წულუკიანი: რელიგიურ გრძნობებზე კანონის დღეს მიღება რატომა საჭირო, არ ვიცი

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არ იცის, რატომაა დღეს საჭირო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოააზე კანონის მიღება.

“თქვენ თუ ჩახედავთ სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტებს, ასეთი კანონი ყველა ქვეყანაში არსებობს, თუმცა ის ფორმულირება, რა ფორმულირებაც პროექტში ვნახე, ალბათ ამ ეტაპზე არც მიზანშეწონილია და არც შეესაბამება ბოლომდე სტრასბურგის პრეცედენტულ სამართალს. ამ კანონპროექტის ინიციატორი არ არის რომელიმე მინისტრი ან მთავრობა. ეს თემა მთლიანად პარლამენტში შემუშავდა და დაიგეგმა. მაგრამ რატომ არის დღეს მაინცდამაინც ეს საჭირო, ჩემთვის არ არის ცნობლი. როგორც ვიცი, ადამაინის უფლებათა კომიტეტმა გასცა ნაწილობრივ უარყოფითი დაკვნა. მათ თქვეს, რომ პრინციპს ეთანხმებიან, მაგრამ ფორმულირება იქნება უარყოფილი. მე ადამიანის უფლებათა კომიტეტს ფორმულირების უარყოფის ნაწილში ვეთანხმები, რადგან გამოხატვის თავისუფლება არის წამყვანი ღირებულება ამ შემთხვევაში. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ხოლმე, რომ გამოხატვის თავისუფლებას აქვს ზღვარი და მეორე მხარეს შეიძლება იდგეს, მაგალითად, შეკრების თავისუფლება, რელიგიის თავისუფლება, სხვა თავისუფლებები და ეს თავისუფლებები არ უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან კონფლიქტში. თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, მგონია, რომ ამისთვის კანონები არ უნდა გვჭირდებოდეს და ჩვენ ერთმანეთის თავისუფლებებს კანონის გარეშე უნდა ვცემდეთ პატივს”, – განაცხადა წულუკიანმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი