი და პოლიტიკური დაპირისპირება ერთად არ გამოდის. არ შეიძლება ერთი ხელით დაპირებისპირება აწარმოო და მეორეთი დიალოგი. 

 

თქვენ ზემოთ ახსენეთ, რომ ავტონომიის შეთავაზება საქართველოს პრემიერის მხრიდან იყო შეთავაზება შეთავაზებისთვის. თქვენი აზრით, რატომ სჭირდება ხელისუფლებას ეს? 

 

ჩემი აზრით, ვინაიდან რამდენიმე კვირის წინ გაჟღერდა, ახალი შეთავაზება იქნებაო, მოლოდინი გაჩნდა საზოგადოებაში. მაგრამ იმის გამო, რომ ეს შეთავაზება არ არის მოსინჯული, დისკუტირებული, იქნა არჩეული ყველაზე ნეიტრალური შეთავაზება, რომელიც აქამდეც ყოფილა და ყველამ ისედაც ვიცით, რომ ამაზე არანაირი რეაქცია არ იქნებოდა. 

 

ანუ რეალურად სხვა ტიპის შეთავაზებაზე იყო საუბარი, რომელიც არ გაჟღერდა?

 

არ ვიცი, შეიძლება წამოცდა, შეიძლება დაუფიქრებლობით თქვა და მერე მოუწია ამაზე რეაქციის გაკეთება. არა მგონია, რომ სხვა ტიპის იდეები განიხილებოდა იქამდე. უფრო მეტად, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უხერხული იქნებოდა საერთოდ არაფერი ეთქვა შემდეგ. იმდენად არასერიოზული იყო ეს შეთავაზება, რომ უვიცობა და არასერიოზულობა გამოდის. უნივერსალურად ასე იყო აღქმული. თან შევთავაზეთ იმ დროს, როცა ყველაზე არარელევანტურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი