ანა აბაშიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ანა აბაშიძე: კონსტიტუციაში გარანტირებული უნდა იყოს ბავშვთა ინტერესები

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების გვერდით, გარანტირებული უნდა იყოს ბავშვთა უფლებებიც.

14 მარტს, გოგონათა, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე 28 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ საკონსტიტუციო კომისიას და პარლამენტს მოუწოდა, რომ შექმნან კონსტიტუციური გარანტიები მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვისთვის.

შეხვედრაზე ორგანიზაციებმა აქცენტი გააკეთეს ქალთა უფლებებზე და უმცირესობებათა ჯგუფების წარმოამდგენელთა ინტერესებზე, როგორც მათ შორის, ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე.

ბავშვთა სიკვდილიანობის სააგენტოთაშორისი ჯგუფის (IGME) მონაცემებით, განვითარებულ ქვეყნებში ყოველ ათას ცოცხლად შობილზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6–ს შეადგენს, ხოლო საქართველოში 12–ს. ასევე მაღალია მშობიარე დედათა სიკვდილიანობა საქართველოში, ყოველ ასი ათასზე – 36.

იუნისეფის მიერ ჩატარებულმა მოსახლეობის კეთილდღების კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მცხოვრები ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს.

“კონკრეტულად, ბავშვებთან მიმართებაში წარმოუდგენელია ის ვითარება, რაც ახლა ხდება. როგორც ზოგადად, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით მათი უფლებების სერიოზულ დარღვევებს, პარალელურად ვხედავთ, რომ მთავარ დოკუმენტზე მუშაობისას ბავშვთა ინტერესები ისევ არ არის გათვალისწინებული. თუ ამას არ გაითვალისწინებენ, მინიმუმ, გაგრძელდება ის პრაქტიკა, რაც გვაქვს, ბავშვთა სიკვდილიანობა იქნება ასევე მაღალი. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები თავიანთ პოლიტიკურ დოკუმენტებში ისევ არ გაითვალისწინებენ ბავშვთა საჭიროებებს და რეალურად, ვიცხოვრებთ ისე, რომ რაღაც პრივილეგირებულ ჯგუფს ექნება მეტ-ნაკლებასდ უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ, მათ, ვისაც განსაკუთრებულად უჭირთ, ისევ იქნებიან დაუცველები. ადამიანები სიცოცხლით აგებენ ხოლმე პასუხს, როდესაც არ არის პოლიტიკა და კანონმდებლობა მათი ინტერესების გამომხატველი,”- ამბობს ანა აბაშიძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისივე თქმით, თუკი საკონსტიტუციო კომისიის წევრებს არ ეცოდინებათ, თუ ზუსტად რაშია პრობლემა,  ვერ წარმოიდგენენ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი ამ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში. ანა აბაშიძე ფიქრობს, რომ თუ კომისიის წევრები საჭიროებას დაინახავენ, ასახავენ კიდევ დოკუმენტში:

“ჩვენ ვგრძნობთ იმას, რასაც ვლაპარაკობთ, შეიძლება, კომისიის წევრები ამას ვერ გრძნობენ, იმიტომ, რომ არ მუშაობენ კონკრეტულად ამ თემებზე. სწორედ ამიტომ მოვუწდეთ, რომ მოგვეცით საშუალება, აგიხსნათ, რა ვითარებაა მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებაში  და აგიხსნათ, რომ თქვენს მუშაობაზე არის დამოკიდებული მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. თუ ასე არ მოხდება, სამწუხაროდ, ჩვენ ისევ ვიცხოვრებთ უსამართლო გარემოში, ისევ შევხედავთ ბავშვთა სიკვდილიანობას, როგორც უბრალო მოცემულობას. სწორედ ამის თავიდან აცილება გვინდა და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალება, რაც ამას შეეწინააღმდეგება, ეს არის ქვეყნის კონსიტტუციაში მათი ინტერესებს გარანტია,”- ამბობს ანა აბაშიძე.

მიეივე თქმით, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს კონკრეტული ფორმულირებები, როგორიც არის კონკრეტულად ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხები, ბავშვთა მიმართ ტრეფიკინგის და შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა ჩართულობის პრობლემა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გარანტიები უმცირესობათა ჯგუფებისთვის.

“ეს არ არის პრობლემა, როემლიც გაქრება 3-4 წელიწადში. ეს პრობლემა იარსებებს, მინიუმუმ, ათწლეულები. შესაბამისად, ჩვენი უზენაესი კანონი, რომლის მთავარი მიზანია, რომ ათწლეულების და ასწლეულების ხედვა ასახოს თავის შინაარსში, მთავარია, რომ თქვას, რა ღირებულებებით არის ქვეყანა წარმოდგენილი მსოფლიო ასპარეზზე. რა თქმა უნდა, იქ უნდა ჩაიწეროს სწორედ იმ ადამიანების პრობლემები, რომელზეც ჩვენ ვილაპარაკეთ,”- ამბობს ანა აბაშიძე.

ავტორი