ახალი ამბები

ორგანიზატორის გადაწყვეტილებით, თბილისში აქცია “არა გაზპრომს!” აღარ გაიმართება

10 იანვარი, 2016 • 1927
ორგანიზატორის გადაწყვეტილებით, თბილისში აქცია “არა გაზპრომს!” აღარ გაიმართება

12 იანვარს, 19:00 საათზე, თბილისში, საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია გაზპრომის მოლაპარაკებების წინააღმდეგ კიდევ ერთი აქციის გამართვა იგეგმებოდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში აქციის ორგანიზატორებმა შესაბამისი ფეისბუკ ღონისძიება შექმნეს.

თუმცა ღონისძიება, მისმა ავტორმა ნათანიელ ერიაშვილმა მოგვიანებით გააუქმა. როგორც ის აცხადებს, მის მიმართ გამოთქმული პრეტენზიებისა და ცილისწამების შემდეგ, მას სურვილი აღარ აქვს ორგანიზება გაუწიოს აქციას. ერიაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წევრებს არ სურდათ, რომ აქცია სამოქალაქო საზოგადოების წევრს დაეგეგმა:

“მე დავიკავე ის ნიშა, რომლის დაკავებაც მათ რატომღაც დაიგვიანეს ამ შემთხვევაში და ეს ვერ მაპატიეს.”

როგორც ის ამტკიცებს, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მას პრორუსულ განწყობების ქონაში დასდეს ბრალი. ერიაშვილი ამბობს, რომ მას მართლაც ჰქონდა პრორუსული განწყობა წარსულში, მაგრამ ამჟამად აზრი შეიცვალა.

“ჩემზე დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყეს, ბრალს მდებდნენ, რომ მე ვარ სუსის და ფსბს აგენტი და რომ ეს აქცია რუსეთს აწყობს, რადგან ცოტა ხალხი მივა და ეს გაშუქდება, თუმცა რეალურად მიზეზი ის იყო, რომ მათ უბრალოდ სურდათ ამ აქციის მოთავეობა,” – აცხადებს ერიაშვილი.

ნეტგაზეთი შეეცადა ანი ნადარეიშვილთან დაკავშირებას, რომელსაც ერიაშვილი ცილისწამებაში სდებს ბრალს, თუმცა მასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა.

მსგავსი შინაარსის საპროტესტო აქცია თბილისში გასული წლის ოქტომბერში ტელეკოპანია “ტაბულას” ორგანიზებით გაიმართა.

8 იანვარს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ ქართული მხარე რუსული გაზის მისაღებად კონტრაქტს ამზადებს. ცისკარიშვილის მტკიცებით შეხვედრა კახი კალაძეს და გაზპრომ– ექსპორტის ხელმძღვანელ ელენა ბურმისტროვას შორის 27 დეკემბერს შედგა.

ცისკარიშვილის მტკიცებით დაიგეგმა საქართველოს ბაზრის 50 %-ს აზერბაიჯანულ გაზს რუსული გაზის ჩაანაცვლებს.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოს გაერთიანებულ ენერგეტიკულ ბალანსში ბუნებრივი აირის წილი შეადგენს დაახლოებით 40%-ს. 2015 წლის განმავლობაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 2.4 მილიარდი კუბური მეტრია. ჯამურ მოხმარებაში მოსახლეობის წილი 28%-ია, თბოსადგურების- 27%, ხოლო დანარჩენი 43 %- კომერციული სექტორის მოხმარება.

2015 წლის 9 დეკემბერს საქართველოს ხელისუფლების მიერ კომპანია „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკების გამო არსებულ მწვავე საზოგადოებრივი დისკუსის თაობაზე რესპუბლიკელების საპარლამენტო ფრაქციამ ენერგეტიკის სამინისტროსთან მიმოწერა გამოაქვეყნა. ამ მიმოწერაში ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს სოციალური სეგმენტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით აზერბაიჯანულ სოკართან გაფორმებული აქვს გრძელვადიანი ხელშეკრულება 2009 წლიდან.

რაც შეეხება გაზპრომიდან კომერციული სექტორისთვის გაზის მოწოდებას, ენერგეტიკის სამინისტრო ამავე მიმოწერაში აცხადებს, რომ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ გეგმავს ბუნებრივი აირის შესყიდვას, რადგან კომერციული სექტორი დარეგულირებულია და კომერციულ მომხმარებელებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ მომწოდებელი და გააფორმონ ორმხრივი ხელშეკრულება ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი