ახალი ამბებიეკონომიკა

ონოფრიშვილი: ლარის გაუფასურებას შიდა და გარე ფაქტორები განაპირობებს

26 იანვარი, 2016 • 1399
ონოფრიშვილი: ლარის გაუფასურებას შიდა და გარე ფაქტორები განაპირობებს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებაზე გავლენას შიდა და გარე ფაქტორები ახდენს.

“[ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლარისის კურსის ცვლილებაზე] გავლენას გარე ფაქტორი ნამდვილად ახდენს: მეზობელ ქვეყნებში, რუსეთსა და აზერბაიჯანში, სავალუტო კურსი კვლავ გაუფასურდა. ეს გარკვეულწილად ეხება ჩვენთან მიმდინარე მოვლენებს. ამავე დროს იანვარი ყოველთვის გამორჩეული იყო, რადგან გარკვეული გაუფასურებები ხდებოდა, მაგრამ უფრო კონკრეტულად ამ მოვლენის ახსნა ჩვენ, პარლამენტს, გვირჩვენია მოვუსმინოთ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს, რომელსაც კონკრეტულად ეხება ეს საკითხები. ვთვლი, რომ მდგომარეობა შემაშფოთებელია და პასუხები ნამდვილად უნდა გასცეს როგორც მთავრობამ, ისე ეროვნულმა ბანკმა უახლოეს მომავალში,” – ამბობს დავით ონოფრიშვილი.

პარლამენტარის თქმით, შარშან, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, “თავისუფალი დემოკრატები” ითხოვდნენ კონკრეტულ გეგმის წარმოდგენას ამ მიმართულებით, თუმცა მთავრობას გეგმა დღემდე არ წარუდგენია. ონოფრიშვილს მიაჩნია, რომ დროულად არის საჭირო შესაბამისი ადეკვატური ზომების მიღება.

დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ ლარის კურსზე ირიბი გავლენა ნავთობის ფასმა იქონია.

“გაუფასურების მიზეზი ისაა, რომ აღარ შემოდის დოლარის ის ოდენობა, რაც შემოდიოდა. წლის ბოლოს ხარჯვაა ლარებში – იზრდება ლარის ბრუნვა, გამოდის მასიურად უფრო და უფრო მეტი ლარი. ფულადი გზავნილები რადიკალურად შემცირებულია, ინვესტიციები ამ პერიოდში არ არის. წლის ბოლო იყო, შემდეგ ახალი წელი. ამ დროს მიდის, იხარჯება თანხები. ეს ყველა ფაქტორი მოქმედებს ლარის კურსზე. საქართველოს ნებისმიერი წლის იანვრის თვე რომ აიღოთ შუა თებერვლამდე ლარის გაუფასურება ხდებოდა, შემდეგ კი ან დგებოდა თავის ადგილას, ან როგორც შარშან მოხდა, მნიშვნელოვნად გაუფასურდა”, – ამბობს ონოფრიშვილი.

დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ ლარის კურსის მატება უარყოფითად აისახება საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობასაზე, რაც უკავშირდება საბანკო სესხების გადახდასა და გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდას.

ონოფრიშვილს მიაჩნია, რომ ასეთ დროს ხელისუფლებამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას.  კოორდინირებული მოქმედება უნდა იყოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის. რაც პრაქტიკულად არ  ყოფილა გასულ წელს.

26 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 დოლარი 2.4923 ლარი გახდა. აღნიშნული კურსი რეკოდრული მაჩვენებელია.

საქართველოში ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით მაქსიმალურ ნიშნულს 1999 წლის 23 თებერვალს მიაღწია –  1 აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.  თუმცა, ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს – 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა.

ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, 2015 წლის დასაწყისში კი 1 აშშ დოლარი 2.2 ლარი ღირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი