ახალი ამბები

გოგი თოფაძემ ჟურნალისტები კაბინეტიდან გააძევა

4 თებერვალი, 2016 • 1111
გოგი თოფაძემ ჟურნალისტები კაბინეტიდან გააძევა

პარლამენტში მოსულ გოგი თოფაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ბოდიშის მოხდას დაუნის სინდრომის სალანძღავ სიტყვად გამოყენების გამო, რაზეც დეპუტატმა განაცხადა:

“პირიქით, მეტი უნდა მოვთხოვოთ პრეზიდენტს, რომ ეგეთი რაღაცები ილაპარაკა. ჩაწერაზე არავისთან მოვდივარ, პირდაპირ ეთერში მზად ვარ მოვიდე და განვმარტო ყველაფერი. ბოდიში იმან უნდა მოიხადოს ქართველი ხალხის წინაშე.”

კითხვაზე, თუ სად გააკეთა პრეზიდენტმა ასეთი განცხადება, თოფაძე ამბობს:

“ჩემთან მოდით ერთ-ერთი და განახებთ, სად თქვა ეგ პრეზიდენტმა. ”

თოფაძის კაბინეტში ყველა ჟურნალისტი და ოპერატორი შევიდა, რამაც მისი გაღიზიანეა გამოიწვია და ოთახიდან ჟურნალისტები გააძევა:

“ხომ გითხარით, არ გიშვებთ. ჩხუბი ხომ არ გინდათ, ძალაზე ხართ, გაბრძანდით? ჩხუბი ხომ არ დაგიწყოთ? გაბრძანდით, მუშაობას ნუ მიშლით, გაბრძანდით-მეთქი, გავიჭიდაოთ? რუსთავი ორს საერთოდ არ ველაპარაკები, წადი, გენაცვალე, გადით აქედან. მალე, მალე, მალე, გაბრძანდით და მერე ვილაპარაკოთ, გეჭიდაოთ ქალებს? გაბრძანდით.”

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ კატეგორიად გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი “დაუნებს შეადარა”.

“თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი. თითოეული თქვენი სიტყვა, წინადადება, წერილი, ბგერა ანალიზდება და მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, უაზრო… ძალიან სამწუხაროა, თუ ასე აფასებთ მოსახლეობას, მაშინ ალბათ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოში. ისიც უნდა გითხრათ, როცა პრეზიდენტი, პირველი კაცი ლაპარაკობს, მისი ყველა ნათქვამი ანალიზდება და როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მე არ შევალ იმ საძაგელ სასახლეში, სადაც დღეს თქვენ ხართ, ეს არასწორია. არაფრით წაადგა ჩვენს ქვეყანას უცხოეთში სხვადასხვა ფორუმზე ორი ხელმძღვანელის ერთად სიარული. ქვეყნის იმიჯზე უფრო უნდა გეფიქრათ, ვიდრე ვინ წავა და ვინ წარმოადგენს. უნდა გაგეთვალისწინებინათ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი და შეიძლებოდა კომპრომისი გვენახა და უცხოეთში არ დაენახათ, რომ ქვეყნის ორი წამყვანი პირი ერთმანეთში ვერ თანხმდებიან”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ აღნიშნული პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ფრაქციების თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილ დროში განაცხადა.

დღეს, 3 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტს გამოსვლისას სიტყვა დაუნი ან დაუნის სინდრომი არ გამოუყენებია და არც საქართელოს მოსახლეობა შეუდარებია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსმა დაუნის სინდრომი ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენა.  “დაუნის სინდრომი” სალანძღავ ტერმინად გამოუყენებიათ ნინო ბურჯანაძეს და შალვა ნათელაშვილს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის განმარტებით, დაუნის სინდრომი არის ადამიანის მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ზედმეტი ქრომოსომების არსებობით. ქრომოსომები განაპირობებენ ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბების პროცესს ორსულობის დროს და მის განვითარებას, როგორც მუცლადყოფნის, ასევე დაბადების შემდგომ პერიოდში.

ჩვეულებისამებრ, ბავშვი იბადება 46 ქრომოსომით. ბავშვებს დაუნის სინდრიმით აქვთ ზედმეტი, 21-ე ქრომოსომა. სამედიცინო ენაზე მას „21-ე ტრისომიას“ უწოდებენ.  სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება  ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი