თბილისის მერია დედაქალაქის ერთ-ერთი სკვერისთვის თურქეთის ერთ–ერთი ქალაქის სახელის მინიჭებასა და სტამბოლისა და თბილისის დამეგობრებაზე მუშაობს.
ამ საკითხებზე სასაუბროდ თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში თურქეთის ელჩს, ლევენთ გურმუქჩუს 2 თებერვალს შეხვდა. თბილისის მთავრობა საქართველო–თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღნიშვნას აპირებს,
თბილისის მერმა ელჩს რამდენიმე სავარაუდო სკვერის ვარიანტი წარუდგინა, რომელთაგანაც ერთ–ერთს, შესაძლოა, თურქეთის რომელიმე ქალაქის სახელი ეწოდოს.
„თურქეთის საელჩომ მოგვმართა თხოვნით, ჩავატაროთ ერთობლივი კულტურული ღონისძიება. შევთანხმდით კონკრეტულ საკითხებზე. გარდა ამისა, საელჩოს თხოვნის საფუძველზე, ერთ–ერთ სკვერს თურქეთის რომელიმე ქალაქის სახელი დაერქმევა, შევთავაზეთ რამდენიმე შესაძლო ვარიანტი. ამ საკითხის განსახილველად მივმართავთ საკრებულოს. ვისაუბრეთ სტამბოლსა და თბილისს შორის დაძმობილების საკითხზე და ვფიქრობთ, რომ 2016 წელს მოვაწერთ ხელს დაძმობილების შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მიმართულებით ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.