მოვლენები
26405

კორძაია რელიგიური გრძნობების კანონპროექტზე: ინიციატივა არ შეესაბამება ადამიანის უფლებებს

რესპუბლიკელების ფრაქციის წევრი თამარ კორძაია  მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი უფლებათა შორის ბალანსს არღვევს:

“გამოხატვის თავისუფლების მუხლი ადგენს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძვლებს. ერთ-ერთი ლეგიტიმური საფუძველი არის სხვა პირის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა. რიგ შემთხვევაში შესაძლებელია გამოხარტვის და რწმენის თავისუფლება ერთმანეთთან კონფლიქტში მოვიდნენ, მაგრამ ეს არის უფლებათა შორის პრიორიტეტის თემა. როდესაც პირი ჩათვლის, რომ მისი რწმენის თავისუფლების შელახვა მოხდა და შეურაცხყოფა მიაყენეს მის რელიგიური გრძნობებს, ინდივიდუალურად უნდა იდავოს ამაზე. სახელმწიფო ვერასოდეს განსაზღვრავს, კონკრეტული ქმედება შეურაცხმყოფელი არის თუ არა ინდივიდისთვის. ეს სწორედ იმ ბალანსის დარღვევაა, რასაც ადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტი. ეს ინიციატივა ნამდვილად არ შეესაბამება ადამიანის უფლებებს. ასეთი ზოგადი შეზღუდვის დაწესება უფლებათა შორის ბალანსს არღვევს.”

დეპუტატის თქმით, ასეთი გადაწყვეტილებით სახელმწიფო რელიგიური გრძნობების დაცვას უფრო მეტ პრიორიტეტს ანიჭებს, ვიდრე გამოხატვის თავისუფლებას:

” თუ ადამიანი ჩათვლის, რომ მისი რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა კონკრეტული პირის გამოხატულმა აზრმა, წავიდეს სასამართლოში და იდავოს. მერწმუნეთ, ასეი ინდივიდუალური დავების დროს სტანდარტი არის საკმაოდ კარგი იმისათვის, რომ ინდივიდმა შეძლოს საკუთრი გრძნობების შეურაცხყოფის დამტკიცება და შეიზღუდოს გამოხატვის თვისუფლება ინდივიდუალურ შემთხვევაში.”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” დასჯადი ქმედება ხდება.

კომიტეტზე განხილვის შედეგად კანონპროექტში შესწორებები შევიდა და საბოლოოდ შემდეგი ფორმულირება მიიღო:

“პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში- 100 ლარით.”

კანონპროექტს მხარი ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ფატი ხალვაშმა, მერაბ კაჭახიძემ და ვლადიმერ აჩბამ დაუჭირეს.

კანონპროექტის ინიცირებული ვარიანტის მიხედვით “რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების გამეორება გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. ხოლო რელიგიური შენობის და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, გამეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია.”

ამ კანონპროექტისთვის წამყვანი კომიტეტი უფლებათა კომიტეტია, ხოლო მთავარი- იურიდიული კომიტეტი. იურიდიული კომიტეტის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში კანონპროექტი განსახილველად პლენარულ სხდომაზე მაინც გავა.

ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.