ახალი ამბები

გარდაიცვალა პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი მედეა (მზია) ჯუღელი

9 იანვარი, 2016 • 6327
გარდაიცვალა პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი მედეა (მზია) ჯუღელი
მედეა (მზია) ჯუღელი

მედეა (მზია) ჯუღელი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 89 წლის ასაკში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი მედეა (მზია) ჯუღელი გარდაიცვალა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს ქართულ სპორტულ სამყაროს, გარდაცვლილის ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს.

მზია ჯუღელის გარდაცვალების გამო მწუხარება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმაც გამოთქვა:

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალის მედეა (მზია) ჯუღელის გარდაცვალების გამო. მისი სახით ქვეყანამ დაკარგა ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ტანვარჯიშის პოპულარიზაციაში. სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ქალბატონი მედეას ოჯახსა და ახლობლებს.”

მედეა ჯუღელი 1926 წლის 1 აგვისტოს დაიბადა ქუთაისში და სპორტულ ტანვარჯიშში ვარჯიშიც იქვე დაიწყო. პირველი გამარჯვება 1946 წელს იზეიმა: ბჯენით ხტომაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიგო. ერთი წლის შემდეგ წარმატება გაიმეორა, კარიერის დასრულებამდე კი ეს ტიტული კიდევ ხუთჯერ მოიპოვა. სხვადასხვა დროს იყო მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ორგზის ჩემპიონი პირადსა და გუნდურში, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი.

1952 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, XV ოლიმპიურ თამაშებში მედეა ჯუღელი გუნდურ პირველობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა, საგნით ჯგუფურ ვარჯიშში კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ტანმოვარჯიშის კარიერის დასრულების შემდეგ სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს და სსრკ ტანმოვარჯიშეთა ნაკრებს, 1991-2005 წლებში საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ, 2005 წლიდან კი საპატიო პრეზიდენტი. იყო სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, თბილისის საპატიო მოქალაქე, დაჯილდოებული გახლდათ ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის და ღირსების ორდენებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი